გიტარა, რომელზეც კობეინი Smells Like Teen Spirit-ში უკრავს, 5 მილიონად გაიყიდა

ფოტო: Kevin Mazur/WireImage

1969 წელს გამოშვებული საკულტო გიტარა Fender Mustang, რომელიც Nirvana-ს სოლისტ კურტ კობეინს 1991 წლის კლიპში Smells Like Teen Spirit უჭირავს, “ჯულიენის” აუქციონზე 4,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ცაციებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი 600 000 დოლარად გასხვისდებოდა.

ინსტრუმენტი კოლექციონერმა ჯიმ ირსეიმ შეიძინა, რომელიც ასევე ამერიკული საფეხბურთო კლუბის Indianapolis Colts მფლობელია. მან პირობა დადო, რომ შემოსავლების ნაწილს თავის მიერ დაფუძნებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მომუშავე ორგანიზაციას Kicking the Stigma გადასცემს. კობეინის ოჯახმა ასევე განაცხადა, რომ მიღებული თანხის ნაწილს ირსეის ხსენებულ ორგანიზაციას გადაურიცხავს.

“აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ შევინახავ და დავიცავ ამერიკული კულტურის კიდევ ერთ ნაწილს, რომელმაც სამყაროსადმი ხედვა შეცვალა. ფაქტი, რომ ჩვენი შემოსავლების ნაწილი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ სტიგმების მსხვრევას მოხმარდება, ამ შენაძენს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის”, – განაცხადა ირსეიმ.

“ჯულიენის” აუქციონის აღმასრულებელმა დირექტორმა, ინდიანელმა დერენ ჯულიენმა კი აღნიშნა, რომ მის მშობლიურ შტატში კულტურული მნიშვნელობის ინსტრუმენტების დაცვა პირადად მისთვის დიდი პატივია. “ეს იყო გამორჩეული აუქციონი, რომელმაც ჩემს კარიერას დიდი უპირატესობა შესძინა. მოხარული ვარ, რომ თანხა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასაც მოხმარდება”.

ორგანიზაციამ Irsay Collection კი განაცხადა, რომ კობეინის გიტარა და მათ მფლობელობაში არსებული სხვა ინსტრუმენტები, რომლებზეც უკრავდნენ ბობ დილანი, პრინსი, ელტონ ჯონი, ჯერი გარსია, ლეს პოლი, ჯიმი ჰენდრიქსი, “ბითლზის” წევრები და სხვები – 3 ივნისს ნიუ იორკში, მანჰეტენზე, Hammerstein Ballroom-ში გამოიფინება.

კურტ კობეინმა Guitar World-თან უკანასკნელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ Smells Like Teen Spirit-ის ვიდეორგოლში გამოყენებული გიტარა მისი ერთ-ერთი ფავორიტი ინსტრუმენტი იყო.

“მე ცაცია ვარ და მარტივი არაა, გონივრულ ფასად მაღალხარისხიანი გიტარა შევიძინო. Fender Mustang ჩემი რჩეულია. აქამდე ამ მოდელის ორი ინსტრუმენტი მქონდა”, – თქვა კობეინმა.

აუქციონზე ასევე გაიყიდა კობეინის ავტომობილი, 1965 წლის Dodge Dart 170 ($375,000), მის მიერ დახატული მაიკლ ჯექსონის სურათი ($87,500), კურტის სკეიდბორდი ($35,200) და სხვა.

კურტ კობეინმა მუსიკალური კარიერა 1982 წელს დაიწყო, ჯგუფი Nirvana კი 1987 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივს მსოფლიო აღიარება 1991 წლის ალბომმა Nevermind და მასში შესულმა სინგლმა Smells Like Teen Spirit მოუტანა. 1994 წლის 5 აპრილს დეპრესიაში მყოფმა არტისტმა საკუთარ სახლში მოიკლა თავი, რის შემდეგაც “ნირვანას” მოღვაწეობა აღარ გაუგრძელებია.

გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ნამუშევრის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა ჰიტი Creep შეასრულეს

შემდეგი სტატია

ემინემი ალბომის The Eminem Show განახლებულ ვერსიას გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Radiohead-ის გიტარისტი ჯონი გრინვუდი ისრაელში გამართული კონცერტით გამოწვეულ კრიტიკას გამოეხმაურა

სოციალურ ქსელში მუსიკოსი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც მან და ებრაელმა არტისტმა დუდუ ტასამ თელ-ავივში კონცერტი გამართეს.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი