HUNTR/X-ის წევრებმა:  Ejae-მ, Rei Ami-მ და Audrey Nuna-მ  2026 წლის Billboard Women In Music-ზე „წლის ქალის“ ჯილდო მიიღეს

„მუსიკა არ არჩევს სქესს ან რასას, ის მხოლოდ სიმართლეს ითხოვს.“
AUDREY NUNA, EJAE და REI AMI - HUNTR/X Billboard
AUDREY NUNA, EJAE და REI AMI – HUNTR/X
Billboard

Ejae, Rei Ami და Audrey Nuna Billboard-ის „წლის ქალის“ ჯილდოს მფლობელები გახდნენ. მათ 2026 წლის Women in Music-ის ღონისძიებაზე მთავარი პრიზი მოიპოვეს და მაყურებლის წინაშე ემოციური სიტყვით წარდგნენ.

HUNTR/X  გამოგონილი Kpop ჯგუფია, რომლის წევრები Netflix-ის 2025 წლის ანიმაციური მუსიკალური ფილმის, KPop Demon Hunters-ის მთავარი გმირები არიან. პერსონაჟებს რეალური მომღერლები და სიმღერის ავტორები ახმოვანებენ. 

მას შემდეგ, რაც KPop Demon Hunters ეკრანებსა და სტრიმინგ პლატფორმებზე გამოჩნდა, ტრიომ რეკორდები დაამყარა და მრავალი ჯილდო დააგროვა. მუსიკალურ ინდუსტრიაში HUNTR/X-მა ახალი ისტორია დაწერა, როდესაც სიმღერამ Golden, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში  „ოსკარი“ მოიპოვა. ეს პირველი შემთხვევა გახდა, როდესაც K-pop სიმღერამ ოსკარი მოიგო.

კომპოზიციამ ასევე გაიმარჯვა  „გრემის“ დაჯილდოებაზეც, საუკეთესო პოპ დუეტის/ჯგუფის შესრულებისთვის და K-pop ისტორიაში პირველი „ოქროს გრამოფონიც“ მიიღო.

29 აპრილს Billboard Women in Music-ზე არტისტებმა კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი გადადგეს – ღონისძიება Hollywood Palladium-ში გაიმართა.

გზა მწვერვალამდე მარტივი არ ყოფილა. ეს იყო საკუთარი თავის რწმენის, სირთულეების დაძლევის, გადაფასებისა და დაუღალავი შრომის გზა. 

„მუსიკალურ ინდუსტრიაში მუშაობა არ არის მარტივი. როგორც აზიელი ქალი, წარმომადგენლობის ნაკლებობას ყოველთვის მკაფიოდ ვგრძნობდი, აშშ-ში გაზრდილს, დასავლურ სცენებზე იშვიათად მინახავს ჩემი მსგავსი გარეგნობის არტისტები. ამიტომ გადავწყვიტე, K-pop ვარსკვლავი გავმხდარიყავი. როდესაც ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა. თუმცა, როდესაც სიმღერების წერა დავიწყე, მივხვდი, რომ თავად მუსიკას ჩემთვის კითხვები არასდროს დაუსვამს.  რადგან მუსიკა რასას და სქესს არ არჩევს, ის მხოლოდ სიმართლეს ითხოვს.”- თქვა სიტყვით გამოსვლისას Ejae-მ.

ჯილდოს გადასაცემად სცენაზე გრემის მფლობელი ბრიტანელი R&B შემსრულებელი Ella Mai ავიდა, თუმცა მანამდე Ejae-მ, Rei Ami-მ და Audrey Nuna-მ თავიანთი ჰიტი Golden შეასრულეს, სიმღერა, რომელიც Billboard Hot 100-ში რვა კვირის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა. 

ნახეთ არტისტების სიტყვით გამოსვლის ნაწყვეტი Billboard Women in Music-ის დაჯილდოებიდან:

Ejae: „ღმერთო ჩემო, დიდი მადლობა. მადლობა Billboard-ს ამ საოცარი პატივისთვის. ამ დარბაზში ყოფნა, ამდენ საოცარ ქალთან ერთად, რომლებიც მუსიკალური ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში მუშაობენ, უკვე უდიდესი პატივია. მუსიკალურ ინდუსტრიაში მუშაობა მარტივი არ არის… მუსიკა არ არჩევს რასას ან სქესს, ის მხოლოდ სიმართლეს ითხოვს. და როდესაც მასში ჩემი სრული სიმართლე, ჩემი ხმა, ჩემი მთლიანობა და ქალურობა ჩავდე, ყველაფერმა იცვალა ფერი. გავაცნობიერე, რომ ჩვენ, ქალები, არასდროს ვნებდებით. ჩვენი ძალა სიმართლის თქმაში, გაბედაობაში და გამძლეობაშია. 

ამიტომ, მინდა ყველა ქალს ვუთხრა, რომელიც თავს შეუმჩნევლად გრძნობს: თქვენი ხმა დასაფასებელია. თქვენი ისტორია არის ის, რაც არ  უნდა დამალოთ, არ უნდა შეასუსტოთ, პირიქით, უნდა გააძლიეროთ. თქვენი იდენტობა არა ბარიერი, არამედ თქვენი ძალაა. როდესაც ყოველგვარი მობოდიშების გარეშე, ჩვენს კუთვნილ ადგილს ვიკავებთ და ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, არათუ უბრალოდ მუსიკას ვწერთ, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მისი ჟღერადობა.

მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო იმ საოცარ ქალებს, რომლებიც KPop Demon Hunters-ის უკან დგანან: რეჟისორ მეგი კანგსის, სპრინგ ასპერსს, მიშელ ვონგს, სანი პარკს და ბევრ სხვას.  რა თქმა უნდა, მადლობა იმ საოცარ ქალებს, ვინც ჩემს გვერდით დგანან: Audrey Nuna-ს და Rei Ami-ს. ძალიან მიყვარხართ. თქვენთან ერთად ეს გზა მართლაც ღირებულია და უპირველესად მადლობა ჩვენს დედებს, ისინი ჩვენი გმირები არიან.”

Rei Ami: „მადლობა ამ უდიდესი პატივისთვის. მადლობა ღმერთს, მადლობა დედაჩემს, ამ ორ საოცარ ქალს ჩემს გვერდით. მადლობა Billboard-ს, Republic Records-ს, ჩემს გუნდს, ოჯახს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს.

იყო ქალი, მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში, სიმართლე გითხრათ, ძალიან რთულია. ჩვენ ორჯერ მეტი შრომა გვიწევს, თანაც ღიმილით, მაშინ, როცა სამყარო ჩვენი არსებობის ყოველ დეტალს აკრიტიკებს. თავიდან გვეუბნებიან, რომ ზედმეტად გამხდრები ვართ, ან ზედმეტად ჭარბწონიანები. ხანდახან ამბობენ, რომ არაფერს წარმოვადგენთ, უბრალოდ არსებობაც კი შეუძლებელი ხდება. ღმერთმა არ ქნას, თავდაჯერებული იყო, ამისთვის პირდაპირ გაკრიტიკებენ.  მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არიან ასე შეპყრობილნი, რადგან არაფერია უფრო საშიში, ვიდრე თავდაჯერებული ქალი, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა.. ჩვენი უნარი, გავუძლოთ და გზა გავაგრძელოთ, ნამდვილი სუპერძალაა. ამიტომ მადლობა ამ დარბაზში მყოფ ყველა ქალს თქვენი სუპერძალის გამოყენებისთვის, იმისთვის რომ სხვებს შთააგონოთ, წინ გაუძღვეთ და დაიცვათ. ჩვენ არ ვართ ზედმეტები, არც ზედმეტად ხმაურიანები, ჩვენ ზუსტად ის ადამიანები ვართ, ვინც გვგონია, რომ ვართ.“ 

Audrey Nuna: „ჩვენს ჯგუფში ხშირად იმ ადამიანად მთვლიან, რომელსაც ემოციების გამოხატვა ყველაზე მეტად უჭირს, მაგრამ დღეს ძალიან ემოციური ვარ. ამიტომ დიდი მადლობა Billboard-ს, მადლობა Women in Music-ის ყველა მონაწილეს. უკვე დიდი პატივია ამ დარბაზში დგომაც კი, იმ ქალებთან ერთად, რომლებმაც ჩვენს საზოგადოებაში ლიდერობა, სინათლე, გამბედაობა, პროფესიონალიზმი და ცვლილებები შემოიტანეს.

2019 წლიდან, როცა მუსიკის გამოშვება დავიწყე, დღემდე არასდროს მიგრძნია, რომ იმ ჩარჩოებში ვჯდებოდი, რასაც კორეელ-ამერიკელი ქალებისგან ელოდნენ. გულწრფელად რომ ვთქვა, არც კი ვიცოდი, საიდან უნდა დამეწყო ამ ჩარჩოების მორგება.

ამიტომ, ამ ჯილდოს მიღება და იმ სიმღერის წარდგენა, რომელიც ისეთ ფილმში ჟღერს, სადაც ნათქვამია, რომ სამყაროს სჭირდება ქალები საკუთარი ყველაზე ნამდვილი და სრულყოფილი სახით, თავისი უცნაურობებით, არასრულყოფილებითა და ინდივიდუალობით, სიტყვებით აღუწერელ ბედნიერებას მანიჭებს.

ვფიქრობ, ყველანი ვიზრდებით იმ წარმოდგენებით, თუ როგორი უნდა იყოს ქალის როლი ამ სამყაროში. ამ ინდუსტრიაში ყოფნამ კი საკუთარი გამოცდილებით მაჩვენა, რომ ქალები დაბადებიდან ლიდერები და საუკეთესოები არიან.

ბოდიში, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი: როდესაც ქალები გულწრფელად, მთელი გულით უჭერენ ერთმანეთს მხარს, ეს ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი, ძლიერი და საზღვრების დამანგრეველი ძალაა მსოფლიოში.

და ბოლოს, მინდა ეს ჯილდო მივუძღვნა ჩემს საოცარ გუნდს, შთამაგონებელ ქალებს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ. პოლა პარკიც დღეს დაჯილდოებულთა შორისაა. მართლა, თქვენ გარეშე ამას ვერასდროს შევძლებდი. ძალიან მიყვარხართ.

მადლობა Nina Lee-ს, Ashley Chu-ს, Sarah Tehrani-ს, Carolyn Massey-ს, Mary Hannon-ს და Grace Lee-ს. ჩემი გუნდი თითქმის მთლიანად ქალებისგან შედგება და ალბათ სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ასეთ დიდ წარმატებას ვაღწევთ. მადლობა Ejae, მადლობა Rei Ami, თქვენ ჩემი შთაგონება ხართ და მართლა ყველაზე სუფთა სულების მქონე ადამიანები, ვინც კი ოდესმე შემხვედრია.

მადლობა დედაჩემს და დეიდაჩემს, რომლებიც დღეს აქ არიან. თქვენ მასწავლეთ, თუ რას ნიშნავს, იყო თანაგრძნობით სავსე და ამავდროულად ძლიერი ქალი.

მადლობა იმ ქალ მენეჯერებს, რომლებიც მუდმივად იბრძვიან თანასწორობისთვის, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან მომეწონა ზარა ლარსონის სიტყვები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო ერთადერთი ქალი ოთახში. თქვენ ამას ჩვენთვის აკეთებთ, ჩვენ ამას ვხედავთ და ვაფასებთ. ჩვენი ემპათია ძალაა, ხოლო ჩვენი ადამიანობა  ცვლილებების გზამკვლევი. დიდი მადლობა“.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის Women in Music-ის დაჯილდოების ცერემონიას კეკე პალმერი უძღვებოდა, ხოლო პირდაპირი ტრანსლაცია Billboard-ის YouTube არხსა და ოფიციალურ ვებგვერდზე (Billboard.com) მიმდინარეობდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

შემდეგი სტატია

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი
Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN

ოლივია როდრიგო ბრუკლინში ე.წ. „ღია მიკროფონთან“ მოულოდნელად გამოჩნდა და მცირე აუდიტორიის წინაშე Drop Dead შეასრულა

ეს ვილიამსბურგში მდებარე Pete’s Candy Store-ში მოხდა, რომელიც დამწყები არტისტების პოპულარიზაციითაა ცნობილი და არა პოპვარსკვლავების პერფორმანსებით.
მეტი