27 იანვარს ლედი გაგამ ოფიციალურად დააანონსა თავისი მე-7 სტუდიური ალბომი, რომელსაც მსმენელები მოუთმენლად ელიან. იქამდე ფანებმა ნიუ-იორკში ბილბორდებზე შავ-თეთრი ფოტო შენიშნეს, სადაც ვარსკვლავის ახალი ალბომის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი წითლად იყო აღნიშნული. ამის შემდეგ გაგამ სოციალურ ქსელში კინემატოგრაფიული ვიდეო გააზიარა, რომელშიც ფოტოები და ტექსტები ფრაგმენტულად ჩნდება მძინე მუსიკის ფონზე. შემდეგ კი მაყურებელი ხედავს წარწერას საიდანაც იგებს, რომ „MAYHEM 7 მარტს გამოდის.“
პოსტში გაგამ ასევე დაადასტურა, რომ პროექტი 14 სიმღერას მოიცავს. ახალი სინგლი და მუსიკალური ვიდეო 2 თებერვალს, 2025 წლის გრემის ცერემონიის მიმდინარეობისას, სარეკლამო ჭრის დროს გამოვა. „ალბომი არის ჩემი შიშის დაძლევა, რომ დავბრუნებულიყავი იმ პოპ მუსიკასთან, რომელიც ჩემს პირველ გულშემატკივრებს უყვარდათ,“ – აღნიშნა გაგამ და სიმღერების შექმნის პროცესს „დამსხვრეული სარკის ხელახლა აწყობა“ უწოდა. „მიუხედავად იმისა, რომ ნაწილებს სრულყოფილად ვერ აღადგენ, შეგიძლია შექმნა რაღაც ლამაზი და სრულიად ახალი.“
ფანებმა ერთი კვირით ადრე იცოდნენ, რომ გაგა პოსტის გამოსაქვეყნებლად ემზადებოდა – ვარსკვლავმა შვიდი დღით ადრე საიტზე იდუმალი უკუთვლის აღმნიშვნელი ვიზუალი განათავსა. ახალი პროექტი თითქმის ხუთი წლის შემდეგ გამოდის, მას შემდეგ, რაც გაგამ 2020 წელს ალბომი Chromatica გამოუშვა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.
MAYHEM-ს წინ უსწრებს სინგლს Disease, რომელიც ოქტომბერში გამოვიდა და Billboard Hot 100-ის ჩარტის მე-27 ადგილზე ავიდა. ვარსკვლავმა ასევე გამოუშვა Billboard Global 200-ის ლიდერი Die With a Smile, რომელსაც ბრუნო მარსთან ერთად ასრულებს. ალბომს წინ უსწრებს Joker: Folie à Deux-ს თანმხლები სპეციალური ალბომი, სახელწოდებით Harlequin. ეს პროექტი Billboard 200-ის ჩარტში მე-20 ადგილს იკავებდა.
თავდაპირველად გაგამ Vigue-ის ინტერვიუში აღნიშნა, რომ ალბომი თებერვალში უნდა გამოსულიყო. იმ დროს მან ასევე დაადასტურა, რომ MAYHEM სრულად პოპ ალბომია. ვარსკვლავმა ასევე აღნიშნა, რომ პოპ ალბომის ჩაწერისაკენ თავისი საქმრო მოუწოდებდა. „მაიკლი იყო ადამიანი, ვინც მითხრა, რომ ახალი პოპ ალბომი შემექმნა,“ – უთხრა გაგამ გამოცემას.
ვარსკვლავმა ალბომის ჟღერადობაზე უფრო დეტალურად ისაუბრა დეკემბერში The Los Angeles Times-თან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ პროექტი ჟანრობრივი ელემენტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ნახეთ ლედი გაგას პოსტი, რომლითაც მან ახალი ალბომის გამოცემა ოფიციალურად დააანონსა: