მასშტაბური მხატვრობა და ქუჩის ხელოვნება, ისევე როგორც ბევრი სხვა დეტალი, ქალაქს ახალი იდენტობის შექმნაში ეხმარება. ბევრი ფერისა და განსხვავებული იდეების შეჯერებით, ქალაქის ნაცრისფერი კედლები დიდ ნამუშევრებად იქცევა და შექმნილი ნახატებით თბილისის დასამახსოვრებელი იერსახე იქმნება.
“თბილისი მიურალ ფესტივალის” ფარგლებში 2019 წლიდან ყოველ წელს, თბილისს კედლის მხატვრობის ახალი ნამუშევრები ემატება. ფესტივალმა, რომელიც უკვე მეოთხე წელია ტარდება, ტრადიცია არც წელს დაარღვია და უცხოელ არტისტებს უმასპინძლა. დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარე შენობების ფასადების ნაწილზე მოწვეულმა მხატვრებმა იმუშავეს, ორი კედელი კი, ქართველმა ხელოვანებმა მოხატეს.
„8 ნამუშევარში მოვაქციეთ ყველა ის თემატიკა, რომ მნახველი მიხვდეს, მონუმენტალისტიკა და ურბანული ხელოვნება შეიძლება იყოს მრავალფეროვანი როგორც დეკორატიული კუთხით, ისე ცხარე პოლიტიკური და სოციალური პრობლემების ასახვით, გამორჩეული ტექნიკითა და სტილით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მნახველი დარწმუნდეს, რომ კედელზე ყველა იდეის განხორცილებაა შესაძლებელი”,- ამბობს ფესტივალის დამფუძნებელი ბესო მაზიაშვილი.
ფესტივალის მიზანია, თბილისი ერთგვარ საგამოფენო სივრცედ იქცეს და ქალაქში ბევრი ფერი შემოიჭრას. Სწორედ ამიტომ, ბესო მაზიაშვილი ყოველ წელს ცდილობს თბილისი მსოფლიოში ცნობილი ქუჩის მხატვრების შეკრების ადგილად აქციოს და მათ გვერდით ქართველი ხელოვანებიც გააერთიანოს. Წელს არტისტები ნამუშევრების შექმნისას სრულიად თავისუფლები იყვნენ, ხატავდნენ იმას, რასაც უშუალოდ პროცესში გრძნობდნენ.
ავსტრალიელი არტისტი, განსაკუთრებული სტილის მქონე მხატვარი ფინტენ მეგი Წელს საქართველოში პირველად ჩამოვიდა. კულტურითა და ტრადიციებით მოხიბლულმა არტისტმა კედლის მოხატვაც ქართული შთაბეჭდილებებით დაიწყო. Მუშაობის პროცესში ღელავდა, რადგან საკუთარი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანა სწორი აქცენტებით უნდოდა. ფიქრობდა, რომ თითოეულ მნახველს ნამუშევარში საკუთარი თავი უნდა აღმოეჩინა. დღეს ორი ქალის პორტრეტი ბახტრიონის 12 ნომერს ამშვენებს.
„როცა ჩამოვედი საქართველოში, ხალხს ფოტოებს ვუღებდი. ეს ქალის პორტრეტია, სარკის მიღმა საკუთარ შვილთან ერთად, ხელში ქართული ისტორიული არტეფაქტი უჭირავს. ეს კი თაობიდან თაობისთვის გადაცემას და კულტურის მნიშვნელობას გამოხატავს. დახრილი მინის ეფექტით დავხატე, მინდოდა, ნახატზე ადამიანი უნივერსალური პერსონა ყოფილიყო, რადგან შეიძლება ნებისმიერი იყოს, სწორედ ამიტომაც ავირჩიე აბსტრაქციონიზმი“,- ავსტრალიელი მხატვარი ფინტენ მეგი.
ფესტივალის ფარგლებში “ვეფხისტყაოსნის” თემატიკაზე შექმნილი მიურალი დავით მაჭავარიანისა და მხატვრის ირაკლი ქადეიშვილის ერთობლივი ნამუშევარია.
“ილუსტრაცია სპეციალურად ამ კედლისთვის გაკეთდა. კოლაჟია წიგნიდან. ჩვენ კედელეზე გვაქვს როსტევანი და თინათინი, ლომიცაა და ლომიც – ასეთი სიმბოლოა, გამოდის, რომ გამოსახულია ორი მეფე და ქვემოთ ორი ლომი, ზურგს უკან კი არაბეთი”,- ქართველი მხატვარი დავით მაჭავარიანი.
არტისტის, ირაკლი ქადეიშვილის აზრით, რთულია მხატვრის მიერ უკვე დახატული ნამუშევრისთვის მასშტაბების გაზრდა, ყველა დეტალი ამ დროს ყურადღების ქვეშ ექცევა, თუმცა ორი ქართველი ხელოვანის თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა. Მუშაობის პროცესის დაწყებიდან 10 დღეში თბილისს კიდევ ერთი კედელზე შესრულებული გრაფიკული ნამუშევარი შეემატა.
“ძალიან სასიამოვნოა, როცა განდობენ საკუთარ ნაშრომს, ათმაგი და ასმაგი პასუხიმსგებლობაა. შენ ამაყად გრძნობ თავს და უფრო მეტი ვალდებულებით ეკიდები. ეს ჩემი პირველი გრაფიკული ნამუშევარია კედელზე, ფურცელზე სულ სხვანაირია. როცა აგურის კედელზე გიწევს ხატვა, ისეთი ფაქტურაა, რთულია, სხვა ტექნიკით შესრულება სჭირდება, მაგრამ საინტერესოა. ყველაზე მთავარი ესაა”,- მხატვარი ირაკლი ქადეიშვილი.
კიდევ ერთი ქართველი მხატვარი, რომელიც ირაკლი ქადეიშვილთან ერთად კედლის მხატვრობის ფესტივალში მონაწილეობს თინა ჩერტოვაა. მხატვრის ნამუშევრით ბახტრიონის ქუჩა ნათელი ფერებითა და ქართული ტრადიციული ელემენტებით შეივსო.
ახალ ნამუშევარს, ასევე, ვაკეში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან შეხვდებით. უკრაინელი მხატვარი საშა კორბანი სამშობლოში შექმნილი მდგომარეობის გამო ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებდა, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლა მაინც მოახერხა და თბილისს სიმბოლური ნამუშევარი დაუტოვა – უკრაინელი გოგონა ნაციონალური სამოსითა და ყვავილებით ხელში.
ფესტივალის ფარგლებში თბილისს იტალიელი მხატვარი VESOD ეწვია. არტისტი გალაკტიონ ტაბიძის 18 ნომერში ხატავს და შენობის კედელზე მითოლოგიას აცოცხლებს.
“ჩემი საქმე სიურეალისტური მხატვრობაა, მიყვარს დალი და სიურეალიზმის სიყვარული ჩემს ნამუშევრებში ყოველთვის ჩანს. ასევე, ნახატისთვის Ინსპირაცია მითოლოგიამ მომცა. მოვისმინე ლეგენდა მედეასა და ოქროს საწმისის შესახებ, მომხიბლა ამ ყველაფერმა. მიუხედავად იმისა, რომ დასახატად ეს ადგილი მე არ შემირჩევია, მომწონს კედელი, ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საყვარელ საქმეს სწორედ აქ ვაკეთებ”,- იტალიელი არტისტი VESOD.
წლების განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში ქუჩის ხელოვნებისთვის თბილისი საინტერესო გალერეად იქცა:
“ამას, რა თქმა უნდა, გაგრძელება სჭირდება. იმდენად დიდი შრომაა თითოეულ კედელში ჩადებული, რომ ყველა მათგანი განსხვავებულად მიყვარს. ქალაქში რომ დავდივარ და შემხვდება ხოლმე ჩვენი მხატვრის კედელი, მახსენდება მთელი ისტორია”,- ამბობს ფესტივალის დამფუძნებელი ბესო მაზიაშვილი.
ისტორია გრძელდება, „თბილისის Მიურალ ფესტივალი” 4 ოქტომბერს დასრულდება და დედაქალაქს რვა ახალი ნამუშევარი შეემატება. Მომავალში ფესტივალს დიდი გეგმები აქვს. ფესტივალის მიზანია, რომ თბილისის ნაცრისფერი კედლები წლებთან ერთად ბევრი ფერითა და ემოციით შეივსოს.
ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ აქ: