ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა და ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, 15 აპრილს, გარდაცვლილი დედის, სიუზან ოლმსტედის დაბადების დღეზე კომპოზიცია Angel გაავრცელა. მუსიკოსმა სიმღერაზე ვიდეორგოლიც შექმნა, რომელიც მშობელთან ერთად გადაღებულ კადრებს მოიცავს.
Happy birthday mama
— G-Eazy (@G_Eazy) April 15, 2022
ჯი-იზიმ დედის გარდაცვალების შემდეგ სახელოვნებო სფეროს სტუდენტებისთვის 15 000-დოლარიანი სტიპენდია Dandelion Scholarship დააწესა. შერჩეული კანდიდატურა ყოველი წლის 15 აპრილს დასახელდება.
ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It’s Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი Billboard 200-ის ჩარტში მესამე პოზიციაზე გავიდა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა. 2020 წელს კალიფორნიელმა მუსიკოსმა ექსპერიმენტს მიმართა და პოპ როკით შთაგონებული ალბომი Everything’s Strange Here გამოუშვა, რომელმაც თაყვანისმცემლების მოწონება ვერ დაიმსახურა. ბოლო, 2021 წლის ჰიპ ჰოპ სტუდიური ჩანაწერი These Things Happen Too ჩარტში Billboard 200 მე-19 ადგილზე მოხვდა.