Pink Floyd-ის ყოფილ წევრებს – როჯერ უოტერსსა და დევიდ გილმორს შორის მრავალწლიანი დაპირისპირება კვლავ გამძაფრდა. გილმორის მეუღლემ, პოლი სემსონმა, twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით, უოტერსი ანტისემიტიზმში, მიზოგინიასა და სხვა მრავალ არაეთიკურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.
აღსანიშნავია, რომ წარსულში პოლი სემსონმა სიმღერების ავტორის ამპლუაში Pink Floyd-თან რამდენჯერმე ითანამშრომლა. აღნიშნული პოსტით მან როჯერ უოტერსს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „როჯერ უოტერს, სამწუხაროდ ანტისემიტი ხარ. ასევე პუტინის აპოლოგეტი და მატყუარა, მიმთვისებელი, თვალთმაქცი, გადასახადებისგან თავის ამრიდებელი, ქალთმოძულე, შურით დაავადებული, მეგალომანიაკი. კმარა შენი სისულელეები“. პოსტი დევიდ გილმორმა მოიწონა – „ყველა სიტყვა აშკარად მართალია“ – აღნიშნა მან.
უოტერსმა კრიტიკას მალევე უპასუხა – „როჯერ უოტერსი მის შესახებ გამოთქმული უკიდურესად მცდარი, კრიტიკული განცხადებების შესახებ საქმის კურსშია და მათ მთლიანად უარყოფს“ – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.
სავარაუდოდ, პოლი სემსონი თავისი პოსტით როჯერ უოტერსის ახალ ინტერვიუს გამოეხმაურა. გერმანულ მედია გამოცემასთან – Berliner Zeitung-თან საუბრისას, უოტერსმა პუტინი კიდევ ერთხელ დაიცვა: „უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგების უპირველესი მიზანი იარაღის ინდუსტრიისათვის სარგებლის მოტანაა. და მე მაინტერესებს: პუტინი უფრო დიდი განგსტერია, ვიდრე ჯო ბაიდენი, ან ყველა ის ადამიანი, ვისაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის პოლიტიკაზე ეკისრებოდა პასუხისმგებლობა? არ ვარ დარწმუნებული. პუტინი არ შეჭრილა ვიეტნამსა და ერაყში, ასე არ არის?“ აღნიშნულ ინტერვიუში როჯერ უოტერსმა თავისი უწინდელი პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა – მან აღნიშნა, რომ „მეტად ღიაა“, პუტინის სათქმელს მოუსმინოს.
„პუტინმა თავისი ქმედებების რამდენიმე საფუძველი დაასახელა და თუ კარგად გავიგე, ეს მიზეზები შემდეგია: 1. ჩვენ გვინდა, დონბასში შეწყდეს რუსულად მოსაუბრე მოსახლეობის გენოციდი; 2. გვინდა, ვებრძოლოთ ნაციზმს უკრაინაში“. ამ განცხადებით, როჯერ უოტერსმა კომენტარი გააკეთა პუტინის პოზიციაზე, რომელიც ომში გადაიზარდა და ათობით ათასი ჯარისკაცი და მოქალაქე იმსხვერპლა. ამავდროულად, არსებობს ერთსულოვანი კონსენსუსი იმის შესახებ, რომ უკრაინაში ე.წ. „ნაციზმთან ბრძოლის“ საბაბი პუტინის მიერ გავრცელებული ყალბი ნარატივია.
ინტერვიუს დროს, რეპორტიორმა უოტერსს უთხრა, რომ პუტინის დაცვით საზოგადოებას აღიზიანებს. ამ შენიშვნაზე, როჯერ უოტერსმა უკან არ დაიხია და თქვა, რომ რუსეთის ბოიკოტი არასწორია. მუსიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან დაკავშირებით განსხვავებული განცხადებების გამო, პოლონეთში მისი კონცერტის გაუქმება „რუსოფობიის“ ნათელი მაგალითია.
ამავე ინტერვიუში უოტერსი კიდევ ერთ პოლიტიკურ პოზიციას შეეხო და კვლავაც აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობა პალესტინელი ხალხის გენოციდს აწყობს. მუსიკოსმა ისრაელი ნაცისტურ გერმანიას შეადარა.
მას შემდეგ, რაც 1985 წელს როჯერ უოტერსმა Pink Floyd დატოვა, ის გილმორთან და დრამერ ნიკ მეისონთან მრავალწლიან სამართლებრივ დავაში იყო ჩართული. დავა ჯგუფის სახელის გამოყენებას ეხებოდა.
იხილეთ, პოლი სემსონისა და როჯერ უოტერსის მიერ twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტები: