2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე ტეილორ სვიფტმა წლის არტისტის წოდება მოიპოვა. ცერემონიაზე მომღერალს ხუთი ჯილდო ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფიგურულ ციგურაობაში ალისა ლიუმ გადასცა. მათ შორის იყო ცერემონიის მთავარი პრიზი, რომლის გადაცემის მომენტიც სვიფტსა და ლიუს შორის ურთიერთპატივისცემით იყო სავსე.
„პირველ რიგში, ამ ჯილდოს ალისასგან მიღება…” – დაიწყო სვიფტმა თავისი სიტყვა. „შენ იმხელა ბედნიერება მომიტანე მე და ყველა დანარჩნს შენი შესრულებით.”
ამის შემდეგ სვიფტმა ისაუბრა საკუთარი შემოქმედებისადმი ერთგულებაზე და იმაზე, თუ რამდენად უყვარს ის, რასაც აკეთებს.
„მიყვარს არტისტად ყოფნა. სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს სიმღერების წერა. როცა ყველაფერი დავიწყე, არც მიფიქრია, რომ არტისტი ვიყავი. ეს უბრალოდ ჰობი იყო. შემდეგ კი ეს ჩემი საყვარელი ჰობი გახდა.”
მომღერალმა ისაუბრა იმაზეც, თუ რას ნიშნავს, იყო ბავშვი, რომელიც სიამოვნებას მუსიკის შექმნისგან იღებს. მან გაიხსენა, რომ სკოლის შემდეგ პირდაპირ სახლში მიიჩქაროდა, რათა გიტარაზე დაეკრა და სიმღერები დაეწერა.
„12 წლის ვიყავი და მქონდა იმის ფუფუნება, რომ ათასობით საათი გამეტარებინა მუშაობაში, მევარჯიშა, დამეშვა შეცდომები და ეს ყველაფერი სრულიად შეუმჩნევლად გამეკეთებინა.”
ამის შემდეგ სვიფტმა ყურადღება გაამახვილა იმ მუსიკოსებზე, რომლებიც დარბაზში ისხდნენ და მათ ამბიციური, ჭკვიანი და გასაოცარი ადამიანები უწოდა, რომელთაც ოცნებები აქვთ. მან ასევე ისაუბრა, თუ როგორია შექმნის პროცესი დღევანდელ ეპოქაში, როცა უკუკავშირი ერთდროულად სწრაფი და მუდმივია. შემდეგ კი აუდიტორიაში მყოფ არტისტებს მიმართა და რჩევაც გაუზიარა.
„ერთი სურვილი რომ მქონდეს თქვენთვის, ვისურვებდი, რომ იზრუნოთ თქვენს ჰობისა და თქვენს გატაცებაზე და საკუთარ თავს მისცეთ დრო. მიეცით თავს დრო, რომ დაუშვათ შეცდომები. მიეცით თავს დრო, რომ დახვეწოთ თქვენი შემოქმედება.
მტკიცედ მწამს, რომ რითაც თქვენს გონებას გამოკვებავთ, ის მას შინაგანად გაითავისებს, ხოლო რითაც ინტერნეტს გამოკვებავთ, ის მის განადგურებას შეეცდება. მე კი თქვენი ოცნებებისთვის ამგვარ სცენარს არ ვისურვებდი.”
ცერემონიაზე პოპვარსკვლავმა ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო პოპ ალბომი (The Life of a Showgirl). ჯამში შვიდი გამარჯვებით სვიფტის iHeartRadio Music Awards-ის ჯილდოების რაოდენობამ 41 შეადგინა.