სანდრო ჯორბენაძე – ელექტრონული მუსიკა, როგორც გამოცდილება და სივრცე, სადაც იდეები ერთიანდება

„ვფიქრობ, დღევანდელი ქართული ელექტრონული სცენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამაყეა, რომ საქართველომ შეძლო საკუთარი იდენტობის შექმნა და საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა.“ – სანდრო ჯორბენაძე.

ელექტრონული მუსიკა დიდი ხანია, გასცდა ვიწრო სუბკულტურულ ჩარჩოებს და თანამედროვე ქართული კულტურული იდენტობის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა. ამ გზაზე, სცენის განვითარებასა და ლოკალური არტისტების საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაში უდიდესი როლი ითამაშეს ადამიანებმა, რომელთა შემოქმედებითი ძიებებიც წლების წინ ენთუზიაზმით დაიწყო. სწორედ ასეთი არტისტი და პროდიუსერია სანდრო ჯორბენაძე, რომლის მუსიკალური მოგზაურობაც სახლში აღმოჩენილი ძველი კასეტების ფლეიერითა და ოჯახური ჯაზკოლექციით დაიწყო.

წაიკითხეთ სანდრო ჯორბენაძის ინტერვიუ  Billboard საქართველოსთან:

სანდრო ჯორბენაძე – მუსიკოსი:

„მუსიკის სიყვარული ბავშვობიდან მომყვებოდა. კასეტის ფლეირი – ეს იყო ჩემი მთავარი გასართობი. ძირითადად ჯაზს ვუსმენდი, რადგან ეს მამაჩემის საყვარელი ჟანრი იყო და კასეტებსაც ჯაზკოლექციისთვის აგროვებდა. ელექტრონული მუსიკისადმი ინტერესი და პირველი აღმოჩენები კი დაახლოებით 12-13 წლის ასაკში დაიწყო. მალევე ჩემს სახლთან აღმოვაჩინე Vodkast Records, სადაც საინტერესო მუსიკას ვპოულობდი.”

მოგვიანებით, Vodkast Records, რომელიც მრავალფუნქციური მუსიკალური სივრცეა არტისტისთვის, მნიშვნელოვან შემოქმედებით პლატფორმად იქცა.

„Vodkast Records-თან კავშირი ბუნებრივად ჩამოყალიბდა, საერთო მუსიკალურმა ხედვამ, ინტერესებმა და მეგობრობამ გაგვაერთიანა. Vodkast-ის გარემომ დიდი გავლენა იქონია ჩემს მუსიკალურ განვითარებაზე. მუდმივად მქონდა შესაძლებლობა, გამეცნო ახალი ჟღერადობები, განსხვავებული მიდგომები და არტისტები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი ყოველთვის ბუნებრივად, მეგობრულ და თავისუფალ გარემოში ხდებოდა.“ 

სანდრო ჯორბენაძის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საგანმანათლებლო სივრცე CES-სთან (Creative Education Studio) თანამშრომლობას, სადაც იგი დიჯეინგის კურსს უძღვება. როგორც თავად არტისტი აღნიშნავს, მსგავსი პლატფორმები დღეს განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქართული ელექტრონული მუსიკის განვითარებაში. 

„ჩემი და CES-ის თანამშრომლობა 2 წლის წინ დაიწყო. თავიდანვე ჩემთვის საინტერესო იყო იდეა, რომ გამოცდილების გაზიარებისა და განათლების მიღების საშუალებით ახალი ადამიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო სფერო. ვფიქრობ, მსგავსი საგანმანათლებლო პლატფორმები დღეს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქართული ელექტრონული მუსიკის განვითარებაში.”

არტისტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ლეიბლი PalmStructure, რომელიც 2017 წელს დააარსა. მაშინ, როდესაც ქართული საკლუბო სცენა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. ლეიბლის მთავარ მიზანს ადგილობრივი არტისტების საერთაშორისო აუდიტორიასთან დაკავშირება წარმოადგენდა. 

„PalmStructure-ის შექმნის მთავარი მოტივაცია ერთგვარი ხიდის შექმნა იყო  ქართველ არტისტებსა და უცხოელ მსმენელს შორის. მინდოდა მეტი სივრცე გამეჩინა მათი მუსიკის გასაცნობად საერთაშორისო სცენაზე.“  – სანდრო ჯორბენაძე

დღეს კი, წლების შემდეგ, არტისტის შეფასებით, ქართული სცენა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, გაიზარდა როგორც ლეიბლების რაოდენობა, ასევე მსმენელის ინტერესი ადგილობრივი მუსიკის მიმართ.

„უკვე არსებობს არაერთი ქართული ლეიბლი, რომლებიც როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ რელიზებს უშვებენ და ადგილობრივ არტისტებს განვითარების მეტ შესაძლებლობას აძლევენ. ვფიქრობ, ქართველი მსმენელის დამოკიდებულებაც მნიშვნელოვნად შეიცვალა, დღეს ადგილობრივი პროდუქციის მიმართ გაცილებით მეტი ინტერესი და მხარდაჭერაა. სირთულეები, რომლებიც წარსულში არსებობდა, დღეს თითქმის აღარ არის. არტისტებს ბევრად მარტივად შეუძლიათ საკუთარი მუსიკის გავრცელება და მსმენელამდე მიტანა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელი ლეიბლის განვითარება საქართველოში მაინც დიდ დროს, ენერგიასა და მუდმივ ჩართულობას მოითხოვს.“

ელექტრონული მუსიკა დღეს უკვე მნიშვნელოვნად სცდება მხოლოდ კლუბური სივრცის ჩარჩოებს და მრავალშრიან კულტურულ ეკოსისტემად ყალიბდება, სადაც სხვადასხვა სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები იკვეთებიან. ეს არის გარემო, სადაც მუსიკა კომუნიკაციის, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი იდეების გენერირების საშუალება ხდება.

„დღეს, საზღვარგარეთ მოგზაურობისას, როცა ვახსენებ, რომ საქართველოდან ვარ, აქაურ საკლუბო სცენაზე თითქმის ყველას რაღაც ინფორმაცია აქვს, ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც საქართველოში არასდროს უმოგზაურიათ. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ხვდები, რომ შენს პატარა ქვეყანაზე, იმ სივრცეებსა და არტისტებზე, რომლებთანაც ყოველდღიური შეხება გაქვს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სმენიათ. ვფიქრობ, დღევანდელი ქართული ელექტრონული სცენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამაყეა, რომ საქართველომ შეძლო საკუთარი იდენტობის შექმნა და საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა. რაც შეეხება გამოწვევებს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის განვითარება ისე, რომ სცენამ ავთენტურობა და ერთმანეთის მხარდაჭერის კულტურა არ დაკარგოს.“

ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ქართული საფესტივალო კულტურისთვის ინოვაციური პლატფორმის, TRUST Festival-ის ჩამოყალიბება, რომელიც სანდრო ჯორბენაძემ მეგობრებთან ერთად დააფუძნა. ფესტივალი თავიდანვე იქცა სივრცედ, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ლეიბლებისა და ქომუნითების გაერთიანებას და ერთიან შემოქმედებით პლატფორმად ჩამოყალიბებას. 

„TRUST Festival მეგობრებმა დავიწყეთ, რატიმ, იგივე Trotsky-მ, ელენე Mtvare-მ და ილიამ. პირველი ფესტივალი 2023 წელს, Ezo-ს ტერიტორიაზე ჩატარდა. სივრცის ორივე სცენა სრულად ქართველ არტისტებს დაეთმო. მეორე წელს ვეცადეთ, ფესტივალი კიდევ უფრო გაგვეზარდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტრიმინგ პლატფორმა HÖR მოვიწვიეთ. ორი დღის განმავლობაში 18 ქართველი არტისტის სეტი ჩაიწერა, რომლებიც დღეს უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია HÖR-ის პლატფორმაზე. ჩემთვის TRUST-ის მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ის ადგილობრივ არტისტებსა და ქომუნითებს აერთიანებს და მათ საერთაშორისო აუდიტორიასთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელი ფესტივალიც ზაფხულში გაიმართება. დროს, ლოკაციასა და ლაინაფს კი მალე დავაანონსებთ.”

ამჟამად არტისტი აქტიურ შემოქმედებით ფაზაშია და საკუთარი ლეიბლის განახლებასა და ბოლო წლებში დაგროვილი იდეების განვითარებაზე მუშაობს. თუმცა მისთვის მთავარი სათქმელი მაინც ის ემოციაა, რომელსაც მუსიკის საშუალებით, მსმენელთან გაზიარებისას გადმოსცემს:

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სიამოვნებაა, რასაც დაკვრის დროს განვიცდი და მუსიკა, რომელსაც კონკრეტული ღამის ან დღის განწყობისთვის ვარჩევ. მინდა ანალოგიური ემოცია მსმენელამდეც მივიდეს.”  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„Project: U” – გურამ მაცხონაშვილი და Quemmekh ერთობლივ საიდუმლო პროექტზე მიანიშნებენ

შემდეგი სტატია

Bad Bunny და Zara ერთობლივ კოლექციას აანონსებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Modular friends 011

Modular Friends – მოდულარული სინთეზისა და ვიზუალური ხელოვნების ცოცხალი დიალოგი Synthesia Lab-ში

17 მაისს Synthesia Lab-ში Modular Friends-ის მე-11 გამოშვება გაიმართება. ეს არის ღონისძიება, რომელიც მოდულარულ სინთეზს, იმპროვიზაციულ მუსიკასა და აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებას აერთიანებს.
მეტი

eZo Festival თბილისის ზღვაზე ახალ თავგადასავალს იწყებს

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ფერადი ფესტივალი eZo Festival ახალი ლოკაციითა და განახლებული ენერგიით ბრუნდება. ღონისძიებები 5, 6 და 7 ივნისს თბილისის ზღვზეა დაგეგმილი.
მეტი
Peggy Gou Courtesy of Atlantic Records

Goldenvoice სან-ფრანცისკოში „სეზონურ საკლუბო გამოცდილებას“ Peggy Gou-სთან, Mau P-სთან, Michael Bibi-სა და სხვა მონაწილეებთან ერთად აანონსებს

Club Darc ქალაქის 48-ე სანაპიროზე, უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისამდე გაიმართება.
მეტი
Jean-Michel Jarre FRANCOIS ROUSSEA

საფრანგეთი ელექტრონულ მუსიკას „არამატერიალურ კულტურულ ძეგლად“ აღიარებს

ელექტრონული მუსიკა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიას ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების ეს ფორმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საფრანგეთის კულტურული იდენტობის ჩამოყალიბებაში.
მეტი

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ექსპერიმენტული სივრცე „თბილი ორგია“ არსებულ შენობას ტოვებს და ახალ ეტაპს იწყებს

„ჩვენი შენობა იხურება - მაგრამ კონცეფცია არ კვდება: გააქტიურდება მუსიკალური ლეიბლი, სადაც იგეგმება როგორც მრავალი ალბომის, ისე სინგლის და კომპილაციების გამოშვება. გაიმართება რადიოშოუები, რომელიც გააგრძელებს ადგილობრივი არტისტების და სცენის მხარდაჭერას“ -„თბილი ორგიას” კოლექტივი.
მეტი
ARGY

ელექტრონული მუსიკის სცენის ვარსკვლავი  ARGY თბილისში პირველად  დაუკრავს

Redium-ის ორგანიზებით კიდევ ერთი მასშტაბური ღონისძიება კუს ტბის ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც აუდიტორიის წინაშე ცნობილი არტისტი ARGY წარდგება.
მეტი