9 დეკემბერს, „ზურაბ ჟვანიას ფონდის“ ორგანიზებით, „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონია სახელოვნებო სივრცე „ჰარაკში“ ჩატარდა. ახალგაზრდა შემოქმედებისთვის დაწესებული პრემია ჟიურიმ რვა სხვადასხვა დარგში გამოავლინა.
მუსიკალურ ხელოვნებაში „წინანდლის პრემია“ მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძეს გადაეცა. Პოეზიის დარგში გამარჯვებულად თორნიკე სიბაშვილი დასახელდა, ხოლო პროზაში – ცოტნე ავსაჯანიშვილი. სახვითი ხელოვნების დარგში „წინანდლის პრემიის“ ლაურეატი ანა ჯიბლაძე გახდა, ხოლო თეატრალურ ხელოვნებაში პრემია მსახიობ გივიკო ბარათაშვილს გადაეცა. კინოხელოვნების დარგში დაწესებული პრემია კი ჟიურიმ ხვიჩა და თინათინ ემირიძეებს მიანიჭა. სახელოვნებო დარგების გარდა, „წინანდლის პრემიის“ ნომინაციები აერთიანებს ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსაც. 2022 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში ლაურეატი ანა ქირია გახდა, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ნომინაციაში პრემია მარი ლუიზა კონჯარიას გადაეცა.
„წლების განმავლობაში ამ პრემიამ საკმაოდ დიდი ნდობა მოიპოვა. მონაწილეობის მისაღებად ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები მოგვმართავენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პრემია სისტემატურ ხასიათს ატარებს და ყოველწლიურად იმართება. სხვადასხვა დარგში მოღვაწე ნიჭიერი ადამიანებისათვის პრემია ერთგვარ ნიშნულად იქცა, რომ ნამუშევრები მოამზადონ და წარადგინონ. ამის გათვალისწინებით, „წინანდლის პრემია“ ახალგაზრდა შემოქმედებისათვის კარგ რეჟიმს და ჯანსაღ კონკურენციას ქმნის. მეორე მხრივ, ეს ჩვენთვისაც დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად მოტივაციაა. Რომ მეტი ვიმუშაოთ და „წინანდლის პრემია“ კიდევ უფრო განვავითაროთ” – აღნიშნა „წინანდლის პრემიის“ ორგანიზატორმა, ნინო ჟვანიამ Billboard Georgia-სთან საუბრისას.
განვლილი წლების გამოცდილების გათვალისწინებით, „წინანდლის პრემია“ ახალგაზრდა ხელოვანებისათვის შემოქმედებითი განვითარების მნიშვნელოვან ხელშემწყობად იქცა. წარსულში ლაურეატებად დასახელებული პროფესიონალები, დღეს სხვადასხვა სფეროს წამყვანი სახეები არიან.
„მრავალი წელია თვალს ვადევნებ ამ პრემიას და ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომ წელს ლაურეატებს შორის ვარ. ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ვიზუალურ ხელოვნებაში ის ფაქტობრივად ერთად ერთი პრემიაა. სწორედ ამიტომ, თითოეული ხელოვანისათვის „წინანდლის პრემიის“ არსებობა დიდი მოტივაციაა” – ანა ჯიბლაძე, მულტიმედია არტისტი, „წინანდლის პრემიის“ ლაურეატი.
„წინანდლის პრემიის“ დაჯილდოებაზე სპეციალური პრიზიც გაიცა, რომელიც „ჰარაკს“ გადაეცა – ადგილს, სადაც წლევანდელი ცერემონია ჩატარდა. „ჰარაკი“ თანამედროვე სახელოვნებო სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და დამოუკიდებელ სივრცედ იქცა. ეს არის ადგილი, რომელიც არა ერთ თეატრალურ, მუსიკალურ, თუ ვიზუალური ხელოვნების ღონისძიებას მასპინძლობს.
„პრიზის მიღებაზე მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ის არის, რომ სწორედ „ჰარაკის“ სივრცეში ჩატარდა „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია. „ჰარაკი“ ის სივრცეა, რომელშიც მრავალი საინტერესო სახელოვნებო პროექტი და ღონისძიება იმართება და მომავალშიც ასე გაგრძელდება“ – სანდრო კალანდაძე, „ჰარაკის“ თანადამფუძნებელი.
„წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონიაზე სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენელი იყო მოწვეული. სიმბოლურია, რომ ნომინაციებში გამარჯვებულები სწორედ მათ წარადგინეს.
„ზურაბ ჟვანიას ფონდი და „წინანდლის პრემია“ უდიდეს როლს ასრულებს საგანმანათლებლო და შემოქმედებითი სივრცის განვითარების პროცესში, რადგან ახალგაზრდებისათვის ეს უდიდესი მოტივაციაა. ვფიქრობ, ეს პროექტი უდიდეს საქმეს აკეთებს. დღეს სევდანარევი სიხარულის განცდა მაქვს, რადგან ვვარაუდობ, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლენილი გამარჯვებულები დატოვებენ საქართველოს და საზღვარგარეთ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ. ეს იმის გამო ხდება, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდები პერსპექტივას ვერ ხედავენ. სწორედ ამის გათვალისწინებით, „წინანდლის პრემიას“ უდიდესი დატვირთვა აქვს. ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანებს ის აძლევს სტიმულს, რომ გააგრძელონ საქმიანობა, იმუშაონ და იყვნენ გამორჩეული თავიანთ სფეროში.“ – ნანა ჯორჯაძე, კინორეჟისორი
დაჯილდოების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, ცერემონიაზე მოწვეული სტუმრების წინაშე მუსიკალური პროექტი „თამადა” წარდგა. მათ მსმენელისათვის კარგად ნაცნობი სიმღერები შეასრულეს.
„წინანდლის პრემიის“ ისტორია 1998 წლიდან იწყება. პრემიის დაწესების იდეა, წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა–სემინარზე დაიბადა. პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად უჭერდა მხარს პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. „წინანდლის პრემია“ სწორედ მისი პატრონაჟით ტარდებოდა. უკვე მრავალი წელია პროექტს „ზურაბ ჟვანიას ფონდი“ წარადგენს.