U2 – 2027 წელს მსოფლიო ტურნეს, The Greatest Show On Earth-ის ფარგლებში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში გამართავს. ჯგუფმა ახალი საკონცერტო თარიღები 29 ოქტომბერს დააანონსა. ტურნეს ევროპული ნაწილი აპრილიდან ივლისის ჩათვლით სტადიონებზე გაიმართება.
ტურნე, სახელწოდებით Carnaval De Luz Presents: The Greatest Show On Earth, სტარტს 26 აპრილს სტოკჰოლმის Strawberry Arena-ზე აიღებს, სადაც მათ მხარს ბრიტანული როკჯგუფი Wolf Alice დაუჭერს. ტურნეს მარშრუტი პარიზს, ლისაბონს, ამსტერდამს, ლონდონს, ბერლინსა და მილანს მოიცავს. ევროპული ტურნე მილანში, Stadio San Siro-ზე დაგეგმილი ორი კონცერტით, 5 და 6 ივლისს დასრულდება.
U2 ლონდონის Tottenham Hotspur სტადიონზე ორ კონცერტს 18 და 19 ივნისს გამართავს. პრესრელიზის თანახმად, ჯგუფი მალე ესპანეთში დაგეგმილი კონცერტების თარიღებსა და ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეს ახალ ეტაპსაც გამოაქვეყნებს.
ევროპული ტურნეს თარიღების გამოცხადებას წინ ლათინო ამერიკაში დაგეგმილი კონცერტების ბილეთების სრულად გაყიდვა უძღოდა, რომელიც 23 თებერვალს მეხიკოში, Estadio GNP Seguros-ზე დაიწყება, შემდეგ კი ბრაზილიასა და არგენტინაში გაგრძელდება. ტურნეს ამ ნაწილში ჯგუფის სპეციალური სტუმარი Beck იქნება.
დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა თავდაპირველად U2.com-ის გამომწერებისთვის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც 2 ნოემბერს დაიწყება. Visa-ს ბარათის მფლობელებს კი ბილეთების შეძენა ცალკე წინასწარი გაყიდვის ფარგლებში – 4 ნოემბერს შეეძლებათ.
ბილეთებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ნახვა ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
ჯგუფის წევრებმა: ბონომ, The Edge-მა, ადამ კლეიტონმა და ლარი მალენმა გავრცელებულ პრესრელიზში ტურნეს სახელწოდებაზეც ისაუბრეს:
„The Greatest Show on Earth“? ეს უკვე ნამდვილი გამოწვევაა – გამოწვევა, რომელსაც საკუთარ თავსაც ვუყენებთ და სხვებსაც: შევქმნათ ისეთი საღამო, რომელიც თითოეულ ადამიანს მთელი ცხოვრება ემახსოვრება.
ცოტა შოუმენობა, ცოტა შამანობა, ფერების ნამდვილი ფეიერვერკი, მძლავრი გიტარა, ბასი და დასარტყამი ინსტრუმენტები, მელოდიები რომლებიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. თუ მსმენელი ჩვენს კონცერტზე მოვა, ჩვენც მთელი ენერგიით დავხვდებით.“
ტურნე The Greatest Show On Earth U2-ს ლას-ვეგასში, The Sphere-ში გამართული წარმატებული რეზიდენციის შემდეგ იწყება. ჯგუფმა 2023 წლის სექტემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში 40 კონცერტი გამართა. შოუს ფარგლებში მუსიკოსებმა 1991 წლის ალბომი Achtung Baby სრულიად ახლებურად წარადგინეს, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიები და შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტები იყო გამოყენებული.
Billboard-ის ჟურნალისტმა ქეითი ატკინსონმა, რომელიც U2-ის The Sphere-ში გამართული კონცერტის გახსნით საღამოს ესწრებოდა, ჯგუფი ასე შეაფასა: „ეს ოთხეული სწორედ ის ჯგუფია, რომელსაც ასეთი გასაოცარი სივრცის გახსნა შეეფერება. ეს იყო ჯადოსნური შოუ, U2-ს მუსიკა და გზავნილი ყოველთვის რჩებოდა ორსაათიანი სეტის მთავარ ფოკუსში – მაშინაც კი, როდესაც 110-მეტრიან ეკრანზე პოპკულტურის გამოსახულებები სწრაფად ცვლიდა ერთმანეთს.“
გასულ თვეს U2-მ ჯგუფის დაარსებიდან 50 წლის იუბილე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით მუსიკოსებმა დუბლინის Mount Temple Comprehensive-ის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სპეციალური კონცერტი გამართეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სკოლაში სწავლობდნენ ჯგუფის წევრები. მოგვიანებით კი მათ ქალაქში, გრაფტონის ქუჩაზე სპონტანური შოუ დადგეს.
ჯგუფმა ასევე დაადასტურა, რომ 2028 წელს ირლანდიაში კონცერტს გეგმავს: „The Greatest Show On Earth-ის შემდეგ ეტაპზე ჯერ ბევრს ვერაფერს ვიტყვით. დეტალებზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ, თუმცა ერთი რამ უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: ტურნეს ირლანდიაში დავასრულებთ, ამ განსაკუთრებული საღამოს აღსანიშნად სხვა ადგილს ვერც კი წარმოვიდგენთ.“- განაცხადა The Edge-მა.
დიდ კონცერტებამდე, მომდევნო კვირას, U2 მცირე აუდიტორიის წინაშე წარდგება. ჯგუფი 3 ნოემბერს BBC Music-ისთვის ექსკლუზიურ, დახურულ კონცერტს გამართავს. გამოსვლა ცენტრალურ ლონდონში, ჯერჯერობით უცნობ სივრცეში გაიმართება და მას მხოლოდ შერჩეული აუდიტორია დაესწრება.
U2 Billboard 200-ის ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკჯგუფია. მის ანგარიშზეა რვა ნომერ პირველი ალბომი, ამ წარმატების დასაწყისი 1987 წელს გამოცემული The Joshua Tree გახდა. Billboard Hot 100-ის ჩარტში კი ჯგუფი საუკეთესო ათეულში არაერთი ჰიტით შევიდა, მათ შორის სიმღერით With Or Without You, რომელიც 1987 წელს ჩარტის სათავეში სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, ასევე სიმღერით – I Still Haven’t Found What I’m Looking For, რომელმაც იმავე წელს პირველი ადგილი დაიკავა.
ნახეთ U2-ს 2027 წლის ბრიტანული და ევროპული ტურნეს თარიღები:
26 აპრილი – სტოკჰოლმი, შვედეთი @ Strawberry Arena
28 აპრილი – სტოკჰოლმი, შვედეთი @ Strawberry Arena
5 მაისი – პარიზი, საფრანგეთი @ Stade de France
8 მაისი – პარიზი, საფრანგეთი @ Stade de France
27 მაისი – ლისაბონი, პორტუგალია @ Estádio da Luz
5 ივნისი – ამსტერდამი, ნიდერლანდები @ Johan Cruijff ArenA
6 ივნისი – ამსტერდამი, ნიდერლანდები @ Johan Cruijff ArenA
18 ივნისი – ლონდონი, ინგლისი @ Tottenham Hotspur Stadium
19 ივნისი – ლონდონი, ინგლისი @ Tottenham Hotspur Stadium
30 ივნისი – ბერლინი, გერმანია @ Olympiastadion
5 ივლისი – მილანი, იტალია @ Stadio San Siro
6 ივლისი – მილანი, იტალია @ Stadio San Siro