ტენესი დოლი პარტონის გარდაცვალების შემდეგ მუსიკოსს პატივს მიაგებს. 28 აგვისტოს ტენესის გუბერნატორმა ბილ ლიმ და ნეშვილის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ პარტონის პატივსაცემად, აეროპორტისათვის სახელის შეცვლა იგეგმება.
„დოლი პარტონის ცხოვრება სამუდამოდ დარჩება ჩვენი შტატის ისტორიაში. ამიტომაც სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ნეშვილის საერთაშორისო აეროპორტი ჩვენი შტატის რჩეული ადამიანის სახელს ატარებდეს და მოგზაურებს დოლის მუსიკისა და სიკეთის მარადიული მემკვიდრეობით ეგებებოდეს,” – განაცხადა გუბერნატორმა.
ეს განცხადება ქანთრის ჟანრის ვარსკვლავის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში გაკეთდა. პარტონის წარმომადგენელი გუნდის ცნობით, მომღერალი 25 აგვისტოს, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.
გუბერნატორ ბილ ლის თქმით, პარტონის გუნდმა მადლიერება გამოხატა იმ ნაბიჯებისთვის, რაც არტისტის ხსოვნის პატივისცემას ემსახურება.
აეროპორტისთვის სახელის შეცვლის ინიციატივას მხარი ნეშვილის მერმაც დაუჭირა. მან ეს მხარდაჭერა ინსტაგრამზე გაზიარებულ განცხადებაში საჯაროდ გამოხატა.
„დოლი ჩვენთან ერთად მუშაობდა სასტუმროსა და მუზეუმზე – SongTeller-ზე. ის ამ პროექტს ნეშვილისადმი თავისი სიყვარულის გზავნილს უწოდებდა. ახლა ჩვენი ჯერია – მას პატივი ნეშვილის საერთაშორისო აეროპორტისთვის დოლი პარტონის სახელის დარქმევით უნდა მივაგოთ.“
ნეშვილის აეროპორტის სახელის ცვლილების შესახებ ინიციატივას 17 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ. გუბერნატორის განცხადების თანახმად, დამატებითი დეტალები მომდევნო კვირებში გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ ნეშვილის საერთაშორისო აეროპორტისთვის „დოლი პარტონის საერთაშორისო აეროპორტის“ დარქმევის მოთხოვნით სპეციალური პეტიციაც მომზადდა.