დრეიკი ელა ლენგლის კონცერტს დაესწრო, რამაც ახალი კოლაბორაციის შესახებ ვარაუდები გააჩინა

შოუზე გამოჩენამდე რეპერმა ქანთრი-შემსრულებელი სოციალურ მედიაშიც შეაქო.
დრეიკი და ელა ლანგლი
SIMONE JOYNER/GETTY IMAGES, JASON KEMPIN/GETTY IMAGES

22 აგვისტოს დრეიკი ქანთრი-ვარსკვლავ ელა ლენგლის კონცერტზე მსმენელებს შორის შეამჩნიეს. შოუ არკანზასში, Simmons Bank Arena-ზე გაიმართა.

კონცერტზე დასწრებამდე დრეიკმა სოციალურ ქსელში ელას ნიჭი უკვე შეაქო, შოუს მსვლელობისას კი მომღერლის ჰიტის – Choosin’ Texas-ის ფონზე მღეროდა და ცეკვავდა. ის არენის დიდ ეკრანებზეც გამოჩნდა. ეს კომპოზიცია ცოტა ხნის წინ Billboard Hot 100-ის ჩარტში პირველ ადგილზე დაწინაურდა და ამ პოზიციას უკვე მე-18 კვირაა ინარჩუნებს, რაც მომღერლის ჩარტების ისტორიაში ხანგრძლივობით მეოთხე ყველაზე წარმატებული შედეგია.

16 აგვისტოს დრეიკმა ინსტაგრამის იმ პოსტზეც დატოვა კომენტარი, სადაც მომღერლის ტეხასური ტურნეს მიმოხილვა იყო ასახული და ლენგლის, როგორც სიმღერების ავტორის ნიჭს გაუსვა ხაზი. გარდა ამისა, ივლისში, როდესაც დრეიკი ჰიუსტონის ერთ-ერთ კლუბში DJ-ის ამპლუაში წარდგა, მან სეტში სწორედ Choosin’ Texas ჩართო.

ლენგლის შოუზე დრეიკის გამოჩენამ ფანებს შორის ახალი თეორია გააჩინა: ხომ არ იგეგმება მათ შორის მუსიკალური კოლაბორაცია? ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ისიც ივარაუდა, რომ რეპერი შესაძლოა ელას სიმღერის სემპლის გამოყენებას გეგმავდეს.

როგორც ჩანს, ლენგლიც დადებითადაა განწყობილი დრეიკის მიმართ. ალაბამელმა არტისტმა 15 აგვისტოს TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც დრეიკისა და ლილ უეინის 2011 წლის ჰიტის – HYFR-ის ტექსტს აჰყვა.

ბოლო დღეებში დრეიკის მსმენელებმა ისიც ივარაუდეს, რომ არტისტი შესაძლოა ახალი პროექტის გამოშვებას გეგმავდეს. სამი ალბომის ზედიზედ გამოცემის შემდეგ, რეპერმა 21 აგვისტოს ინსტაგრამზე CD-ის გარეკანის ფოტო გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ მიანიშნა საიდუმლო პროექტზე – FEAR OF MISSING OUT.

თუ დრეიკი ელა ლენგლისთან ითანამშრომლებს, ეს ქანთრი არტისტთან მისი პირველი კოლაბორაცია იქნება. რაც შეეხება ლენგლის, მან ჰიპ-ჰოპში ბედი უკვე სცადა – 2025 წელს BigXthaPlug-თან ერთად ჩაწერა ტრეკი Hell at Night, რომელმაც Billboard Hot 100-ში 26-ე ადგილი დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„წინწყაროს” თანამედროვე ვერსია ბიბი კვაჭაძისა და გიორგი უშიკიშვილისგან

შეიძლება დაგაინტერესოთ

კოლუმბიის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სკოლების აღსადგენად შაკირა 1.25 მილიონ დოლარს გამოყოფს

ჩოკოს რეგიონის სკოლების აღსადგენად მომღერალი Global Citizen-თან, Live Nation-სა და CAF-თან გაერთიანდა.
მეტი