მადონა მხარს დემოკრატიულ პარტიას უჭერს. 31 ოქტომბერს პოპის დედოფალმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტოები პარიზიდან, სადაც სამოგზაუროდ იმყოფებოდა. „პარიზი ძალიან სახალისო იყო! ძნელი იყო წამოსვლა, მაგრამ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი, რადგანაც ხმის მიცემის დროა. კამალა ჰარისი პრეზიდენტად!” – წერს არტისტი პოსტის აღწერაში.
მადონამ ჰარისს პირველად მხარი 2020 წელს დაუჭირა, როდესაც ის ვიცე-პრეზიდენტობის პოზიციისათვის ჯო ბაიდენთან ერთად იბრძოდა. „კამალა გონიერი, ემპათიური და კარგად მოლაპარაკე ლიდერია, რომელიც სამართლიანობასა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობას იცავს,” – წერდა მადონა 2020 წელს.
ახლახან გაკეთებული საჯარო განცხადებით კი მადონა ჰარისის მხარდამჭერი სხვა მუსიკოსების რიგებს შეუერთდა. მადონამდე რამდენიმე დღით ადრე კამალას მიმართ მხარდაჭერა Bad Bunny-მ, ჯენიფერ ლოპესმა და რიკი მარტინმა გამოხატეს. ეს მოჰყვა დონალდ ტრამპის შეხვედრაზე მომხდარ ფაქტს, როცა ტრამპის მხარდამჭერმა ერთ-ერთმა გამომსვლელმა პუერტო-რიკოს მისამართით რასისტული ხასიათის ხუმრობა თქვა. ბიონსე, ტეილორ სვიფტი, ბრიუს სპრინგსტინი, ბილი აილიში, სტივი ნიქსი, Cardi B, ჯეისონ ისბელი, ჯონ ლეჯენდი, კეტი პერი და კიდევ უამრავი არტისტი ასევე კამალა ჰარისს უცხადებენ მხარდაჭერას.
ჰარისი შეხვედრებს 5 ნოემბრის არჩევნებამდე აქტიურად გააგრძელებს. Cardi B და GloRilla მუსიკალური ნომრებით გამოვლენ დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერ ღონისძიებაზე, რომელიც ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში პარასკევს, 1 ნოემბერს ჩატარდება.
ოქტომბრის მიწურულს იმავე ვისკონსინის ქალაქ მედისონში სცენაზე გამოვიდნენ გრეისი აბრამსი, Mumford & Sons, რემი ვულფი, ჯგუფ The National-ის აარონ დესნერი და მეტ ბერნინგერი. ბიონსე და Destiny’s Child-ის წევრი კელი როულენდი კი 25 ოქტომბერს ჰიუსტონის შეხვედრას შეუერთდნენ. კამალა ჰარისის გამოსვლის შემდეგ ბიონსემ აუდიტორიას სცენიდან სიტყვითაც მიმართა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს ამ ფორმითაც დაუჭირა მხარი.