მომღერალმა ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების მერვე წელი აღნიშნა და 1 ივნისს, კალიფორნიის ქალაქ ჰაილენდში გამართულ შოუზე საკუთარ გამოცდილებაზე გულახდილად ისაუბრა.
„ვერ ვაცნობიერებდი, თუ რამდენ ტრავმას ვინახავდი. მას შემდეგ, რაც საკუთარი თავის ძიება დავიწყე, აღმოვაჩინე ის, თუ რისი გამოაშკარავება შემეძლო. ეს პროცესი საოცრად მტკივნეული აღმოჩნდა. ვიქეცი ადამიანად, რომლისაც თავადვე მეშინოდა. ადამიანად, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი და ვერ ვუგებდი“, – განაცხადა მომღერალმა და მოდის დიზაინერმა.
45 წლის ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ სწორედ დედობის პერიოდში გააცნობიერა, რამდენად უარყოფითად მოქმედებდა ალკოჰოლი მის ცხოვრებაზე:
„დედა ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ჩემს შვილებს კარგ მაგალითს არ ვაძლევდი. მივხვდი, რომ ალკოჰოლი ჩემს ტკივილს კი არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა. ეს იყო საყრდენი, რომელიც, რეალურად, საერთოდ არ მუშაობდა,“
სანამ მომღერალი კონცერტზე ახალ სიმღერას, Give It All Away-ს შეასრულებდა, მსმენელს იმ სირთულეებისა და განსაცდელის შესახებ ესაუბრა, რომელთა გადალახვაც ალკოჰოლისგან გათავისუფლების გზაზე დასჭირდა.
„სრული სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ კიდევ ვმუშაობ საკუთარ თავზე. ვზეიმობ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით. სწორედ ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე ამ სიმღერის თქვენთვის გაზიარება. მინდა ყველამ იცოდეთ, რომ თუ საკუთარი თავის მიმართ ცოტაოდენ დიდსულოვნებას და მიმტევებლობას გამოიჩენთ, ყველაფერი კარგად იქნება.” – დასძინა მან.
ჯესიკა სიმპსონმა ალკოჰოლისგან გათავისუფლების 8 წლის იუბილე 1 ნოემბერს აღნიშნა. ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნების ეს უპირობო გადაწყვეტილება მან 2017 წლის ჰელოუინის შემდეგ მიიღო, როდესაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მიხვდა, რომ ცხოვრების წესი უნდა შეეცვალა. ეს ეპიზოდი მან დეტალურად აღწერა თავის 2020 წლის მემუარებში Open Book.
რვა წლის წინანდელი გადაწყვეტილების შესახებ ჯესიკა სიმპსონმა სოციალურ ქსელშიც დაწერა:
„ზუსტად 8 წლის წინ გადავწყვიტე, თვალი გამესწორებინა რეალობისთვის, მეღიარებინა და ჩემი ცხოვრებიდან განმედევნა ის მავნე ჩვევები, რომლებსაც მანამდე თავადვე ვირჩევდი. ამ გადაწყვეტილებამ საშუალება მომცა, სრულფასოვნად მეცხოვრა იმ მიზნისთვის, რომელიც ღმერთს ჩემი ცხოვრებისთვის ჰქონდა განსაზღვრული. ალკოჰოლი ჩემს ინტუიციას ახშობდა, ბლოკავდა ოცნებებს და კვებავდა იმ შიშებს, რომლებიც მუდმივად თან მდევდა.
დღეს ჩემი გონება ნათელია და რწმენა მამოძრავებს. შიშიც და რწმენაც ის განცდებია, რომლებსაც ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ თვალით ვერ ვხედავთ. ბედნიერი ვარ, რომ შიშის ნაცვლად რწმენა ავირჩიე. საკუთარი ძალა ბრძოლაში კი არ ვიპოვე, არამედ ამ ყველაფრის მიმღებლობაში“.
ჯესიკა სიმპსონი მუსიკალურ კარიერას 2025 წელს დაუბრუნდა და EP გამოსცა: Nashville Canyon, Pt. 1 და მისი გაგრძელება Pt. 2. არტისტი ამჟამად აშშ-ის ტურნეში იმყოფება და უახლოეს მომავალში კონცერტებს პენსილვანიის, ნიუ-იორკისა და ოჰაიოს შტატებში გამართავს.