მოუსმინეთ: დეივ გროლმა მეტალ ალბომი Dream Widow გაავრცელა

ფოტო: Theo Wargo/ViacomCBS

ცნობილი ამერიკული ჯგუფის, Foo Fighters-ის ფრონტმენმა და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორგზის შეყვანილმა შემსრულებელმა, დეივ გროლმა თავისი შემოქმედებითი ენერგია ახალი, უფრო მძიმე ჟღერადობის პროექტისკენ Dream Widow მიმართა.

ახლად გავრცელებული ალბომი Foo Fighters-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “სტუდია 666” დამატებაა. ჩანაწერის ჟღერადობა ძველ ჰევი მეტალთან გვაბრუნებს. გროლისთვის შთაგონების წყაროდ ამ ჟანრის მონსტრები Metallica და Motorhead იქცნენ. აღსანიშნავია, აგრეთვე, ისეთი კოლექტივების გავლენა, როგორიცაა Ministry და Van Halen.

ალბომი, რომელსაც გიტარების მძაფრი ჟღერადობა და დიდი რაოდენობით სოლო პარტიები გამოარჩევს, თავის გარეკანთან ერთად გამოწვევა იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მეტ დროს ატარებს, ვიდრე როკ კონცერტებზე.

“ვგრძნობ, როგორ უბერავს შავი ქარი”, – მღერის გროლი კომპოზიციაში Cold, რომელიც სტუდიური ჩანაწერის განწყობას განსაზღვრავს. 

თუმცა, Dream Widow ვერ შეძლებს იმ მსმენელის შოკირებას, რომელიც დეივ გროლის კარიერას კარგად იცნობს. ამერიკელი მულტიინსტრუმენტალისტისთვის უცხო არც მძიმე საუნდია და არც კოლაბორაციულ თუ საიდ პროექტებში მონაწილეობა. მაგალითისთვის, შეგვიძლია, მისი მეტალ პროექტი Probot და ჯგუფთან Queens of the Stone Age ერთად ჩაწერილი უფრო მძიმე ჟღერადობის ნამუშევრები გავიხსენოთ.

დეივ გროლი 1990-94 წლებში ლეგენდარული Nirvana-ს დრამერი იყო. კურტ კობეინის თვითმკვლელობისა და კოლექტივის დაშლის შემდეგ მუსიკოსმა ახალი ჯგუფი Foo Fighters ჩამოაყალიბა. ამ დროისთვის თავისი ბოლო ალბომი Medicine at Midnight ბენდმა 2021 წელს გაავრცელა. ჩანაწერმა გამოსვლისთანავე Billboard 200-ში მე-3 პოზიცია დაიკავა, მასში შესული სამი კომპოზიცია კი რადიოეთერში გაჟღერების რაოდენობის მიხედვით შედგენილ როკისა და ალტერნატივის ჩარტს ლიდერობდა. გრემის 64-ე დაჯილდოების ცერემონიაზე სტუდიური ნამუშევარი წლის საუკეთესო როკ ალბომის ნომინაციაშია წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ Foo Fighters-ს ეს ჯილდო დღემდე ოთხჯერ აქვს მოგებული, რაც ამ კატეგორიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ჯეი ბალვინმა და ედ შირანმა სიმღერები Sigue და Forever My Love გაავრცელეს

შემდეგი სტატია

Foo Fighters-ის დრამერი, ტეილორ ჰოკინსი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი