„Billboard Unfiltered“ ვიდეოსერიალია, რომელიც ჟურნალ Billboard-ის მიერ მზადდება. პროექტის ფარგლებში მუსიკის, კულტურისა და ინდუსტრიის შესახებ სხვადასხვა თემებს განიხილავენ. შოუ ხშირად ამახვილებს ყურადღებას ტრენდულ თემებზე და ინდუსტრიის მნიშვნელოვან სიებს აერთიანებს.
13 დეკემბერს „Billboard Unfiltered“ სრულიად ახალი ეპიზოდით დაბრუნდა. შოუს 25-ე ნაწილს Vibe-ის წარმომადგენლები, რეგინა ჩო და ამბერ კორინი, პირველად შეუერთდნენ „Billboard Unfiltered“-ის თანაწამყვან კარლ ლამარეს და კაილ დენისს. წამყვანებმა დასკვნით ეპიზოდში 2025 წლის მუსიკალურ პროგნოზებზეც ისაუბრეს.
Billboard-ის 2024 წლის ტოპ 10 ყველაზე პოპულარული ქალი რეპერის სია მუსიკალურ ინდუსტრიაში დიდი განხილვის საგანი გახდა.
„ნებისმიერი სია, სადაც GloRilla პირველ ადგილზე არ არის, ყოველთვის აჟიოტაჟს იწვევს, რადგან შეუძლებელია მისი წლევანდელი მიღწევების უგულებელყოფა,“ – თქვა რეგინა ჩომ. „აღსანიშნავია, რომ ივნისში Doechii საერთოდ არ ფიგურირებდა სიაში, ახლა კი მე-6 ადგილზეა. მისი ასეთი სწრაფი აღმასვლა ბოლო რამდენიმე თვეში საოცარია… წელს, ასევე, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს Latto-ს, Megan Thee Stallion-ს და Glo-ს მიღწევები.”
ამბერ კორინმა შოუში ნიკი მინაჟსა და Megan Thee Stallion-ზე ისაუბრა: „ძალიან მიხარია, რომ ნიკი მინაჟი ხუთეულშია, მაგრამ მე მას ალბათ მეორე ადგილზე დავაყენებდი. ამ სიაში Tierra Whack-ის ნახვაც მსურს.“ – თქვა მან.
„Billboard Unfiltered“-ის წამყვანი კაილ დენისი კმაყოფილია სიის შემადგენლობით: „მიხარია, რომ ჩემი გოგო JT ერთი საფეხურით მაღლა დგას. ძალიან ვამაყობ მისი წლევანდელი მიღწევებით. Latto კიდევ ერთი გამორჩეული არტისტია ჩემთვის, ჟანრისა და სქესის მიუხედავად… თუ უნდა ავარჩიო ვინმე, ვინც სიაში ვერ მოხვდა, ალბათ Little Simz-ს დავასახელებდი.“- აღნიშნა მან.
კარლ ლამარემ, რომელიც სიის შედგენას ხელმძღვანელობდა, აღნიშნა: „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ Cardi B-ს სუპერვარსკვლავის სტატუსს, მაგრამ წელს ასე არ იყო… თუმცა, მან ეს თავმდაბლობით მიიღო. ვფიქრობ, Cardi B ყველაფერს გააკეთებს, რომ 2025 წელი დასამახსოვრებელი იყოს. არ გამიკვირდება, თუ ის მე-10 ადგილიდან პირველზე გადაინაცვლებს.“
ეპიზოდში წამყვანებმა ასევე განიხილეს ჯეი-ზი, რომელიც 2000 წლის MTV Video Music Awards-ის წვეულებაზე 13 წლის გოგონას გაუპატიურებაში დიდისთან ერთად 8 დეკემბერს დაადანაშაულეს. ჯეინ დოუმ სარჩელში, რომელიც ტეხასელი ადვოკატის, ტონი ბუზბის მიერ იყო შეტანილი, ორი მამაკაცი სექსუალურ ძალადობაში ამხილა. ჯეი-ზი კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას და სარჩელს „გამოძალვის მცდელობას“ უწოდებს.
„გაკვირვებული არ დავრჩენილვარ, რადგან ვგრძნობდი, რომ ჯეი-ზი შემდეგი იქნებოდა,“ – აღნიშნა ამბერ კორინმა. ჯეი-ზი კაილ დენისის ერთ-ერთი ფავორიტი არტისტია. მან განაცხადა, რომ ეს სარჩელი მისთვის შოკისმომგვრელი იყო. „ძალიან მძიმე იყო ამის დაჯერება. დაველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები,“ – თქვა მან.
ნახეთ „Billboard Unfiltered“-ის ეპიზოდი: