ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი Future რიგით მეცხრე ალბომის I NEVER LIKED YOU ტრეკლისტს აქვეყნებს. როგორც ცნობილი გახდა, მასში დრეიქი, ქანიე ვესთი და სხვები მოწვეული არტისტების რანგში მონაწილეობენ. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 29 აპრილს ჩაეშვება.
• ნახეთ: რეპერი Future ახალი ალბომის გარეკანს აქვეყნებს
ქანიე ვესთი კომპოზიციაში Keep It Burnin, დრეიქი კი ორ ტრეკში: Wait for You და I’m on One შეგვხვდება. ასევე მოვისმენთ ჩანაწერებს განას, იანგ თაგის, კოდაკ ბლექისა და ისთ გის მონაწილეობით. ალბომში ჯამში 16 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში მუსიკოსმა განაცხადა, რომ I NEVER LIKED YOU მისი ყველაზე პირდაპირი ალბომი იქნება.
ალბომზე მუშაობის პერიოდში რეპერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სარეკლამო სააგენტოს High Off Life მტკიცებით, მუსიკოსმა მათი სავაჭრო ნიშანი უკანონოდ გამოიყენა, როდესაც წინა სტუდიურ ნამუშევარს High Off Life უწოდა.
ამასთან, ცნობილია, რომ Future რამდენიმე თვეში ქანიე ვესთთან და ქენდრიქ ლამართან ერთად ფესტივალის Rolling Loud Miami ჰედლაინერი იქნება.
ატლანტელმა ნეივადიუს უილბერნმა, ფსევდონიმით Future, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის თრეფ მუსიკაში ვოკალური ეფექტებისა და მელოდიების გამოყენების პიონერად მიიჩნევა. გრემის მფლობელ შემსრულებელს დღემდე რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, მათ შორის ექვსი Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა. მას აგრეთვე არაერთი წარმატებული კოლაბორაციული ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია.