თეთრი სახლის ახალ განცხადებაში ბრიუს სპრინგსტინი „ხელმოცარულ” ადამიანად არის მოხსენიებული. განცხადების ხისტი და ირონიული ტონი ოფიციალური უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს არ ჰგავს.
გასულ თვეს ბრუს სპრინგსტინმა ტრამპის ადმინისტრაცია ანტი-ICE სიმღერით – Streets of Minneapolis-ით გააკრიტიკა. მისი თქმით, სიმღერა „მინეაპოლისში დატრიალებული სახელმწიფო ტერორით” იყო შთაგონებული.
უფრო კონკრეტულად კი სიმღერა აშშ-ის მოქალაქეების, რენე გუდისა და ალექს პრეტის მკვლელობას ეხმიანება. ისინი მინეაპოლისში საემიგრაციო ძალებმა ოპერაცია „Metro Surge“-ის დროს ჩაცხრილეს, რომლის ფარგლებშიც ქალაქში ათასობით სასაზღვრო პატრულისა და ICE-ის თანამშრომელი ოპერირებს.
თეთრმა სახლმა სპრინგსტინი მაშინაც გააკრიტიკა და მუსიკოსს „არარელევანტური“ უწოდა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიუს სპრინგსტინი და E Street Band ამერიკულ ტურნეს Land of Hope and Dreams იწყებენ, თეთრი სახლი ამ ფაქტს კვლავ გამოეხმაურა და ამჯერად განცხადებაში დამატებითი ეფექტისთვის სპრინგსტინის რამდენიმე სიმღერის სათაურიც ახსენა.
„როდესაც ხელმოცარული სპრინგსტინი თავის თავში არსებულ City of Ruins-ში (ნანგრევების ქალაქში) დაბრუნდება, მიხვდება, რომ მისი Glory Days (დიდების დღეები) წარსულს ჩაბარდება, გულშემატკივრებმა ის Out in the Street (ქუჩაში) დატოვეს და Tenth Avenue Freeze-Out-ში (მეათე ავენიუს იზოლაციაში) მოაქციეს. მას „ტრამპის სინდრომის” მძიმე ფორმა სჭირს, რამაც ტვინის ატროფია გამოიწვია,“ – ნათქვამია თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის, სტივენ ჩუნგის განცხადებაში, რომელიც Politico-მ გამოაქვეყნა.
მიუხედავად ამ განცხადებისა, სპრინგსტინზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ „ხელმოცარულია“.
40-წლიანი კარიერის განმავლობაში მუსიკოსს 20 გრემი, ასევე ოსკარი და ტონი აქვს მიღებული, ის არის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი, კენედის ცენტრის პრემიის ლაურეატი, 2016 წელს კი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დაჯილდოვდა.
მისი ალბომების გაყიდვები 150 მილიონს აჭარბებს
129 კონცერტის შემდეგ, სპრინგსტინისა და E Street Band-ის 2023-25 წლების ტურნემ 729.7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და 4.9 მილიონი ბილეთი გაყიდა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
ბრუს სპრინგსტინი, სიმღერით Streets of Minneapolis, კვლავ პირველ ადგილზე აღმოჩნდა Billboard-ის ციფრული გაყიდვების ჩარტში, რომლის დებიუტიც 7 თებერვალს შედგა. სინგლი კვირის ყველაზე გაყიდვადი სიმღერა გახდა აშშ-ში, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი დღის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.
„ჩვენ ვცხოვრობთ ბნელ, შემაშფოთებელ და სახიფათო დროში, მაგრამ ნუ იქნებით სასოწარკვეთილნი, უიმედობა მხსნელ ძალას ბადებს!“ – განაცხადა სპრინგსტინმა კვირის დასაწყისში ტურნეს დაანონსებისას.
შემდეგ კი დასძინა: „ჩვენ მოვალთ თქვენს ქალაქებში – ამერიკული დემოკრატიის, თავისუფლების, კონსტიტუციისა და ჩვენი წმინდა ამერიკული ოცნების დასაცავად. დღეს ყოველივე ეს თვითგამოცხადებული პრეზიდენტის და მისი დანაშაულებრივი მთავრობის მიერაა მიტაცებული. ყველას, მიუხედავად იმისა, სად დგახართ ან რისი გჯერათ, გელით, შემოგვიერთდით E Street Nation-ზე, როკისა და ამბოხის ამერიკულ გაზაფხულზე! იქ შევხვდებით!“
როკლეგენდა თავის 20-დღიან ტურნეს 31 მარტს მინეაპოლისის Target Center-ში დაიწყებს, ხოლო დასკვნით კონცერტს 27 მაისს ვაშინგტონში, Nationals Park-ში გამართავს.