ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი Future რიგით მეცხრე ალბომს I NEVER LIKED YOU აანონსებს, რომელიც გაყიდვაში 29 აპრილს ჩაეშვება. მუსიკოსმა სტუდიური ჩანაწერის გარეკანიც გამოაქვეყნა.
ეს Future-ს პირველი სტუდიური ალბომი იქნება 2020 წლის ნამუშევრის High Off Life შემდეგ. ცნობილია, რომ მასში წარმოდგენილი იქნება რეპერებთან: განასთან, ქანიე ვესთთან და დრეიქთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციული კომპოზიციები. ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში მუსიკოსმა განაცხადა, რომ I NEVER LIKED YOU მისი ყველაზე პირდაპირი ალბომი იქნება.
ატლანტელმა ნეივადიუს უილბერნმა, ფსევდონიმით Future, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის თრეფ მუსიკაში ვოკალური ეფექტებისა და მელოდიების გამოყენების პიონერად მიიჩნევა. გრემის მფლობელ შემსრულებელს დღემდე რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, მათ შორის ექვსი Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა. მას აგრეთვე არაერთი წარმატებული კოლაბორაციული ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია.