ცნობილი ამერიკელი მომღერლის, ბრუნო მარსის უკვე მესამე ვიდეორგოლმა, 2019 წლის ნამუშევარმა That’s What I Like იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. წარსულში მსგავს წარმატებას მისმა კლიპებმა The Lazy Song და Uptown Funk მიაღწიეს.
ჩანაწერის That’s What I Like ვიდეოში, რომელიც უწყვეტი კადრითაა გადაღებული, მუსიკოსი გაუჩერებლად ცეკვავს, ფონზე კი განათებები იცვლება. აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია მარსის მერვე ტრეკია, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა. ამასთან, ნამუშევარმა 2018 წლის გრემიზე წლის საუკეთესო სიმღერის, საუკეთესო არენბი კომპოზიციისა და საუკეთესო არენბი შესრულების ნომინაციებში გაიმარჯვა.
ჰავაის ქალაქ ჰონოლულუში დაბადებული პიტერ ჰერნანდესი მუსიკალური კარიერის ასაწყობად 2003 წელს ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. სადებიუტო ალბომი Doo-Wops & Hooligans, რომელშიც წარმატებული სინგლები: Just the Way You Are, Grenade და The Lazy Song არის თავმოყრილი, მან 2010 წელს გამოუშვა. მორიგმა სტუდიურმა ჩანაწერმა Unorthodox Jukebox კი შემსრულებელს Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი მოუტანა. არტისტის მესამე ალბომმა 24K Magic გრემის დაჯილდოებაზე შვიდ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის ძირითად კატეგორიებში. მომღერალს ჯამში 15 გრემი აქვს მოპოვებული. მარსს მსოფლიოში 130 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.