12 ნოემბერს The Weeknd-მა ახალი სინგლის, Hong Kong-ის მელანქოლიური ვიდეოკლიპი გამოუშვა. ევან ლარსენის რეჟისორობით შექმნილი ნამუშევარი მაყურებელს ჰონგ-კონგის ყოველდღიურ ცხოვრებაში ამოგზაურებს და ქალაქის დღის ხმაურიან ქუჩებსა და ღამის დინამიურ რიტმს აჩვენებს. ვიდეოკლიპს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს Cantopop-ის ლეგენდარული მომღერლის, ფეი ვონგის ვოკალური შესრულება. მასში ასევე მონაწილეობს ჩინელი სუპერმოდელი მინგ სი.
კლიპი მონგ-კოკსა და ჰონგ-კონგის კუნძულზეა გადაღებული. ვიდეო ნავსადგურზე განთიადის კადრით იწყება, რა დროსაც მომღერალი ნაზი კლავიშებისა და მშვიდი რიტმის ფონზე მღერის.
ხმაურიანი ბაზრის შემდეგ კადრში ბარში განმარტოებული მომღერალი ჩნდება, მაშინ, როცა მინგ სი ღამის გვირაბში სპორტული მანქანით მიქრის. მოგვიანებით აბელი კარაოკე-ბარში არშემდგარ სიყვარულზე მღერის, ფინალში კი კვლავ მარტო რჩება.
Hong Kong, რომელიც მომღერლის ახალი ნამუშევარია, პირველად 24 ოქტომბერს, ჰონგ-კონგის Kai Tak-ის სტადიონზე შესრულდა. სიმღერის ვიდეოს პრეზენტაცია დაგეგმილი ოთხი კონცერტიდან პირველ საღამოს სტადიონის დიდ ეკრანზე შედგა.
ოფიციალური რელიზის თანახმად, სიმღერამ ჩინეთის წამყვან მუსიკალურ სტრიმინგ-პლატფორმებზე უკვე არაერთი რეკორდი მოხსნა: მათ შორის სიმღერა NetEase Cloud Music-ზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უცხოურ სიმღერებს შორის ყველაზე წარმატებული სადებიუტო ნამუშევარი გახდა. გარდა ამისა, სიმღერამ QQ Music-ზე დასავლელ მამაკაც არტისტებს შორის ისტორიაში საუკეთესო სადებიუტო შედეგი დააფიქსირა.
The Weeknd-მა თავისი რეკორდული ტურნე After Hours Til Dawn 5 ნოემბერს, მალაიზიაში, კუალა-ლუმპურის TM National სტადიონზე დაასრულა. ტურნეს ფარგლებში არტისტმა ხუთი კონტინენტის 30 ქვეყნის 67 ქალაქში 176 კონცერტი გამართა, შოუებზე ჯამში 9 მილიონზე მეტი ბილეთი გაიყიდა და შემოსავალმა 1.3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ნახეთ Hong Kong-ის ვიდეოკლიპი: