მას შემდეგ, რაც The Fugees-მა საკულტო ალბომი The Score გამოუშვა, 30 წელი გავიდა. ჰიპ-ჰოპის ამ უდავო კლასიკამ, რომელშიც ისეთი ჰიტ-სიმღერები შედის, როგორებიცაა: Killing Me Softly, Fu-Gee-La და Ready or Not, თავის დროზე მუსიკალურ ინდუსტრიაში ბევრი რამ შეცვალა, თუმცა შემდეგ მას გაგრძელება არ მოჰყოლია.
ლორინ ჰილმა 1998 წელს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სტუდიური სოლო ალბომი გამოსცა, გრემის მფლობელი The Miseducation of Lauryn Hill, რის შემდეგაც ის პერიოდულად მართავდა ტურნეებს, როგორც სოლო შემსრულებელი, ისე The Fugees-ის ყოფილ წევრ უაიკლეფ ჟანთან ერთად. ამავდროულად, ჟანმა ცხრა სოლო ალბომი და ათობით სინგლი გამოუშვა და სხვა არტისტების ათობით ჩანაწერში მიიღო მონაწილეობა. ჯგუფის მესამე წევრი პრას მიშელი კი სამართლებრივი პრობლემების გამო 14 წლიან პატიმრობას იხდის. სასამართლომ იგი უცხოური გავლენის სქემასთან დაკავშირებულ 10 ბრალდებაში სცნო დამნაშავედ.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა მომავალში ახალი მუსიკის გამოშვება, ჰილმა ენთუზიაზმით უპასუხა და მკაფიო პასუხი გასცა: „რა თქმა უნდა“. ჟანმა ეს სიტყვები დაადასტურა: „ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ყველაფერი ღმერთის ხელშია. ასე რომ, ჩვენ საოცარ ფორმაში ვართ. ვფიქრობ, ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია“. შემდეგ კი წაიმღერა: „ჩემი ჯგუფის წევრთან ერთად დავბრუნდი!“.
ჯგუფის დაშლის შემდეგ, წლების განმავლობაში არსებული უთანხმოების ფონზე, ლორინ ჰილმა თქვა, რომ მასსა და ჟანს შორის, რომელიც ერთ დროს მისი საიდუმლო პარტნიორი და მუსიკალური თანამშრომელი იყო, ურთიერთობის აღდგენისა და შერიგების „წარმოუდგენელი პროცესი“ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ამ ცვლილებამ შესაძლოა Fugees-ის ხელახლა გაერთიანებასაც გაუხსნას გზა.
მიმდინარე წლის მარტში ჟანი The Jennifer Hudson Show-ს ესტუმრა და The Score-ის ჩაწერის სესიებიდან შემორჩენილ, აქამდე გამოუქვეყნებელ მასალასა და იმ თავისუფალ იმპროვიზაციებზე ისაუბრა, რომლებიც თავდაპირველად ალბომში ვერ მოხვდა.
„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ Fugees-ის გამოუქვეყნებელი მასალაა. ბევრი არასრული ჩანაწერი გვაქვს შემონახული, იყო პერიოდები, როდესაც სტუდიაში შევდიოდით და ახალ ჩანაწერებს ვცდიდით. ვფიქრობ, გულშემატკივრებს ძალიან მოეწონებათ თავისუფალი იმპოროვიზაციით ჩაწერილი ეს ჩანაწერები, რომლებიც მაშინ შეიქმნა.” – აღნიშნა ჟანმა.
The Score, რომელიც 1996 წლის თებერვალში გამოვიდა, Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა, ხოლო 1997 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეპალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა.
მიუხედავად იმისა, რომ სრული სტუდიური ალბომის ჩასაწერად Fugees-ის წევრებს სამი ათწლეულის განმავლობაში სტუდიაში აღარ უმუშავიათ, ბოლო 20-ზე მეტი წლის განმავლობაში ჯგუფი სცენაზე რამდენჯერმე გაერთიანდა. პირველად ეს 2004 წელს მოხდა, როდესაც Fugees მოულოდნელად გაერთიანდა ფილმისთვის Dave Chappelle’s Block Party. ერთი წლის შემდეგ კი ჯგუფმა BET Awards-ის გახსნაზე თავისი ცნობილი ჰიტების 12-წუთიანი პოპური შეასრულა.
2005-2006 წლებში, ევროპული ტურნეს დაწყებამდე, მათ ერთჯერადი სინგლი Take It Easy გამოუშვეს, თუმცა ტურნე კვლავ უთანხმოებით დასრულდა. ამის შემდეგ ჯგუფი 15 წლის განმავლობაში აღარ გაერთიანებულა, სანამ ტრიო 2021 წელს Global Citizen Live-ის სცენაზე კვლავ ერთად არ წარდგა.
2023 წელს, ალბომის The Miseducation of Lauryn Hill-ის 25-ე საიუბილეო ტურნეს ფარგლებში, ჟანი და პრასი ჰილს შეუერთდნენ. თუმცა, მას შემდეგ, სამართლებრივი პრობლემების გამო, პრასი სხვა ლაივებში აღარ გამოჩენილა. უაიკლეფ ჟანმა კი ჰილთან გამოსვლები განაგრძო, მათ შორის იყო 2024 წელს ლორინ ჰილის ვაჟის, YG Marley-ს Coachella-ზე გამოსვლა, ასევე 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე რობერტა ფლეკისა და D’Angelo-სადმი მიძღვნილი სპეციალური საპატიო ცერემონია.