2024 წელი ბენსონ ბუნისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა – ახალბედა არტისტმა პლანეტის ყველაზე დიდი ჰიტი შექმნა. სიმღერა Beautiful Things გასული წლის IFPI Global Single Award-ის გამარჯვებული გახდა, როგორც ყველაზე წარმატებული სინგლი ყველა ციფრულ პლატფორმაზე. ამასთანავე, ბუნის სავიზიტო ჰიტი ყველა ჩარტის ლიდერ პოზიციებს იკავებს.
2024 წლის იანვარში გამოცემული სინგლი IFPI Global Single ჩარტის ლიდერი გახდა. სიმღერამ ასევე მოიპოვა ჯილდოები Billboard Music Awards-ზე, MTV Video Music Awards-სა და MTV Europe Music Awards-ზე. 21 წლის მუსიკოსი წარდგენილი იყო საუკეთესო ახალი არტისტის კატეგორიაში 2025 წლის გრემიზე, სადაც მან Beautiful Things სცენაზე შეასრულა. დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ჩარტებში სინგლი პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო Billboard Hot 100-ში – მეორე ადგილზე. IFPI-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, წლის განმავლობაში სიმღერას 2.11 მილიარდი გლობალური სტრიმი ჰქონდა.
„მოხარულები ვართ, რომ IFPI Global Single Award-ს ბენსონ ბუნს გადავცემთ. ამომავალი ვარსკვლავისთვის გასაოცარი მიღწევაა, გამოსცეს ნამდვილი მსოფლიო ჰიტი. ვულოცავთ ბენსონს, მის გუნდსა და Warner Records-ს ასეთი საოცარ მიღწევას,” – განაცხადა IFPI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ბუნის ცხოვრებაში მუსიკა მაშინ გაჩნდა, როცა მეგობარმა Battle of the Bands-ის კონკურსისთვის თავის ბენდში გაერთიანება სთხოვა. შემდეგ ის American Idol-ის კასტინგზე მივიდა, სადაც ჟიურისგან ფეხზე მდგომი ოვაციები მიიღო. საბოლოოდ მან პროექტი საკუთარი სურვილით დატოვა და სხვა გზას დაადგა – Imagine Dragons-ის სოლისტის, დენ რეინოლდსის ლეიბლს, Night Street Records/Warner Records-ს შეუერთდა. დღეს კი ბუნი მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის სათავეშია.
ჩარტში Beautiful Things-ს მოსდევს საბრინა კარპენტერის Espresso და ტედი სვიმსის Lose Control. ჰოზიერის Too Sweet რეიტინგის მეექვსე ადგილს იკავებს, ხოლო ტეილორ სვიფტი, რომელიც IFPI-ს წლის არტისტი გახდა, მეცხრე პოზიციაზეა სიმღერით Cruel Summer.