4-6 ივნისს ბერლინში ფესტივალი „განთიადი” გაიმართება. წელს ღონისძიებას კულტურული სივრცე Neue Zukunft უმასპინძლებს. ტრადიციულად, ფესტივალი მოიცავს კინოჩვენებებს, მუსიკალურ შესრულებებს, გამოფენებსა და ვორკშოპებს.
წლევანდელი კინოპროგრამა შედგენილია თამაშის თემის ირგვლივ და სხვადასხვა პერსპექტივიდან აკვირდება მის ფენომენს, როგორც განმეორებად მოტივს ქართულ კულტურაში და იკვლევს მის მნიშვნელობას, როგორც წინააღმდეგობის, კოლექტიური თვითგამოხატვისა და იდენტობის ძიების ინსტრუმენტის. ამ იდეის ქვეშ პროგრამა ხუთ ფილმს აერთიანებს: „ხმელი ფოთოლი” – ალექსანდრე კობერიძე; „ლოტო” – ზაზა ხალვაში, თამთა ხალვაში; „უარყოფითი რიცხვები” – უტა ბერია; „დიდება დედოფალს” – თათია სხირტლაძე; „პირველი მერცხალი” – ნანა მჭედლიძე.
4 ივნისს ასევე დაიწყება ფესტივალის საგამოფენო და სოციალური პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია პირადი და ეროვნული იდენტობის გადაკვეთაზე და აერთიანებს ფოტოგრაფიას, ტექსტილს, დისკუსიებსა და კოლექტიურ შემოქმედებით პროცესს. პროგრამის ფარგლებში გაიმართება გამოფენები და ვორკშოპების სერია. დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის კულმინაციას კი, ტრადიციულად, ლაივ კონცერტები წარმოადგენს. წელს მსმენელის წინაშე Bedford Falls და კორძი წარდგებიან. საკონცერტო პროგრამას გახსნის ბერლინში დაფუძნებული ბელარუსული ელექტრონული დუეტი Machineries. საღამო კი დიჯეი სეტებით გაგრძელდება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე
ფესტივალი „განთიადი” 2024 წელს ბერლინში მცხოვრები აღმოსავლეთ ევროპელი ემიგრანტების მიერ დაარსდა და ის დამოუკიდებელი, არაკომერციული, მულტიდისციპლინური კულტურული პლატფორმაა. ფესტივალის ფორმატი აერთიანებს ცოცხალ მუსიკალურ შესრულებებს, კინოჩვენებებს, გამოფენებსა და საგანმანათლებლო ვორკშოპებს.