ამერიკის ხმის ჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) ინფორმაციით, ამერიკელი პოპვარსკვლავის The Weeknd ჰიტებმა Blinding Lights და Starboy ბრილიანტის სტატუსი დაიმსახურეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული კომპოზიციის გაყიდვებმა 10 მილიონს გადააჭარბა.
Blinding Lights, რომელიც მომღერალმა 2019 წელს გამოშვა, ალბომში After Hours არის წარმოდგენილი. ის ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ პოზიციას ოთხი კვირის განმავლობაში იკავებდა, ჯამში კი ჩარტში რეკორდული დრო, 90 კვირა დაჰყო.
Starboy კი, რომელიც ფრანგულ ელექტრონულ დუეტ Daft Punk-თან თანამშრომლობით ჩაიწერა, უიქენდის 2016 წლის ამავე სახელწოდების ალბომში შედის. ისევე, როგორც Blinding Lights-ს, მასაც ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი ადგილი ერგო.
შედეგად მუსიკოსი იმ არტისტების მცირე ჩამონათვალს შეუერთდა, რომელთაც ბრილიანტის სტატუსის მქონე სამი სინგლი აქვთ. თავდაპირველად ეს სტატუსი მისმა 2020 წლის ტრეკმა The Hills მიიღო. მსგავს წარმატებას წარსულში ჯასტინ ბიბერმა, კეტი პერიმ, ედ შირანმა, ბენდმა Imagine Dragons და სხვებმა მიაღწიეს.
კანადელმა მუსიკოსმა, აბელ ტესფაიემ, სასცენო სახელით The Weeknd, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოუშვა.
2013 წელს უიქენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land გაავრცელა. ორი წლის შემდეგ გამოცემული Beauty Behind the Madness კი მისი პირველი ჩანაწერი გახდა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. წარმატებული აღმოჩნდა მუსიკოსის ალბომები Starboy და After Hours, რომლებმაც ჩარტებში ლიდერი პოზიციის გარდა, კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურეს. დღეისთვის ბოლო, მეხუთე ნამუშევარი Dawn FM უიქენდმა 2020 წლის იანვარში გამოუშვა. ოთხი გრემის მფლობელი მუსიკოსის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია.