OCD.-იმ 10 აგვისტოს ახალი სიმღერა „ეს ქალაქი“ გამოაქვეყნა. კომპოზიციის ავტორი თავად ვოკალისტი დაჩი მდივნიშვილია. მისი თქმით, სიმღერის მთავარი ინსპირაცია თბილისში არსებული ეკოლოგიური პრობლემა და ქალაქის მიმართ ჩამოყალიბებული განსაკუთრებული, წინააღმდეგობრივი ემოციაა.
OCD.-ის ვოკალისტის, დაჩი მდივნიშვილის თქმით, სიმღერა „ეს ქალაქი“ არ ეხმიანება მხოლოდ ერთ კონკრეტულ პრობლემას და მსმენელს საკუთარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობასაც უტოვებს, თუმცა მთავარი სათქმელი თბილისისა და მისი ყოველდღიურობის მიმართ გაჩენილი ტკივილია.
დაჩი მდივნიშვილი – მუსიკოსი:
„სიმღერა თბილისში ჰაერი დაბინძურებული რომ იყო, იმ პერიოდში დავწერე. მისამღერი თავიდანვე ასეთი იყო, თუმცა ვერსებში ცოტა განსხვავებული ტექსტი გვქონდა. დაახლოებით ერთი თვის წინ გადავწყვიტეთ, რომ ქართული სიმღერა გამოგვეშვა და ეს კომპოზიცია, ასე ვთქვათ, გავაცოცხლეთ. სიმღერის შინაარსი მიყვარს, რადგან მასში ბევრი რამ შეიძლება იყოს, თუმცა ყველფერს თავისი ახსნა აქვს. მე ძირითადად ქალაქის დაბინძურების თემატიკას და იმ ტკივილს დავუმიზნე, რომ რამდენადაც გვიყვარს თბილისი, იმდენად ვწუხდებით ამ სიყვარულით, რადგან აქ უფრო და უფრო რთულდება ყოველდღიურობა. ტექსტში მეორე პირში ველაპარაკებით ქალაქს, როგორც მეგობარს, რომელსაც გინდა, რომ დაეხმარო, მაგრამ ვერ შველი და ბოლოს ამ გადაწყვეტილებამდე მივდივართ: „მე ვერ დაგტოვებ, მე ვერ გაგწირავ, შენთან ერთად თავს დავიმარხავ“. თუ ვერ გადავარჩინეთ, გვირჩევნია, მასთან ერთად დავრჩეთ“, – აღნიშნავს მუსიკოსი.
სიმღერის ჟღერადობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გიტარისტმა სანდრო გიგოლაშვილმა, რომელმაც გიტარის პარტიები თავად დაწერა და კომპოზიცია კიდევ უფრო გაამდიდრა.
აღსანიშნავია, რომ OCD. ახალი ქართული მუსიკალური ჯგუფია, რომელმაც 2026 წელს Tbilisi Newcomers 2026-ის კონკურსში გაიმარჯვა და Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დიდი აუდიტორიის წინაშე წარდგა. ბენდის წევრები არიან: დაჩი მდივნიშვილი – ვოკალი, სანდრო გიგოლაშვილი – გიტარა, ლაშა ქამადაძე – ბასი, დათა ცაგარეიშვილი – სინთეზატორი, რეზი კუპატაძე – დრამი.
მოისმინეთ OCD.-ის სიმღერა – „ეს ქალაქი“