აშშ-ში ტიკტოკის პოტენციურ აკრძალვამდე რამდენიმე დღით ადრე ვეტერანმა მუსიკოსმა ბობ დილანმა აპლიკაციაში საკუთარი ანგარიში შექმნა.
83 წლის დილანის დებიუტი ტიკტოკზე 14 იანვარს შედგა. მუსიკოსმა პოსტი გააზიარა, რომელიც გამომწერებს მოუწოდებს, „ახლა უკვე ტიკტოკზე აღმოაჩინონ ბობ დილანის სამყარო”. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც სიმღერების Like a Rolling Stone, Knockin’ on Heaven’s Door და Hurricane ფონზე გაერთიანებულია კადრები დილანის ხანგრძლივი კარიერიდან.
@bobdylan Explore the world of Bob Dylan, now on TikTok. #bobdylan ♬ original sound – Bob Dylan
ფანების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ტიკტოკზე ლეგენდარული მუსიკოსის საკმაოდ დაგვიანებულმა გამოჩენამ – რამდენიმე დღით ადრე აპლიკაციის პოტენციურ აკრძალვამდე.
„30 წუთი გაქვთ, მეფეო,” – დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. „ბობ დილან, დაიცავი ტიკტოკი”; „ტიკტოკი ზეცის კარს უკაკუნებს,” – წერენ გულშემატკივრები.
შეგახსენებთ, რომ ტიკტოკი აშშ-ში გარდაუვალი აკრძალვის წინაშე დგას, რადგან ამერიკის მთავრობა შეწუხებულია აპლიკაციის ჩინური მფლობელობით. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ტიკტოკის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance იძულებულია, გაყიდოს აპლიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში 19 იანვრიდან ის აშშ-ში აიკრძალება.
უცნობია, არის თუ არა დილანის ტიკტოკ დებიუტი მისი ბიოგრაფიული ფილმის პოპულარიზაციის ნაწილი, თუმცა ბოლო დროს მუსიკოსი აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას. ნოემბერში დილანმა ტვიტერზე პოსტი გააზიარა და საფრანგეთში Nick Cave and the Bad Seeds-ის გამოსვლა შეაქო, რასაც თავად ნიკ კეივმა მადლიერებით უპასუხა.
„აღტაცებული ვარ იმაზე ფიქრით, რომ დარბაზში ბობ დილანი იყო,” – დაწერა კეივმა. „და რადგანაც ვეჭვობ, რომ მისი პირადად ნახვის საშუალება მომეცემა, მადლობას აქ გადავუხდი. მადლობა, ბობ!”