საბრინა კარპენტერი 2026 წლის Met Gala-ს ექსკლუზიურად მისთვის შეკერილი Dior-ის სამოსით ეწვია, რომელიც ჯონათან ანდერსონმა უჩვეულო მასალისგან – კინოფირისგან შექმნა.
„ეს ყველაფერი ფირისგანაა დამზადებული და ეს ჩემი ოცნება იყო. ჯონათან ანდერსონი ნამდვილი გენიოსია,” – თქვა კარპენტერმა Vogue-ის წითელი ხალიჩის წამყვანთან, ლა ლა ენტონისთან ინტერვიუში. კარპენტერმა აღნიშნა, რომ ანდერსონმა და Dior-ის გუნდმა იმუშავეს მის ყველა კოსტიუმზე, რომლითაც ის Coachella-ს სცენაზე გამოჩნდა, შემდეგ კი ამ კაბის შექმნას შეუდგნენ“. ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“ (Sabrina), რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მას შემდეგ, რაც საბრინა კარპენტერმა იმიჯის კონცეფციაზე ისაუბრა, ენტონიმ მას Coachella-ს ჰედლაინერობის შესახებაც ჰკითხა.
„არ ვიცი, ცოტა დავიბენი კიდეც. მერე უბრალოდ გამოვედი, მერე კი უკვე მანქანით სახლში ვბრუნდებოდი. სულ ეს იყო. ეს სამუდამოდ მემახსოვრება,” – თქვა კარპენტერმა.
საბრინა კარპენტერმა მუსიკისა და მოდის გადაკვეთაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარ იმიჯზე ექსპერიმენტების ჩატარებით დიდ სიამოვნებას იღებს.
„ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ: რაც უფრო სიგიჟეს იზამ, მით უკეთესი. რაც მეტ რისკზე მიდიხარ, მით უფრო დიდია შედეგი,” – თქვა მომღერალმა.
ინტერვიუს ბოლოს კარპენტერმა ისიც აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად გალაზე მყოფი მეგობრების ნახვას, წლევანდელ პერფორმანსებსა და კოსტიუმების გამოფენას ელოდება.
წელს საბრინა კარპენტერი Met Gala-ზე მხოლოდ სტუმარი არ იყო, ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრის სტატუსსაც ატარებდა. მასთან ერთად ამ კომიტეტში ასევე იყვნენ Doja Cat, LISA, სემ სმითი, ტეიანა ტეილორი და სხვები.