ბარბრა სტრეიზანდი ლეგენდარულ კარიერას კიდევ ერთ, ახალ თავს ამატებს.
გამოცემა People-ის ცნობით, ბარბრა სტრეიზანდის სადებიუტო ილუსტრირებული წიგნი And By the Way… მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვა. წიგნს Flamingo Books (Penguin Young Readers-ის კომპანია) გამოსცემს. ეს არის სიყვარულით სავსე ისტორია ბებია-ბაბუისა და შვილიშვილის შესახებ. წიგნის პერსონაჟები დროს ერთად ატარებენ, ერთობიან, ეძებენ სახალისო თავგადასავლებს და ამ პროცესში ცხოვრების მნიშვნელოვან ჭეშმარიტებებს აღმოაჩენენ.
სტრეიზანდისთვის ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პირადულია, რადგან ის მისი ოჯახიდან იღებს სათავეს.
„ძალიან მიყვარს, როცა ჩემი სამი შესანიშნავი პატარა შვილიშვილი „ბებია ბარბრას“ მეძახის. ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ილუსტრირებული წიგნების კითხვაა, ზოგჯერ ერთი და იმავე წიგნს განმეორებით ვკითხულობთ. ამიტომ ვიფიქრე, საინტერესო იქნებოდა საკუთარი წიგნის დაწერა მათთვის და იმედი მაქვს, სხვა მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვისაც, რომლებიც თავიანთ პატარებს ამ წიგნს წაუკითხავენ.” – აღნიშნა მომღერალმა.
წიგნის სათაურიც უშუალოდ ბარბრა სტრეიზანდთან ასოცირდება, რადგან And By the Way… მისი ერთ-ერთი საყვარელი და სახასიათო ფრაზაა.
„ამ გამოთქმას საკმაოდ ხშირად ვიყენებ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სათქმელი ყოველთვის მრჩება.” – ამბობს ვარსკვლავი.
მისივე თქმით, წიგნის მთავარი იდეა „აღმოჩენების, თვითგამოხატვის, დამოუკიდებლობისა და, რა თქმა უნდა, სიყვარულის გარშემო ტრიალებს.”
სტრეიზანდს მსახიობ ჯეიმს ბროლინთან ქორწინებიდან ოთხი შვილიშვილი ჰყავს. წყვილმა 1998 წელს იქორწინა. ჯეიმს ბროლინის ვაჟს, მსახიობ ჯოშ ბროლინს ოთხი შვილი ჰყავს, რომლებიც სტრეიზანდისთვის შვილიშვილები არიან. ჯოშ ბროლინს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი – ტრევორი და იდენი ჰყავს, ხოლო 2016 წელს, მესამე მეუღლეზე, კეთრინ ბოიდ ბროლინზე დაქორწინების შემდეგ, ორი ქალიშვილი შეეძინა – უესტლინ რეინი და ჩეპელ გრეისი.
And By the Way… უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთით, ოფიციალურად კი 2027 წლის 30 მარტს გამოვა.