არიანა გრანდე, რობერტ დე ნირო და ბენ სტილერი ჯიმი ფელონს The Tonight Show-ში ეწვივნენ და გადაცემის სპეციალურ გამოშვებაში საშობაო სიმღერების შემსრულებელ ტრიოდ მოგვევლინენ. გადაცემა NBC-ის ეთერში 8 ნოემბერს გამოვიდა, იქამდე კი, Billboard-ზე პრომო გავრცელდა.
გადაცემის ამ ეპიზოდში ფელონი როკფელერის ცენტრის 2026 წლის საშობაო ნაძვის ხის დადგმას აღნიშნავს. რობერტ დე ნირო და ბენ სტილერი ჯიმი ამ ზეიმს მოულოდნელი პერფორმანსით შეუერთდნენ და ტრადიციული სიმღერა – O Christmas Tree შეასრულეს.
ვოკალური პარტიის მთავარი შემსრულებელი, ცხადია, არიანა გრანდე იყო. გარდა სიმღერისა, არიანა, დე ნირო და სტილერი ფელონს გადაცემის განმავლობაშიც ესაუბრნენ. შოუს მუსიკალური სტუმარი რეპერი Lil Baby იყო.
მსახიობების ერთობლივი გამოჩენა მათი ახალი ფილმის, Focker-in-Law-ის პიარ კამპანიის ნაწილია. პოპულარული ფილმის ახალი ნაწილი კინოთეატრებში 25 ნოემბერს გამოდის. არიანა გრანდე ოლივია ჯონსის როლს ასრულებს, რომელსაც გრეგისა და პემის უკვე გაზრდილ ვაჟთან აქვს რომანტიკული ურთიერთობა.
8 ნოემბრის გადაცემა ოთხი სპეციალური გამოშვებიდან მეორეა, რომლებიც ამ სეზონზე NBC-ზე სპორტული მატჩის ტრანსლაციის შემდეგ გადის. პირველი ასეთი გადაცემა 27 სექტემბერს გამოვიდა, სადაც სტუმრები სილვესტერ სტალონე და ლუკ ბრაიანი იყვნენ.
15 ნოემბრის კვირის გადაცემას ჯენიფერ ლოპესი და ენტონი მაკი ეწვევიან, მუსიკალურ ნომერს კი რეპერი Quavo შეასრულებს. კიდევ ერთი სპეციალური ეპიზოდი 10 იანვარს იგეგმება, სტუმრების ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.