17 ივნისს რუსთველის ეროვნულ თეატრს ჩინური ქორეოგრაფიული კომპანია LDTX ეწვევა. დასი ქართველი მაყურებლის წინაშე წარადგენს სპექტაკლს „უსასრულო” (Neverending). წარმოდგენა გვიყვება თანამედროვე ადამიანის მდგომარეობაზე – თუ როგორ ვიმყოფებით ერთი და იმავე მოქმედებებისა და ჩვევების განმეორებად ციკლში, რომელსაც რეჟისორი ხელოვნების ფორმად აქცევს. სპექტაკლი წარმოაჩენს ცხოვრებას მუდმივი მოძრაობისა და დატვირთვის პირობებში და ცდილობს, ამ ციკლში სიმშვიდის მომენტი გვაპოვნინოს. ამასთანავე, მიგვანიშნებს, რომ განმეორებადი პროცესების უკან შეიძლება არსებობდეს წერტილი, სადაც არსებული ციკლი საბოლოოდ წყდება.
BeijingDance / LDTX პეკინში დაფუძნებული თანამედროვე ცეკვის დასია, რომელიც 2005 წელს დაარსდა, როგორც ქვეყნის პირველი ოფიციალურად რეგისტრირებული დამოუკიდებელი თანამედროვე საცეკვაო კომპანია. მისი სახელი Lei Dong Tian Xia-ს აკრონიმია, რომელიც ითარგმნება, როგორც ჭექა-ქუხილი, რომელიც მთელ სამყაროს აზანზარებს/ჭექა-ქუხილი ცისქვეშეთში.
კომპანიის დამფუძნებლები არიან თანამედროვე ჩინური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი პიონერი ვილი ცაო და ქორეოგრაფი ლი ჰანჯუნი.
LDTX-ის შემოქმედებითი ფილოსოფია ეფუძნება ორიგინალური ქორეოგრაფიული ნამუშევრების შექმნას, რომლებიც მრავალმხრივად ასახავს თანამედროვე ჩინური საზოგადოების, კულტურისა და ადამიანის გამოცდილებას. ის გახდა პირველი პლატფორმა, რომელმაც მოცეკვავეებსა და ქორეოგრაფებს მისცა შესაძლებლობა, ემუშავათ სახელმწიფო იდეოლოგიური შეზღუდვებისგან თავისუფალ გარემოში.
კომპანიას შექმნილი აქვს 100-ზე მეტი ორიგინალური ქორეოგრაფიული ნამუშევარი, რომლებშიც იკვეთება ისეთი თემები, როგორებიცაა: ადამიანის იდენტობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ისტორიული მეხსიერება, ბუნება და ეკოლოგია, იზოლაცია და კომუნიკაცია. დასის წარმოდგენები ნაჩვენებია ხუთ კონტინენტსა და ოცზე მეტ ქვეყანაში. LDTX-ის გასტროლები გაიმართა აშშ-ში, ავსტრალიაში, ევროპაში, ინდოეთსა და აზიის არაერთ ქვეყანაში. 17 ივნისს კი ის პირველად, ქართველი მაყურებლის წინაშე რუსთაველის თეატრში წარდგება.
ბილეთები შეიძინეთ ბმულზე.