ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი, სტინგი ლას ვეგასს კონცერტების სერიით Sting: My Songs უბრუნდება.
ინტერვიუს განმავლობაში მუსიკოსმა ვერ უპასუხა კითხვას, რომელია თავისი რჩეული სიმღერა საკუთარი შემოქმედებიდან. თუმცა, დაასახელა თაყვანისმცემლების ფავორიტები: Roxanne, Every Little Thing She Does Is Magic და Every Breath You Take.
არტისტი ლას ვეგასის რეზიდენტად სიზარს პალასის კომპლექსში მდებარე კოლიზეუმის თეატრში მოგვევლინება. აქ 2023 წლის აპრილში მისი 6 შოუ ჩატარდება. ბილეთების რეალიზაცია 17 ივნისს სტინგის ვებგვერდზე დაიწყება.
მომღერალი ლას ვეგასს პირველად 2021 წლის ნოემბერში, თავისი მე-15 სოლო ალბომის The Bridge გამოშვებამდე ესტუმრა. მუსიკოსმა ბოლო სინგლი Russians მიმდინარე წლის მარტში უკრაინის დასახმარებლად გამოუშვა.
Back again! My Las Vegas residency “Sting: My Songs” will be returning in April 2023. https://t.co/lIZBY9M9oX and Citi presales begin tomorrow, 6/13, before the general on-sale Friday, 6/17. For all dates, VIP info and ticket options, head over to https://t.co/lIZBY9M9oX 🎶🎸 pic.twitter.com/BQ2HlhatGo
— Sting (@OfficialSting) June 13, 2022
სტინგის სახელით ცნობილმა გორდონ მეთიუ თომას სამნერმა მუსიკალური კარიერა 1971 წელს დაიწყო. 1977 წელს მან ნიუ ვეივისა და რეგეი როკის ჟანრებში მოღვაწე ტრიო The Police ჩამოაყალიბა. ექვსი გრემის მფლობელი ჯგუფი 1986 წელს დაიშალა. ერთი წლით ადრე კი ბრიტანელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი The Dream of the Blue Turtles გამოუშვა, რომელშიც კომპოზიცია Russians არის წარმოდგენილი. სოლო კარიერის განმავლობაში სტინგმა 15 სტუდიური ნამუშევარი ჩაწერა და 17 გრემის მოპოვება შეძლო.