ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის, BIAFF-ის მე-20 გამოცემა დასრულდა. რვა დღის განმავლობაში ფესტივალის პროგრამამ მაყურებელს თითქმის 100 ფილმი შესთავაზა.
წელს საკონკურსო პროგრამაში 10 სრულმეტრაჟიანი და 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წარდგენილი. ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ჟიურიმ კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა.
ფესტივალის მთავარი ჯილდო, გრან პრი, ლენს ჰამერის ბრიტანულმა ფილმმა „დედოფალი ზღვასთან“ მოიპოვა. კინოფესტივალის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ლევან კოღუაშვილს გადაეცა, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში კი ფილმის „გურია“ მთავარი როლის შემსრულებელმა კახა ჭოლაძემ გაიმარჯვა. ჟიურიმ საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მთავარი პრიზი ბრიტანელ მსახიობს ანა კეპლერ მარშალს გადასცა, რომელმაც მთავარი როლი გრან პრით დაჯილდოებულ ფილმში „დედოფალი ზღვასთან“ შეასრულა. სპეციალური აღნიშნვით გიორგი გიგაური დაჯილდოვდა გიორგი ოვაშვილის ფილმში „მთვარე მამაა ჩემი.”

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის მთავარი პრიზი ფილმს „მწველი სურნელის ჩურჩული“ (სომალი/ავსტრია/გერმანია, 2026) გადაეცა. სპეციალური აღნიშვნით მარიამ ხაჭვანი – „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ (საქართველო), დალია კელეში – „გრავიტაცია“ (თურქეთი) და კამილა საგინტკა – „რა ჩაიდინე, ზარინა?!“ (ყაზახეთი) დაჯილდოვდა.
ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზი განსაკუთრებული სამსახიობო ანსამბლისთვის ლევან კოღუაშვილის ფილმს „გურია“ გადასცა. სპეციალური აღნიშვნა კი გიორგი ოვაშვილის ფილმმა “მთვარე მამაა ჩემი” დაიმსახურა.
ახალგაზრდული ჟიურის რჩეული კი რაფაელ მანუელის ფილმი „ფილიპინიანა”(სინგაპური / დიდი ბრიტანეთი / ფილიპინები / საფრანგეთი) გახდა, რომელსაც გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზი გადაეცა. ახალგაზრდული ჟიურის სპეციალური აღნიშვნა მიიღო გიორგი ოვაშვილის ფილმმა “მთვარე მამაა ჩემი”.
გიორგი ოვაშვილი ფესტივალზე ასევე დაჯილდოვდა რეზო ჩხეიძის სახელობის პრიზით ფილმის „მთვარე მამაა ჩემი” საუკეთესო რეჟისურისთვის.

ფესტივალის ძირითადი პროგრამა Cavea Grand Mall-ში იყო წარმოდგენილი, გალა-ჩვენებებსა და მთავარ საზეიმო ღონისძიებებს კი ბათუმის დრამატული თეატრი მასპინძლობდა. სწორედ აქ გაიმართა BIAFF-ის დახურვის ცერემონია, რომელსაც აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ბლიაძე, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

BIAFF-ის წლევანდელი პროგრამა მხოლოდ საკონკურსო ჩვენებებით არ შემოფარგლულა. ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ღია ცის ქვეშ გამართული კინოჩვენებები იყო, მათ შორის „ივერია ბიჩზე“ და ევროპის მოედანზე, რომლებმაც კინო ბათუმის საჯარო სივრცეებში გადაიტანა.
ფესტივალის პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს.
BIAFF-ის 20-წლიანმა ისტორიამ ფესტივალი ბათუმის კულტურული კალენდრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად აქცია. საიუბილეო გამოცემამ კი კიდევ ერთხელ გააერთიანა საერთაშორისო კინო, ქართველი ავტორები და მაყურებელი ქალაქის სხვადასხვა სივრცეში.
ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ბათუმის მერია, „ქართული ფილმი“, საქართველოს ეროვნული არქივი და იტალიის საელჩო საქართველოში.