მუსიკა ყოველთვის იყო ემოციისა და გამოცდილების გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური ფორმა. თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც ის სცდება ადამიანურ საზღვრებს და ბუნებასთან იწყებს დიალოგს.
არტისტი ლევან შანშიაშვილი მუსიკას სრულიად ახალი პერსპექტივიდან წარმოგვიდგენს. მისი შემოქმედება ეფუძნება მცენარეების ბიოელექტრულ იმპულსებს, რომლებიც სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით ხმოვან სიხშირეებად გარდაიქმნებიან და ქმნიან ჟღერადობას – ერთდროულად ექსპერიმენტულს, მედიტაციურს და ღრმად კონცეპტუალურს.
მუსიკოსი ლევან შანშიაშვილი გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ შეიძლება ბუნების „უხილავი სიგნალები” მუსიკად გადაიქცეს, რას გვიყვებიან მცენარეები და რა როლს თამაშობს ადამიანი ამ პროცესში, როგორც მსმენელი, შემოქმედი და მცენარეების ენის მთარგმნელი.

„ასეთი პრეისტორიაა, გავიზარდე სულ მცენარეებში. როგორც ვიცი, დედაჩემს კაქტუსების ყველაზე დიდი კოლექცია ჰქონდა საქართველოში. შემდეგ მთელი ეს კოლექცია გაყიდა, რომ ჩემთვის გიტარა ეყიდა და კონსერვატორიაში ჩამებარებინა. ჩავაბარე და ვისწავლე კლასიკური მუსიკის განხრით. დაახლოებით 5-6 წლის წინ პროექტი Plant Lovers დავიწყე, რომელიც მცენარეების კოლექციონერობას მოიცავს. შემდეგ გავიცანი ერთი იაპონელი ბიჭი, არქიტექტორ-დიზაინერი ნაო, რომელთანაც ახლა ძალიან ახლოს ვმეგობრობ. მან მაჩუქა Music of the Plants-ის მოწყობილობა. აქედან დავიწყე ამ ყველაფრის სინთეზი. ჯერ გავარკვიე, როგორ მუშაობს ეს მოწყობილობა მუსიკალურ, ფიზიკურ თუ ბოტანიკურ ენაზე და შემდეგ უკვე გადავერთე მოდულარულ მუსიკაზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია მცენარეებისგან წარმოქმნილ ბიო-ელექტრო იმპულსებთან. წარმოიდგინეთ პატარა დენის წყარო, მოდულარულ სინთეზსაც პირდაპირი კავშირი აქვს მასთან, ფაქტიურად, ვოლტაჟს ვაკონტროლებთ ამ მოდულარულ სინთეზში. საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ მცენარეებისგან წამოსული იმპულსები აკონტროლებენ მოდულარულ სინთეზატორს, რომელიც ბევრი სხვადასხვა მოდულისგან შედგება და უსასრულო ფუნქციონალი აქვს.”
არტისტი ლევან შანშიაშვილი უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ მიმართულებით მუშაობს და სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, მათ შორის ერთ-ერთია მსოფლიოს მასშტაბით „დედა ხეების” მოძიება და მათი ბიო-ელექტრო იმპულსების მუსიკად გარდაქმნა.
„ბოლო ორი წლის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნებში მცენარეების იმპულსებით შექმნილ მუსიკას ვაგროვებდი, რომლებიც საერთო ჯამში ალბომებად იდება და სამომავლო გეგმებიც ეს არის. კონკრეტული კონცეფციები მაქვს, რომლებიც „დედა ხეებს“ ეხება. საფრანგეთში მივდივარ რეზიდენციაში, სადაც ტყეების ფესტივალია და უნდა ჩავწერო ამ ტყეების „დედა ხეები“, შემდეგ კი წარვადგინო ფესტივალზე. მაქვს რამდენიმე ტრეკი, რომლებშიც ტაილანდში, ინდოეთში ჩაწერილი უზარმაზარი ხეების იმპულსებია. იქაური მცენარის ვიბრაცია ქოთნის მცენარისგან სუფთა შეგრძნებების დონეზე დიდ სხვაობას გვაძლევს. ეს ჩემთვის უფრო განსხვავებული ენაა, დიალოგის ფორმატში ვარ ბუნებასთან და ვცდილობ, ჩემი ხედვით გადმოვცე.”
ყველაფერი კი 1960-იან წლებში, CIA-ს პოლიგრაფის სპეციალისტის, კლივ ბაქსტერის ექსპერიმენტით დაიწყო. მან აღმოაჩინა, რომ ოთახის მცენარეზე მიერთებული ელექტროდები გარემოზე რეაგირებდნენ, რამაც საფუძველი ჩაუყარა იდეას მცენარეთა ელექტრონული აქტივობის შესახებ. მოგვიანებით, 1970-იანი წლების ბოლოს, იტალიურმა ეზოთერულმა გაერთიანება „დამანჰურმა“ შექმნა პირველი პროტოტიპები, რომლებიც მცენარის ბიო-რეზისტენტობას პირდაპირ სინთეზატორის ბგერებად გარდაქმნიდნენ. ტექნოლოგიურმა პროგრესმა 2010-იან წლებში ეს პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა ხელმისაწვდომი მოწყობილობებით, რამაც ბიო-იმპულსების MIDI ნოტებად ქცევა და მათი მოსმენა ყველასთვის შესაძლებელი გახადა. დღეს კი მოდულარული სინთეზატორების მეშვეობით მცენარე სრულუფლებიან კომპოზიტორად შეგვიძლია მივიჩნიოთ, სადაც მისი ცოცხალი და არაპროგნოზირებადი იმპულსები რეალურ დროში მუსიკის რიტმს, ტემბრსა და სტრუქტურას მართავს, რაც ბუნებასა და ტექნოლოგიას შორის უნიკალურ დიალოგს ქმნის.
„მცენარისგან წამოსული იმპულსი შესაძლოა იმდენად სუსტი იყოს, რომ ადამიანის ყური ვერ აღიქვამდეს, ამ ტექნოლოგიის საშუალებით კი ჩვენ მას ვაძლიერებთ, ვთარგმნით და ადამიანები ჩვენი ცოდნით ვანიჭებთ ნოტებს. მაგრამ მელოდიას უკვე შერჩეული მცენარე მუდმივად ცვლის, რაც არასდროს მეორდება და ეს არის ფანტასტიკა.
მუსიკისა და ტექნოლოგიების გადაკვეთით ხშირად ვიღებთ ექსპერიმენტებს, რომლებიც სამყაროს აღქმას გვიცვლის. მოდულარული სინთეზი და ბიო-ელექტრო იმპულსების ტრანსფორმაცია ხმოვანებაში სწორედ ასეთი მიმართულებაა. ამ შემთხვევაში მუსიკოსი მხოლოდ გარემოს ქმნის, მთავარი კომპოზიტორი კი თავად მცენარე ხდება. ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, მოვისმინოთ ის უხილავი პროცესები, რაც მწვანე ორგანიზმებში მიმდინარეობს და აღმოვაჩინოთ, რომ ბუნებას თავისი, სრულიად გამართული მუსიკალური ლოგიკა აქვს.
„ჩემი დაკვირვებით, თუ მცენარეს დიდხანს ვუსმენთ, ყოველგვარი წინასწარი პარამეტრების გარეშე, ის თავად იწყებს აბსოლუტურად გამართული, ჰარმონიული მელოდიების შექმნას. ჩემი ტრეკებიც სწორედ ასე იქმნება – ეს არის მცენარისგან მომავალი იმპულსი, რომელიც მოდულარულ სინთეზს მართავს. 12-საათიანი ჩანაწერიდან ვჭრი იმ რამდენიმე წუთს, რომელსაც ხელის ხლება არ სჭირდება.“

მცენარის იმპულსების მუსიკად ქცევის პროცესი ტექნოლოგიური თვალსაზრისით რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ეს არის ხიდი ბიოლოგიურ აქტივობასა და მუსიკალურ ინჟინერიას შორის – სპეციალური მთარგმნელი მოწყობილობა, რომელიც მცენარის იმპულსურ რიტმს ჩვენთვის გასაგებ ბგერით ენაზე აჟღერებს.
„არსებობს ორი ძირითადი გზა: ციფრული და ანალოგური. ყველაზე მარტივი მეთოდი მცენარეების იმპულსების მთარგმნელი მოწყობილობის, მაგალითად Plant Music-ის გამოყენებაა. მას აქვს ორი კონექტორი, რომელთაგან ერთი მაგრდება მიწაში, მეორე კი ფოთოლზე. ის ზომავს მცენარის იმპულსებს და გვითარგმნის მათ.
მიღებულ მონაცემებს ვუკავშირებთ მუსიკალურ პროგრამას, სადაც მცენარისგან წამოსულ ციფრულ ფაილს (MIDI) ნებისმიერ მუსიკალურ ინსტრუმენტს, ხასიათს, ტემბრსა და ეფექტს ვანიჭებთ. საბოლოო ხასიათს მუსიკას უკვე ადამიანის გონება აძლევს. თუმცა, ამ მოწყობილობებს პროგრამის გარეშეც შეუძლიათ მუშაობა, მათ აქვთ ჩაშენებული სტანდარტული ხმები, რომელთა მეშვეობითაც მცენარეები პირდაპირ, ჩაშენებული ბგერებით გადმოსცემენ სადემონსტრაციო მელოდიებს.“
ლევან შანშიაშვილი თავის ყველაზე გამორჩეულ ჩანაწერებსა და იმ „დედა ხეებზე“ გვიყვება, რომლებმაც მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს:
„ჩემთვის ყველა ნამუშევარი განსაკუთრებულია, თუმცა გამოვყოფდი ინდოეთსა და ტაილანდში ჩაწერილ გიგანტურ ხეებს. როდესაც შეხება გაქვს ცხრასართულიანი შენობისხელა ე.წ. Banyan Tree-სთან ან მასიურ ფიკუსებთან, ქვეცნობიერად მათ ძალასა და ენერგიას უკავშირდები.
მაგალითად, ტაილანდში, ერთ-ერთი უზარმაზარი ფიკუსის ქვეშ ჩაწერილი ტრეკი საკმაოდ მძაფრი და, შეიძლება ითქვას, „საშიშიც“ კია, თუმცა ის ნეგატივს კი არა, ამ ხის მასიურობასა და ძალას გამოხატავს. ასევე საინტერესო გამოვიდა გვიმრების (Maidenhair fern) „დუეტი“, რომელიც მუსიკალურად ძალიან ჰარმონიულია. ეს პროცესი ჩვენსა და ბუნებას შორის ერთგვარი კოლაბორაციაა.
ბუნებასთან დაბრუნება მუსიკის ენით – ეს არის უწყვეტი თვითშემეცნების პროცესიც, რომლის მიზანი ადამიანსა და ბუნებას შორის ემოციური კავშირის აღდგენაა. არტისტისთვის ეს ყოველდღიური ცხოვრების წესია, მოგზაურობა „დედა მცენარეების“ ხმების შესაგროვებლად და იმ უხილავი სამყაროს გაზიარება, რომელიც ხშირად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება.
„ჩემი მიზანია, შევაგროვო „დედა მცენარეების“ მონაცემები და ხალხს ეს ღირებული ინფორმაცია არა სწავლების, არამედ გაზიარების გზით მივაწოდო. მინდა პირდაპირი, ემოციური და მისტიკური კავშირი დავამყაროთ ბუნებასთან.
ეს ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს როგორც მუსიკოსებისთვის, ისე ბოტანიკოსებისა თუ ფიზიკოსებისთვის. ალბათ ყველაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ემოციური, სულიერი, მენტალური მდგომარეობა ასი პროცენტით იცვლება, როცა მცენარეებთან კომუნიცირებ. ჩემი გამოცდილებით, საბოლოო მიზანი მაინც ბუნებასთან მეტი სიახლოვე და მისი ნებისმიერი ენით გაგებაა. ჩვენ განვითარების სხვადასხვა საფეხურზე ვართ, მაგრამ ეს სინთეზი გვეხმარება, ყოფიერებისა და შემეცნების სრულიად სხვა დონეზე გადავიდეთ.“
მოუსმინეთ ლევან შანშიაშვილის უახლეს ალბომს: Plantlovers, vol.3