პოლ მაკარტნი იხსენებს დროს, როცა ფელა კუტის მარიხუანის მოწევაზე უარი ვერ უთხრა

მუსიკის ლეგენდა ასევე განმარტავს, თუ როგორ მოახერხა სიტუაციის განმუხტვა მას შემდეგ, რაც აფრობიტსის პიონერმა ის აფრიკული მუსიკის მისაკუთრებაში დაადანაშაულა.

პოლ მაკარტნისა და ფელა კუტის შორის მეგობრობა ადრეულ 1970-იან წლებში დაიწყო და გარკვეულწილად ეს მარიხუანას მოწევასაც უკავშირდება. თუმცა მანამდე მათ უკვე მოგვარებული ჰქონდათ გაუგებრობა, რომელიც პოლ მაკარტნის ბენდის, Wings-ის ნიგერიაში ვიზიტის დროს მუსიკოსებს შორის წარმოიშვა.

Audible-ის Words + Music-ის ახლადდაანონსებული Man on the Run ეპიზოდიდან გამოქვეყნებულ ვიდეოში The Beatles-ის წევრი იხსენებს, თუ როგორ განმუხტა დაძაბული სიტუაცია აფრობიტსის ინოვატორთან. მისი თქმით, კუტის ჰქონდა ინფორმაცია, რომ 1973 წლის ალბომზე Band on the Run მუშაობისას მაკარტნი და მისი ჯგუფის წევრები აფრიკული მუსიკის მისაკუთრებას ცდილობდნენ.

„პირველი, რაც ვნახე, იყო გაზეთის სათაური: ფელა კუტი პოლ მაკარტნის შავკანიანთა მუსიკის მოპარვაში ადანაშაულებს,” – ეუბნება მუსიკოსი ინტერვიუერ მორგან ნევილს. „მე კი ავიღე ტელეფონი, დავურეკე და ვუთხარი, რომ ამას სრულებითაც არ ვაკეთებდი. ‘მოდი სტუდიაში და დაგიმტკიცებ’, – ვუთხარი მას.”

მაკარტნი იხსენებს, თუ როგორ მივიდა კუტი – რომელიც 1997 წელს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა – Wings-ის სტუდიაში თავისი დიდი გარემოცვითა და მრავალი ცოლით. 

„დავიწყე იმ მუსიკის დაკვრა, რომელზეც იმ დროს ვმუშაობდით და მას არაფერი ჰქონდა საერთო იმასთან, რასაც ის ამბობდა. მისი დარწმუნება მოვახერხე და ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები გავხდით.”

მეგობრობის დაწყებას მალევე მოჰყვა ორი მუსიკალური ლეგენდის დასამახსოვრებელი შეხვედრა: „საერთოდ არ ვაპირებდი მარიხუანის მოწევას, ამ დროს კი მან ჯინჯერ ბეიკერს (Cream-ისა Blind Faith-ის დრამერი) მიაწოდა და თან გამოაცხადა: ‘ჯინჯერ ბეიკერი – ერთადერთი კაცი, ვისაც ვიცნობ, რომელიც არასდროს ამბობს უარს მოწევაზე.’ მაშინ ვიფიქრე: ‘ესე იგი, მე ის ადამიანი ვარ, რომელიც უარს ამბობს მოწევაზე’ და ვთქვი: ‘კარგი, იყოს’ და ეს გავაკეთე. სრულიად გავაფრინე, პრაქტიკულად გავითიშე, ნერვიული და პარანოიდული გავხდი,” – იხსენებს მუსიკოსი. ერთადერთი, რამაც, მისი თქმით, მაკარტნის დამშვიდება შეძლო, ეს კუტისა და მისი ბენდის მუსიკა იყო, რომელმაც იმ ღამეს ლეგენდარული მუსიკოსი ცრემლებამდეც კი მიიყვანა.

სამსაათიანი ინტერვიუ, რომელიც მაკარტნის ცხოვრებასა და კარიერას ეხება, Audible-ზეა ხელმისაწვდომი. ეპიზოდი ერთგვარი გაგრძელებაა Prime Video-ს დოკუმენტური ფილმის Man on the Run, რომლის პრემიერაც თებერვალში შედგა.

„წარსულზე ფიქრში ბევრ დროს არ ვხარჯავ, მაგრამ გამიხარდა, როცა მორგანმა მითხრა, რომ ამ პერიოდით იყო დაინტერესებული,” – თქვა მაკარტნიმ განცხადებაში Band on the Run-ის პერიოდზე. „Wings-ის საწყისი ეტაპი საკმაოდ რთული იყო და წარუმატებელიც, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელით ისეთი სიმღერების შექმნა, რომლებიც ჰიტებად იქცა.”

„მორგანმა ისეთ რაღაცებზე დამაფიქრა, რომლებზეც დიდი ხანია არ მიფიქრია. ის ძალიან სწორ კითხვებს სვამდა და ბედნიერი ვიყავი დროში დაბრუნებით.”

Words + Music-ის გასული ეპიზოდების სტუმრები იყვნენ: ჯორჯ კლინტონი, ჯონ ლეჯენდი, ჯეიმს ტეილორი, პატი სმითი, Snoop Dogg, ალანის მორისეტი, აშერი, სტინგი, მერაია კერი და სხვები.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Iron Maiden-ის დოკუმენტური ფილმის – Burning Ambition-ის ტრეილერი გამოვიდა

შემდეგი სტატია

Rosalía-ს კონცერტის ვიზუალურ პერფორმანსში ქართველი მსახიობი სალომე თოფურია გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მუსიკალური ვიდეო K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
მეტი

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი