ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის შვილმა, ჯულიანმა უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტზე Stand Up For Ukraine მამის საკულტო ჰიტი Imagine საჯაროდ პირველად შეასრულა.
“ომი უკრაინაში წარმოუდგენელი ტრაგედიაა. როგორც ადამიანმა და არტისტმა თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩემი რეაქცია გამომეხატა ყველაზე მნიშვნელოვანი გზით, რაც კი შემეძლო. შესაბამისად დღეს, პირველად ცხოვრებაში, მამაჩემის სიმღერა Imagine საჯაროდ შევასრულე. ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მხოლოდ მაშინ ვიმღერებდი, თუ “სამყაროს დასასრული დადგებოდა”. კომპოზიცია გვირაბის ბოლოს იმ სინათლეს გვაჩვენებს, რომელსაც ყველა შევნატრით. მილიონობით უდანაშაულო უკრაინული ოჯახი იძულებული გახდა, საკუთარი კომფორტული სახლი დაეტოვებინა და თავშესაფრის ძებნა დაეწყო. მივმართავ მსოფლიო ლიდერებს და ყველას, ვისაც ესმის Imagine-ის მნიშვნელობა, დაეხმარონ ლტოლვილებს”, – დაწერა 59 წლის ჯულიანმა გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე.
Imagine ჯონ ლენონმა 1971 წელს გაავრცელა. ის ამავე სახელწოდების ალბომშია წარმოდგენილი. სიმღერა ბილბორდის ცხელ ასეულში მესამე პოზიციაზე გავიდა.
ჯულიან ლენონი ინგლისელი მუსიკოსი და ფოტოგრაფია. ის ჯონს პირველ ცოლთან, სინტიასთან ქორწინებიდან ჰყავს. არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1984 წელს დაიწყო, როდესაც ალბომი Valotte გამოუშვა ცნობილი სინგლით Too Late for Goodbyes. მას შემდეგ ჯულიანმა კიდევ 5 სტუდიური ჩანაწერი გამოსცა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მას მიეძღვნა The Beatles-ის ისეთი კომპოზიციები, როგორიცაა: Lucy in the Sky with Diamonds, Hey Jude და Good Night.