17 ოქტომბერს პირველი Tbilisi Hip-Hop Festival ჩატარდა. ფესტივალმა ურბანული კულტურის სხვადასხვა ფორმა – მუსიკა, ქუჩის ცეკვა და ვიზუალური ხელოვნება გააერთიანა. ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
დღის ნაწილი სრულად დაეთმო ცეკვისა და გრაფიტის ბეთლებს, დოკუმენტალისტიკას, საარქივო გამოფენებს, ვინილის კუთხესა და ვორქშოფებს. მთავარი სცენა საღამოს გაიხსნა და პირველი გამომსვლელი ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი Taha იყო. სცენაზე აუდიტორიის წინაშე ასევე წარდგნენ BNXYY, Pele, Kay G, Nick Green, ბედინა და ერეკლე დეისაძე. ამის შემდეგ სცენა დაეთმო ფესტივალის სპეციალურ სტუმრებს – Sabana-სა და Tashyo-ს დუეტს.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
მათი პერფორმანსის შემდეგ კი საერთაშორისო ჰედლაინერების ნაწილი დაიწყო, რომელიც Flohio-მ გახსნა. აღსანიშნავია, რომ Flohio-მ თბილისში მცირე მასშტაბის კონცერტი 2021 წელსაც გამართა. სცენაზე გამოსვლისას ის აუდიტორიას ქართულად მიესალმა. მისი პერფორმანსი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.
Flohio-ს შემდეგ სცენაზე არტისტები noki და 10G$ წარდგნენ.
Tbilisi Hip-Hop Festival Talib Kweli-ს პერფორმანსით დაიხურა. არტისტი ცნობილია Mos Def-თან ერთად შექმნილი საკულტო პროექტით, სახელწოდებით Black Star, ამიტომ ჰიპ-ჰოპის ძველი სკოლის მოყვარულები მის გამოსვლას განსაკუთრებით ელოდნენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები Billboard-თან საუბარში აღნიშნავენ, Tbilisi Hip-Hop Festival-ის იდეა წლების განმავლობაში ჰიპ-ჰოპის საფუძვლიანი მოსმენის, მისი ისტორიისა და ფესვების უწყვეტი კვლევისა და ამ კულტურისადმი პირადი, ორგანული სიყვარულის ლოგიკურ შედეგად გაჩნდა.
„ჰიპ-ჰოპი არ არის რომელიმე სხვა ფესტივალის „გვერდითი სცენა“ ან საკლუბო ღამის დროებითი ჩანართი. ეს არის თვითმყოფადი, მასშტაბური კულტურა, რომელსაც სჭირდება საკუთარი, ავტონომიური სივრცე – სახლი, სადაც მისი ყველა ელემენტი სრულფასოვნად გაიშლება და სადაც ეს საზოგადოება თავს მასპინძლად იგრძნობს,“ – ამბობს ჯაბა შავიშვილი.