ცნობილმა პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, ბრიტანულ-ამერიკული როკ ბენდის Fleetwood Mac ვოკალისტისა და სოლო არტისტის, სტივი ნიქსის კომპოზიცია Edge of Seventeen შეასრულა.
• ნახეთ: კელი კლარკსონმა 1981 წლის ჰიტი Get Down On It იმღერა
Edge of Seventeen სტივი ნიქსის 1981 წლის სადებიუტო სოლო ალბომის Bella Donna სინგლია. ტრეკი ბილბორდის ცხელ ასეულში მე-11 პოზიციაზე გავიდა, სტუდიური ჩანაწერი კი Billboard 200-ის სათავეში მოხვდა და ჩარტში ჯამში 143 კვირა გაატარა. გასულ ზაფხულს ნამუშევარს 40 წელი შეუსრულდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კელი კლარკსონი სტივი ნიქსის სიმღერას ასრულებს. გასული წლის ივლისში მან და თავისმა ლაივ ბენდმა Y’all მაყურებელს სტივის ბენდის Fleetwood Mac კომპოზიცია The Chain შესთავაზეს, იანვარში კი ამავე ჯგუფის სინგლი Dreams წარმოადგინეს.
კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.