21 Savage-ს და Latto-ს, როგორც ჩანს, პირველი შვილი შეეძინათ. ატლანტელმა რეპერმა სოციალურ ქსელში კადრები გააზიარა, რომლებიც შესაძლოა მათი ახალშობილის პირველ გამოჩენად ჩაითვალოს.
ამავე დროს, 21 Savage არსენალის პრემიერლიგაში გამარჯვებას აღნიშნავდა და ფოტოების სერიაში მისი შვილიც გამოაჩინა. ჩვილი „არსენალის“ ფორმის ბოდეშია გამოწყობილი, თუმცა კადრში ბავშვის სახე არ ჩანს.
„ჩვენ ეს შევძელით!!!!!!!! @arsenal,“ – დააწერა რეპერმა 20 მაისს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოების სერიას.
19 მაისს, მას შემდეგ, რაც მანჩესტერ სიტიმ ბორნმუთის დამარცხება ვერ შეძლო, არსენალმა ბოლო 22 წლის განმავლობაში პირველად მოიპოვა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული.
Latto-ს და 21 Savage-ის ურთიერთობა ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ, თუმცა ოფიციალურად დაუდასტურებელ ამბად რჩებოდა. Latto-მ საბოლოოდ თავადვე დაადასტურა ურთიერთობა, როდესაც ორსულობის პერიოდში გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც 21 Savage-იც გამოჩნდა.
ვიდეო გულშემატკივრებს Latto-ს ორსულობის პერიოდის კადრებს აჩვენებს, დაწყებული მეხუთე კვირიდან, სამშობიარო ბლოკით დასრულებული. 21 Savage ასევე გამოჩნდა baby shower-ზე, რომელსაც Usher, Sexyy Red და WNBA-ს ვარსკვლავი ენჯელ რისიც ესწრებოდნენ.
„მზად ვარ ჩემს პატარასთან შესახვედრად. როცა ჩემი შვილი გაჩნდება, სახლიდან ფაქტობრივად აღარ გავალ – თითო შოუში მილიონი უნდა გადამიხადონ, რადგან გარეთ გასვლა აღარ მომინდება,“ – ამბობს რეპერი ვიდეოში.
Latto 29 მაისს თავისი ალბომის, Big Mama-ს გამოსაშვებად ემზადება, რომელიც, მისივე თქმით, ბოლო სტუდიური ალბომი იქნება. „5/29 ჩემი საპენსიო ალბომია, მადლობა ყველაფრისთვის,“ – დაწერა არტისტმა პლატფორმა X-ზე 8 მაისს, მას შემდეგ, რაც მარტში ორსულობის შესახებ გაამხილა.
Big Mama-მდე, Latto-ს ბოლო ალბომი 2024 წელს გამოვიდა, სახელწოდებით Sugar Honey Iced Tea, რომელმაც Billboard 200-ში მე-15 ადგილი დაიკავა.