ყოფილი საბჭოთა სამკერვალო ქარხანა, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს, უკვე დიდი ხანია თბილისისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის ურბანულ-კულტურული ჰაბად იქცა.
ორ წლიანი პაუზის შემდეგ, ფაბრიკაში Fabrikaffiti 2022 – Urban Art Fest ბრუნდება. ფესტივალი წელს მეხუთედ ჩატარდა, სადაც თექვსმეტმა არტისტმა ორი კედელი მოხატა.
ღონისძიება 12-13 ნოემბერს გაიმართა.
„ეს ფესტივალი პირველი ფესტივალია საქართველოში, რაც გრაფიტის მიმართულებით ჩატარებულა. ზოგადად უდიდესი დატვირთა აქვს ურბანული სივრცის და სულის განვითარებისთვის მსგავს ღონისძიებებს. ქუჩაში წარწერები და ნახატები ქუჩის აურას და გარემოს ქმნიან, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ქალაქში ბევრი კარგი და ხარისხიანი ნახატი შეიქმნას, რითაც არტისტების განვითარებასაც ხელს შევუწყობთ.“ – არტისტი CHILONE
Urban Art Fest-ის ფარგლებში არამხოლოდ კედლები მოიხატა, არამედ სხვა საინტერესო ურბანული ღონისძიებებიც გაიმართა. ისეთი, როგორიცაა პანელ დისკუსიები: ქალაქის ურბანული განვითარება ქუჩის ხელოვნების ჭრილში, დოკუმენტური ფილმის ჩვენება ქუჩის ხელოვნებისა და სკეიტბორდინგის შესახებ, წიგნის პრეზენტაცია, B-Boy ბეთლი, Twerk ბეთლი და სკეჩ ბეთლი.
„პირველად ფესტივალი 2016 წელს ჩატარდა, მაშინ ჯერ ფაბრიკა არც იყო გახსნილი და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი პირველი ივენთი იყო. თითქმის ყველა მონაწილე არტისტი უმეტესად წერს, ვიდრე ხატავს. ჩვენი სახატავი არეალი ფაბრიკის კედლებია. შესაბამისად მასშტაბი დიდი არ არის და სწორედ ამიტომ აქცენტი გრაფიტზე უფრო გვაქვს.
ამ ფესტივალზე მონათესავე სუბკულტურების გაერთიანება ხდება. მასიური აქცენტი წელს ხატვაზე არ გვაქვს, თუმცა პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია. მაგალითად, პანელ დისკუსიაზე აქცენტი კეთდება არა ხატვაზე, არამედ ქალაქში ურბანულ სივრცეებზე და მათ განვითარებაზე.“ – ბაჩა ხოფერია, CRU-ს დამფუძნებელი და ფესტივალის ორგანიზატორი და დამფუძნებელი.
12 ნოემბერს ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზში ქალაქის ურბანული განვითარების და ქუჩის ხელოვნების შესახებ პანელ დისკუსია გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს ქუჩის ხელოვნება, ურბანული და არქიტექტურული გამოწვევები, როგორც ქალაქის ხასიათის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ელემენტი.
ასევე, ფაბრიკას საგამოფენო სივრცეში, Fabrikaffiti 2022-ის ფარგლებში მიშიკო სულაკაურის წიგნის Tbilisi on Comment-ის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
წიგნში თავმოყრილია თბილისის იერსახის მრავალშრიანი არქივი/ლექსიკონი. ავტორი აღწერს მოსახლეობის კომენტარებსა თუ მანიფესტაციებს ქუჩაში. ასევე გადმოცემულია თბილისის წარსულის მესიჯები და ნახატები, რომლებიც გაქრნენ ან შეიცვალნენ.
„Fabrikaffiti – წელს მეხუთედ ტარდება, თუმცა მანამდე ორი წელი წყვეტა გვქონდა, კოვიდის გამო. წელს შეიძლება ითქვას გვაქვს მინი დაბრუნება, რომელიც ძალიან ემოციური, ორგანული და მონატრებული ფესტივალია აქაურობისთვის. ფაბრიკა იყო პირველი ადგილი საქართველოში, სადაც Fabrikaffiti ჩატარდა და შემდგომ წამოვიდა მსგავსი სხვა ფესტივალები. პირველად დაიშვა პრეცედენტი, რომ არტისტებს ფასადის დახატვის თავისუფალი შესაძლებლობა მიეცათ. მოგეხსენებათ ეს სივრცე იყო სამკერვალო ფაბრიკა, რომელსაც შემდეგ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რესტავრაცია და რედიზაინი და დარჩა ფასადი. სწორედ ამ არტისტებმა მოხატეს და შეცვალეს ეს ფასადი.
ფესტივალის იდეიდან გამომდინარე, ყოველ წელს კედლები უნდა გადაღებილიყო, აქ ერთი წლით იდებს ბინას ნახატი და შემდეგ ხდება მისი განახლება. სხვა არტისტი მოდის და სხვა ნამუშევარს ქმნის. ეს არის ერთგვარი ცოცხალი ორგანიზმი, დოკუმენტი, კედელი, რომელიც ინფორმაციას და ისტორიას იტევს. რამდენ ადამიანს აქვს ამ კედლებზე თავისი კვალი დატოვებული. თექვსმეტი არტისტის გარდა, ფაბრიკის კედლებს ასევე მოხალისე არტისტებიც ხატავენ, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ ფაბრიკას ფასადზე მინიმუმ ერთი წლით მაინც თავიანთი ნამუშევრები დატოვონ. შემდეგ წელს კი, ეს ტრადიცია კიდევ უფრო მასშტაბურად, კვლავ გაგრძელდება.“ – ნესტან მამაცაშვილი – ფაბრიკა თბილისი, ბრენდ მენეჯერი.