მომღერალი და სიმღერების ავტორი დოლი პარტონი, რომლის შემოქმედებითი კარიერა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, 25 აგვისტოს ნეშვილში, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯანმრთელობის გაურკვეველი პრობლემების გამო, პარტონი გასული წლის განმავლობაში ძირითადად ჩამოშორებული იყო საზოგადოებრივ ცხოვრებას. ჯანმრთელობის მდგომარეობამ ავტორ-შემსრულებელი იძულებული გახადა, შეემცირებინა საჯარო გამოსვლები და ჯერ გადაედო, ხოლო შემდეგ გაეუქმებინა 2025 წლისთვის დაგეგმილი შოუების სერია ლას-ვეგასში.
„დოლის თხოვნით, უახლოესი ოჯახის წევრებისთვის ჩატარდება პატარა, კერძო ცერემონია,“ – ნათქვამია განცხადებაში. ყვავილების ნაცვლად კი ოჯახი მომღერლის თაყვანისმცემლებს სთხოვს დონაციები გაიღონ პარტონის მიერ დაფინანსებული საბავშვო წიგნების ბიბლიოთეკის – Imagination Library-სთვის.
„ჩემი მაგიური ძალა ის არის, რომ სრულიად ყალბად გამოვიყურები მაშინ, როცა აბსოლუტურად ნამდვილი ვარ, “ – ამბობდა დოლი. პარტონი, რომელიც Billboard-ის რედაქტორებმა 2024 წელს ყველა დროის საუკეთესო ქანთრი შემსრულებლად დაასახელეს, კულტურული და კომერციული ფენომენი იყო. Billboard-ის ქანთრი ალბომების საუკეთესო ათეულში მისი 49 ალბომი მოხვდა, რაც ქალ შემსრულებლებს შორის რეკორდია. მან ასევე დააგროვა ყველაზე მეტი პირველი ადგილის მფლობელი ჰიტი ქალ არტისტებს შორის Hot Country Songs-ის ჩარტში.
1946 წლის 19 იანვარს ტენესის შტატის სევიერის ოლქში, ღარიბ ოჯახში დაბადებულმა პარტონმა სიმღერების ჩაწერა ადრეული ასაკიდან დაიწყო: მისი პირველი სინგლი – Puppy Love 13 წლის ასაკში გამოვიდა. 18 წლის დოლი ნეშვილში გადავიდა, სადაც ქანთრის ჟანრის პროფესიონალი კომპოზიტორი გახდა და პარალელურად რამდენიმე მცირე პოპ სინგლიც ჩაწერა. 1966 წელს დაქორწინდა კარლ დინზე.
პარტონმა ქანთრი შემსრულებლის საკუთარი ხელწერა 1967 წელს იპოვა, როდესაც პორტერ ვაგონერის ყოველკვირეულ სატელევიზიო შოუში ნორმა ჯინი შეცვალა, როგორც თანაწამყვანმა და დუეტის პარტნიორმა. 1966 წელს მან გამოუშვა პირველი ჰიტი – Dumb Blonde, რომელმაც Hot Country Songs-ის ჩარტში დაიკავა ადგილი. 1970 წელს კი პარტონმა, როგორც სოლო არტისტმა, ჯიმი როჯერსის Mule Skinner Blues-ის ქავერი ჩაწერა, რომელმაც ჩარტებში მე-3 ადგილს მიაღწია. მომდევნო წლებში ამას მოჰყვა ჰიტების სერია, რომელთაგან ბევრი თავად დაწერა. მათ შორის იყო Coat of Many Colors და My Tennessee Mountain Home. დოლიმ ჩამოაყალიბა მისი პერსონა: ვნებიანი და ემოციური. 1973 წლის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებულმა სიმღერამ – Jolene, რომელიც მოგვიანებით სხვა მომღერლების მიერ ყველაზე ხშირად შესრულებული სიმღერა გახდა, Hot 100 ჩარტში გადაინაცვლა და დოლი პარტონი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.
1986 წელს დოლი პარტონმა გადაიბარა ტენესის შტატის ქალაქ პიჯონ-ფორჯში მდებარე გასართობი პარკი Silver Dollar City და ხელახლა გახსნა Dollywood-ის სახელწოდებით.
1989 წლის ფილმში „ფოლადის მაგნოლიები“ გამოჩენის შემდეგ, პარტონმა ყურადღება კვლავ ქანთრი მუსიკის ჩაწერაზე გადაიტანა და 90-იანი წლების უმეტესი პერიოდის განმავლობაში იშვიათად მართავდა ცოცხალ კონცერტებს. 1994 წელს ავტობიოგრაფიული წიგნი – Dolly: My Life and Other Unfinished Business გამოსცა.
პარტონი საკონცერტო სცენას 2000-იან წლებში დაუბრუნდა – მასშტაბური ტურნეები ჩაატარა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, ხოლო 2014 წელს ინგლისის გლასტონბერის ფესტივალის ჰედლაინერიც გახდა. 2003 წელს გამოიცა ალბომი – Just Because I’m a Woman: Songs of Dolly Parton. მასში მონაწილეობდნენ ნორა ჯონსი, შანაია ტვეინი და მელისა ეთერიჯი. ამის შემდეგ დოლი პარტონმა გადაწყვიტა, მუსიკალურ ინდუსტრიაში ბიზნეს მომართულებითაც განვითარებულიყო და საკუთარი ლეიბლი Dolly Records დააფუძნა, რომლის დებიუტი შედგა 2008 წლის ალბომით – Backwoods Barbie.
2015 წელს სატელევიზიო ფილმი Dolly Parton’s Coat of Many Colors გამოვიდა. ის დაფუძნებული იყო მის 1971 წლის ავტობიოგრაფიულ სიმღერაზე. იმავე წელს, Dollywood’s DreamMore Resort-მა გააფართოვა მისი გასართობი პარკი. 70 წელს გადაცილებული პარტონის ხმა, პერსონა და გარეგნობა საოცრად ახლოს რჩებოდა იმასთან, რაც კარიერის ადრეულ წლებში იყო – ის პლასტიკური ქირურგიისადმი თავის სიყვარულსაც არ მალავდა და მას წარმოაჩენდა, როგორც ჯილდოს იმ უამრავი შრომისთვის, რაც გასწია.
პარტონმა კარიერის მიწურულს დიდ წარმატებას მიაღწია. 2023 წელს Billboard 200-ის ჩარტში მაქსიმალური შედეგი დააფიქსირა, როდესაც ალბომი Rockstar მე-3 ადგილზე მოხვდა. ალბომმა, რომელშიც მონაწილეობდნენ პოლ მაკარტნი, რინგო სტარი, სტინგი, მისი ნათლიშვილი მაილი საირუსი, ლიზო, ოლტონ ჯონი და სხვები, პირველი ადგილი დაიკავა Top Album Sales-ის ჩარტში, რამაც მას თანამედროვე ეპოქაში გაყიდვების ყველაზე დიდი კვირა მოუტანა. მან ასევე გააფართოვა იმ ჟანრების ჩამონათვალი, რომლებსაც შემოქმედებითად ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ქანთრი შემსრულებლად მიიჩნეოდა, მან სინგლები და ალბომები ჩაწერა ისეთ ჟანრებში, როგორიცაა ამერიკანა/ფოლკი, საბავშვო მუსიკა, ქრისტიანული მუსიკა, საცეკვაო/ელექტრონული, პოპი.
შესაძლებლობების გამოყენებით ცნობილმა პარტონმა როკალბომი მას შემდეგ ჩაწერა, რაც 2022 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის კანდიდატთა სიაში მოხვდა და საბოლოო სიაშიც შევიდა. ამის შემდეგ მან Billboard-ს განუცხადა, რომ ახლა თავი ვალდებულად მიაჩნდა, როკალბომი შეექმნა. Rockstar-ის დებიუტი Billboard 200-ში მე-3 ადგილზე შედგა, რაც პარტონის ყველაზე მაღალი პოზიცია იყო Billboard-ის მთავარ ალბომების ჩარტში.
2017 წელს გლობალური მარკეტინგული კვლევებისა და მედიაანალიტიკის კომპანია Nielsen-მა პარტონი მსოფლიოში კომერციულად ყველაზე მიმზიდველ ქანთრი შემსრულებლად დაასახელა.
პარტონმა თავისი ქონება გამოიყენა „ფანტაზიის ბიბლიოთეკის“ (Imagination Library) დასაფინანსებლად, რომელიც ყოველთვიურად წიგნებს აწვდის ბავშვებს დაბადებიდან 5 წლამდე და დღემდე 150 მილიონზე მეტი წიგნი აქვს გაცემული. COVID-ის საწყის ეტაპზე მან 1 მილიონი დოლარი გადარიცხა ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, რამაც ხელი შეუწყო Moderna-ს ვაქცინის დაფინანსებას. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო თავისი აპოლიტიკურობით, მას არ ერიდებოდა საკუთარი აზრის დაფიქსირება, როდესაც საქმე თანასწორობას ეხებოდა. 2020 წლის ინტერვიუში, Black Lives Matter-ის პროტესტის დროს, მან Billboard-თან საუბრისას თქვა: „მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც სურთ, რომ მათი ხმა გაიგონ და რა თქმა უნდა, შავკანიანთა სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა (Black lives matter).”
პარტონმა ასევე მრავალჯერ დააფიქსირა მხარდაჭერა LGBTQIA საზოგადოების მიმართ.
70 წელს გადაცილებულიც კი, პარტონი კვლავ სიამოვნებით იყენებდა შანსს, ეთანამშრომლა თავის მუსიკალურ მიმდევრებთან და თანამოაზრეებთან. 2025 წელს მონაწილეობა მიიღო საბრინა კარპენტერის ჰიტში – Please Please Please.
კარლ დინისადმი მისი უსაზღვრო სიყვარულისა და გულისტკივილის დასტურად, პარტონმა 2025 წლის მარტში, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, გამოუშვა ამაღელვებელი სინგლი If You Hadn’t Been There. 2025 წლის ბოლოს ლას-ვეგასში, Caesars Palace-ში პარტონი ექვსი შოუსგან შემდგარი სერიის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ერთი წლით გადადო, ხოლო 2026 წლის მაისში ტურნე საბოლოოდ გაუქმდა მკურნალობის კურსის გაგრძელების გამო. გარდაცვალებამდე პარტონი მუშაობდა ბროდვეის მიუზიკლზე, რომელიც შთააგონა მისმა ცხოვრებამ და რომლის ოფიციალური პრემიერაც 2027 წელს არის დაგეგმილი. Dolly: A True Original Musical მოიცავს როგორც პარტონის მიერ დაწერილ ახალ მუსიკას, ასევე მის მრავალ ჰიტს.
პარტონი თავის ცხოვრებას უყურებდა, როგორც მოწოდებას და არა მხოლოდ მუსიკალურ კარიერას. „როგორც წმინდა წერილშია: ვისაც ბევრი მიეცა, მეტი მოეთხოვება. ამიტომ მე ჩემს ცხოვრებას ყოველდღე ამ პრინციპით ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ღმერთი ამას ელის ჩემგან,” – განუცხადა დოლი პარტონმა Billboard-ს 2020 წელს.