კალიფორნიელ მამაკაცს, რომელიც ამერიკელ ჰიპ ჰოპ არტისტ მაკ მილერს ფენტანილის შემცველი აბებით ამარაგებდა, ლოს ანჯელესის ფედერალურმა სასამართლომ 17 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. როგორც სტივენ ენდრიუ უოლტერმა გასულ ნოემბერს აღიარა, სწორედ მან გადასცა მოვაჭრეს ნარკოტიკი, რომელმაც 2018 წელს რეპერის გარდაცვალება გამოიწვია.
• მამაკაცს, რომელიც მაკ მილერს ნარკოტიკით ამარაგებდა, 11 წელი მიუსაჯეს
ფენტანილის დისტრიბუციის გამო უოლტერს 20 წლით პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა, შეთანხმების შედეგად, პროკურორებმა მხოლოდ 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს.
მაკ მილერი კალიფორნიაში, სან ფერნანდო ველიში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი 2018 წლის 7 სექტემბერს იპოვეს. ექსპერტიზის თანახმად, რეპერი ფენტანილის, კოკაინისა და ალკოჰოლის ზედოზირებით გარდაიცვალა.
მუსიკოსის გარდაცვალების საქმეზე უოლტერთან ერთად 28 წლის კამერონ ჯეიმს პეტიტი და 36 წლის რაიან მაიკლ რევისი დააკავეს. პროკურორების განცხადებით, მილერმა ფენტანილში ამოვლებული ყალბი ოქსიკოდონის აბები პეტიტისგან შეიძინა. ამ უკანასკნელმა კი ნარკოტიკი უოლტერისგან რევისის დახმარებით მიიღო. რევისს 11 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, პეტიტის საქმის განხილვა კი სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა.