ამერიკელმა პოპ მომღერალმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, მუსიკოს ბრიტნი სპირსის პატივისცემის ნიშნად მისი 2008 წლის ელექტრო-პოპ ჰიტი Womanizer შეასრულა. მას ტრადიციულად სცენაზე ლაივ ბენდი Y’all ახლდა.
• მოუსმინეთ: კელი კლარკსონმა ახალი ჩანაწერი Kellyoke გამოუშვა
Womanizer გამოსვლისთანავე ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ 40 წლის ბრიტნი თავის მრავალწლიან პარტნიორ სემ ასგარიზე დაქორწინდა. ცერემონიას სელენა გომესი, მადონა, პერის ჰილტონი, დრიუ ბერიმორი, დონატელა ვერსაჩე და სხვები დაესწრნენ.
კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.