31 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. კონცერტი მის 80 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ვოკალისტების მონაწილეობით სცენაზე კომპოზიტორის ის ნაწარმოებები შესრულდა, რომლებიც წლების განმავლობაში სიმფონიური ორკესტრისთვის შეიქმნა. საღამოზე გაჟღერდა კომპოზიტორის უცნობი მუსიკა საბალეტო დადგმებიდან, მუსიკალური სპექტაკლებიდან და ანიმაციური ფილმებიდან.
„მსმენელმა იცის ჩემი სიმღერები, მაგრამ ყველა ჩემი ნაწარმოები არ მოუსმენიათ. Მინდა მათ გაიცნონ, რომ მე არა მარტო სიმღერებს ვწერ, მაქვს ოპერა, ბალეტი, მიუზიკლები. სიმფონიური ორკესტრისთვის შევარჩიე ისეთი ნაწარმოებები, რომელიც მსმენელს გაახალისებს, არის ქალაქური მოტივები, ძველი თბილისი. მოსმენისას წარმოიდგენთ როგორ დადიოდნენ თბილისის ქუჩებში შეყვარებული წყვილები. მომღერლებს დავუწერე მსუბუქი კლასიკური ნაწარმოებები, რომელსაც მოუსმენს არამარტო ჩემი დროის და ასაკის მსმენელი, ახალგაზრდებიც. Ძალიან გამეხარდება, თუ მათაც მოეწონებათ ჩემი ნამუშევრები”,- ნუნუ გაბუნია, კომპოზიტორი.
მსუბუქი კლასიკა, მუსიკა საბალეტო დადგმებიდან, ოპერეტებიდან, მუსიკალური სპექტაკლებიდან თუ ანიმაციური ფილმებიდან – თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა დავით მუქერიას დირიჟორობით და მოწვეულმა სოლისტებმა 23 კომპოზიცია შეასრულეს. მათ ქართველ მსმენელს გამორჩეული საღამო აჩუქეს.
,,დიდი პატივია შეასრულო ისეთი დიდი კომპოზიტორის ნაწარმოებები, როგორიცაა ქალბატონი ნუნუ გაბუნია. ეს ბედნიერება პირველად არ მხვდა წილად. მისი ნაწარმოები ჯერ კიდევ ათი წლის ასკში შევასრულე. ბედნიერებაა, რომ დღევანდელი კონცერტის მონაწილე ვარ, არაჩვეულებრივ ორკესტრთან, დირიჟორთან და კოლეგებთან ერთად. Ჩემი ნაწარმოებები ორივე ახალია და დღეს პრემიერა შედგება”.– მარიამ როინიშვილი, ოპერის მომღერალი.
,,ქალბატონი ნუნუს 80 წლის იუბილე ეს არის ჩვენი ქართული მუსიკის, ჩვენი ქართული ჰარმონიისა და ყველას ყოველდღიურობის დიდი ზეიმი. Მისი სიმღერები იმდენად შეეთვისა ჩვენს ცხოვრებას, ვერც კი ვამჩნევთ, რამხელა ადამიანი გვყავს გვერდით. უნდა ვეფეროთ, ძალიან დიდხანს ვესიყვარულოთ და აღვნიშნოთ არაერთი იუბილე. ემოცია, რომელსაც იწვევს მისი სიმღერები – ეს არის სიყვარული”.- ოთარ ჯორჯიკია, ოპერის მომღერალი.
,,რეპეტიციაზე ვიყავი, როცა თავად დამირეკა. არც კი დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი. არ ვიცოდი ამ ყველაფერს ვიმღერებდი-არ ვიმღერებდი, გამოვიდოდა თუ არა ისე, როგორც საჭირო იყო და ისე, როგორც მე მინდოდა. ქალბატონ ნუნუ გაბუნიას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ულევ წარმატებებს”.- ხათუნა ჭოხონელიძე, ოპერის მომღერალი.
,,ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ასეთ კომპოზიტორთან გაქვს შეხება, როცა მას შენს მიმართ ნდობა აქვს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანია, ძალიან განსხვავებული, ქალაქური, ნახევრად კლასიკური, ოპერები, საბავშვო სიმღერები”.- ბადრი ჩიხიაშვილი, ოპერის მომღერალი.
ნუნუ გაბუნიას შემოქმედება – ქართველი ოპერის მომღერლებისთვის – იდეა დათო საყვარელიძეს ეკუთვნის. კონცერტის ბოლოს სცენაზე ქართველი კომპოზიტორი გამოჩნდა, მან მადლობა სწორედ დათო საყვარელიძესა და ყველა იმ ადამიანს გადაუხადა, რომელმაც საიუბილეო საღამოს შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
,,ვფიქრობ, საქართველოში არ არის ადამიანი, რომელთანაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე ნუნუ გაბუნიას შემოქმედება არ გადაკვეთილა. ,,მოცეკვავე ოფოფები” – ამ ანიმაციით მაშინვე ბავშვობის მოგონება ჩნდება. ვიღაცას ახსენდება “როცა ჩაქრება ჭადრებში” მაია ჯაბუას შესრულებით, საოპერო, საბალეტო ნაწარმოებები… გვიხარია, რომ დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ, რომ ქალბატონ ნუნუ გაბუნიას მივულოცოთ 80 წლის იუბილე და მის მიმართ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ კრძალვა, პატივისცემა და სიყვარული”.- ნიკოლოზ წულუკიძე, თეატრმცოდნე.
ნუნუ გაბუნიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტზე რუსთაველის თეატრში შეკრებილმა სტუმრებმა კომპოზიტორის განსხვავებული მხარე გაიცნეს და ნაცნობი შემოქმედების უცნობი მუსიკა სწორედ ამ საღამოზე მოისმინეს.