ფესტივალი „საჩუქარი” რიგით 29-ე სეზონს ხსნის. ღონისძიება სტარტს 16 ოქტომბერს აიღებს და 14 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში თბილისი თანამედროვე თეატრისა და ცეკვის გამორჩეულ ევროპულ დასებსა და ხელოვანებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება მასტერკლასები, შემოქმედებითი რეზიდენციები და პროფესიული შეხვედრები.
წლევანდელ სეზონს იტალიური თეატრალური კომპანია Dewey Dell გახსნის წარმოდგენით „კურთხეული გაზაფხული”. პროფესიულმა საცეკვაო ჟურნალმა DANZA&DANZA სპექტაკლი საუკეთესო იტალიურ საცეკვაო ნამუშევრად დაასახელა.
წელს თბილისს საერთაშორისოდ აღიარებული ბელგიელი ქორეოგრაფი და რეჟისორი ვინ ვანდეკეიბუსი ეწვევა, რომლის წარმოდგენა „მანკიერი შთამომავლობა” 24 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრში შედგება. ვანდეკეიბუსი ასევე გამართავს ერთობლივ მასტერკლასს ნინო ანანიაშვილთან ერთად. ცნობილ ქორეოგრაფს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო „სრულყოფილებისთვის ხელოვნებაში” გადაეცემა.
აღსანიშნავია ასევე შერონ იალისა და გაი ბეჰარის ახალი სპექტაკლი „სევდა მოვა მოგვიანებით”. ქართველ მაყურებელს მისი ნახვა 6 და 7 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შეეძლება.
9-10 ნოემბერს ღვინის ქარხანაში შედგება კრისტინა გალბიატის სპექტაკლის „ფრანკენშტეინი – მწერლის ავტოპორტრეტი: ახალი ქმნილება” ჩვენება. სპექტაკლი მერი შელის ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი.
ფესტივალის ფარგლებში თბილისს ასევე ეწვევა Teatri di Bari, რომელიც 10 ნოემბერს თუმანიშვილის თეატრის სცენაზე წარადგენს სპექტაკლს, სახელწოდებით „ამფიტრიონი”.
2026 წელი ფესტივალისთვის გამორჩეულია იმითაც, რომ „საჩუქარი“ თავისი ისტორიის ახალ ეტაპზე გადადის, პირველად აფართოებს პროგრამას საქართველოს ფარგლებს გარეთ და ქართულ თეატრს ევროპის წამყვან სცენებზე წარადგენს. აღნიშნული მიმართულების პირველი პროექტია „წასული / GONE“ – თუმანიშვილის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და Emilia Romagna Teatro / Teatro Nazionale-ს ერთობლივი პროდუქცია, რომელიც Kepler-452-თან თანამშრომლობით არის შექმნილი.
ფესტივალი ასევე მოიცავს საერთაშორისო პროფესიულ პლატფორმას Gift Pro 2026 და ბიენალე კოლეჯის ახალ სეზონს. 4 ნოემბერს კი მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფესტივალის ფარგლებში შედგება წიგნის „მიხეილ თუმანიშვილი იური მეჩითოვის მეხსიერებაში“ პრემიერა.
ბილეთები შეიძინეთ tkt-სა და biletebi-ს პლატფორმებზე.