Coldplay-ს ადრეული პერიოდის იშვიათი არქივი: სტუდიური ფირები, სიმღერების ალტერნატიული ვერსიები და დემო ჩანაწერები, რომლებიც ჯგუფის სადებიუტო ალბომის, Parachutes-ის შექმნას უძღოდა წინ და ჯგუფის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ამ კვირაში Wax Poetics-ის აუქციონზე გაიყიდება. კოლექცია მსმენელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, თვალი ადევნოს ჯგუფის ადრეულ შემოქმედებას, სანამ ისინი მსოფლიო აღიარებას მოიპოვებდნენ.
არქივის ძირითადი ნაწილი ბრიტანელ პროდიუსერსა და ხმის ინჟინერს, კრის ალისონს ეკუთვნის და Coldplay-ს Blue Room-ის სესიებთან არის დაკავშირებული, რომლებიც ლონდონის Orinoco Studios-ში ჩაიწერა. ეს ჩანაწერები მას შემდეგ შეიქმნა, რაც ჯგუფმა Parlophone-თან კონტრაქტი გააფორმა.
აუქციონის ორგანიზატორების თქმით, წარმოდგენილი მასალა იმ შემოქმედებით პერიოდს ასახავს, რომელმაც Coldplay-ს სადებიუტო ალბომის, Parachutes-ის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კომპოზიციას High Speed. ეს ერთადერთი ტრეკია ალბომში, რომელზეც პროდიუსერ კენ ნელსონს არ უმუშავია, მისი პროდიუსინგი მთლიანად კრის ალისონს ეკუთვნის.
პირველად სიმღერა High Speed 1999 წლის ოქტომბერში, Blue Room-ის EP-ზე გამოვიდა, რომელიც Parlophone-თან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ Coldplay-ს პირველი რელიზი იყო. მოგვიანებით სიმღერა ალბომ Parachutes-შიც შევიდა.
აუქციონზე ასევე გაიყიდება ციფრული აუდიოფირის ფორმატის ორიგინალი მიქსები, გამოუქვეყნებელი ალტერნატიული ვერსიები, სიმღერის We Never Change აქამდე უცნობი ჩანაწერი და ცხრა ტრეკისგან შემდგარი კასეტა, რომელიც ჯგუფის ყველაზე ადრეულ ცნობილ ჩანაწერებს შეიცავს. მათ შორის ორი სიმღერა, რომელიც ოფიციალურად დღემდე არც გამოქვეყნებულა.
აუქციონზე ასევე წარმოდგენილია აკუსტიკური დემო ჩანაწერი, რომელიც კრის მარტინმა 1999 წლის „ჯეიმს ბონდის“ ფილმის, The World Is Not Enough-ის მთავარი საუნდტრეკისთვის მოამზადა.
საბოლოოდ, „ჯეიმს ბონდის“ მთავარ საუნდტრეკად ჯგუფ Garbage-ის სიმღერა The World Is Not Enough იქცა. Wax Poetics-ის ინფორმაციით, კრის მარტინის ვერსია დღემდე არ გამოქვეყნებულა და არც საჯაროდ ყოფილა ცნობილი.
„ეს არქივი უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, თვალი ვადევნოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკალური ჯგუფის სიმღერების შექმნის, ჩაწერის, პროდიუსინგისა და პოპულარიზაციის პროცესს. ეს არის მუსიკალური ისტორიის ნაწილი, რომელიც იმსახურებს გულშემატკივრების ხელში ყოფნას და არა მტვრით დაფარულ საცავში მიტოვებას,“ – ნათქვამია კრის ელისონის განცხადებაში.
წარმოდგენილი ჩანაწერები Coldplay-ს კარიერის ყველაზე ადრეულ ეტაპს ასახავს. ჯგუფის სადებიუტო ალბომი Parachutes 2000 წლის ივლისში გამოვიდა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში 51-ე ადგილს მიაღწია, მოგვიანებით აშშ-ში ორმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა და საბოლოოდ, გრემის ჯილდო საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.
სწორედ ამ წარმატების შემდეგ Coldplay მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, ფართო აუდიტორიის მქონე ჯგუფად ჩამოყალიბდა, რომელმაც Billboard 200-ის ლიდერ პოზიციებზე არაერთი ალბომი განათავსა და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე მოაწყო.
ალტერნატიული/ინდი, როკ და პოპმუსიკის უფრო ფართო კოლექცია ასევე მოიცავს ჯგუფების: The Beta Band-ის, The Wedding Present-ისა და Red Hot Chili Peppers-ის მასალებს. აუქციონზე ფსონების დადება კი 19 ივლისამდეა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ გაყიდვებიდან მიღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდ Restore the Music-ში გადაირიცხება, რომელიც მწირი ბიუჯეტის მქონე სახელმწიფო სკოლებს მუსიკალური ინსტრუმენტებისა და საჭირო ტექნიკის შეძენაში დაეხმარება.