ახლახან ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის მეტ გალა კარლ ლაგერფილდს მიეძღვნება. დიზაინერს, რომელმაც სახელი შანელთან, ფენდისა და ქლოესთან მუშაობით გაითქვა. ლაგერფილდი 2019 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტ გალა 2023 წლის 1 მაისს გაიმართება. ღონისძიების თემას ორგანიზატორები, როგორც წესი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის საგაზაფხულო გამოფენიდან იღებენ. 2023 წლის გამოფენის სახელწოდება კი ასეთია – კარლ ლაგერფილდი: სილამაზის ხაზი.
კოსტიუმების ინსტიტუტის განცხადებით, გამოფენაზე ხაზგასმული იქნება ლაგერფილდის მუშაობის უნიკალური ტექნოლოგია. წარმოდგენილი იქნება 150 ექსპონატი და ასევე დიზაინერის ჩანახატები.
“კარლ ლაგერფილდი ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელი, ნაყოფიერი და ადვილად საცნობი დიზაინერია მოდისა და კულტურის სფეროში. ის ცნობილია როგორც მისი ექსტრაორდინარული დიზაინებისა და კრეატიული ნამუშევრების, ასევე მისი ლეგენდარული პერსონის გამო. ეს გამოფენა დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, გახდეს ლაგერფილდის უსაზღვრო ფანტაზიის ნაწილი,”- ამბობენ გამოფენის ორგანიზატორები.