იქ, სადაც მუსიკა კანონებს არ ემორჩილება, ეს არის ჯაზი , თავისუფალი და იმპროვიზაციით სავსე, სადაც ქართველებს ჯაზის ქურუმი, ცოცხალი ლეგენდა – გიული ჩოხელი გვყავს.
ქართველი მუსიკოსი 1995 წელს აშშ–ში, „კარნეგი–ჰოლში“ ცნობილი ჯაზ–კომენტატორის უილის ქანოვერის მიკროფონით დააჯილდოვეს და ამერიკულმა ფირმა „ინტერპრაისისმა“ მისი ფირფიტა „მუდამ იქნება მუსიკა“ გამოსცა.
2015 წლის 28 მარტს, თბილისის „ივენთ ჰოლში“ გიული ჩოხელის საიუბილეო საღამო გაიმართა და მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, ხოლო 2019 წელს, საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიაზე პირველი ქართველი ჯაზ-მუსიკოსი ქალი „საუკუნის პერსონად“ დასახელდა.
წაიკითხეთ გიული ჩოხელის ექსკლუზიური ინტერვიუ „Billboard საქართველოსთან“.
ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ როცა პატარა იყავით პირველად დედამ მოგასმენინათ „ამერიკის ხმაში“ ჯაზ მუსიკა და იქიდან დაიწყო თქვენ სიყვარული ამ მუსიკისადმი. გავიდა წლები და შემდეგ „ამერიკის ხმაში“ თქვენი მუსიკაც გაჟღერდა, რა გრძნობაა როცა ბავშვობის ოცნებები ხდება?
„მე ვარ მსახიობის შვილი, დედა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში მუშაობდა. მამა ადრე დამეღუპა, სახლში ავადმყოფი ბებია გვყავდა. არავინ იყო დედას რომ დავეტოვებინე, ამიტომ სულ თეატრში მიწევდა ყოფნა. მაშინ ძველ თბილისში, სვანეთის უბანში ვცხოვრობდით. ორსართულიანი მამაპაპისეული სახლი გვქონდა, სადაც დიდი თუთის ხე იდგა. აივნიდან გადავდიოდი ხეზე და ვმღეროდი. ეს ჩემი თეატრი იყო.
ერთ მშვენიერ დღეს, უკვე თორმეტის ვიყავი, როდესაც დედას ვუთხარი, რომ ჩუმ-ჩუმად ვმღეროდი, მერიდებოდა დედასი, იმიტომ რომ ის მსახიობი იყო, არაჩვეულებრივი არტისტი იყო. ვუთხარი, რომ მეც მსურდა მსახიობობა. მაშინ, ელიკომ, დედამ მითხრა, რეჟისორს დაველაპარაკებიო. სპექტაკლ „თბილისის ცის ქვეშ“ – დედა მეხანძრის როლს თამაშობდა, სადაც პატარა როლი მეც მომცეს. სცენაზე წყალი ესხა, სპექტაკლის ბოლოს უნდა გამოვსულიყავი და ერთი წინადადება მეთქვა – „სად არის შალიკა“. პრემიერის დღეს, კულისებში ვიდექი, შევვარდი დასასრულისკენ სცენაზე და ამ წყალზე გავსრიალდი, გავფრინდი ორკესტრში და დირიჟორმა დამიჭირა. ატყდა ტაში, დარბაზი სავსეა, ყველას ეგონა, რომ ეს რეჟისორის ჩანაფიქრი იყო. სირცხვილით ვიწვოდი, მეგონა მისაყვედურებდნენ, თუმცა რეჟისორს დედაჩემისთვის უთქვამს, ძალიან კარგი იყო და დავტოვოთ გიული სპექტაკლშიო.
სახლში პატარა რადიომიმღები გვქონდა „ამერიკის ხმის” მოსმენისთვის. მაშინ ხალხს იჭერდნენ, ამიტომ ერთხელ მე და დედამ თავზე დიდი პლედი გადავიხურეთ და მაშინ მოვისმინე პირველად ელა ფიცჯერალდი, ჯოუ უილიამსი იმპროვიზაციით, საოცარი ჯაზ შემსრულებლები. გავსულელდი, ზუსტად მაშინ ვთქვი, რომ ესაა ჩემი მუსიკა და დავიჟინე რომ ჯაზს ვისწავლიდი.“
ბავშვობიდან ყველაზე მკაფიოდ რა გახსოვთ?
თოთხმეტი წლის ვიყავი, უკვე მერი შილდერის მთელ რეპერტუარს ვმღეროდი. გოგი ცაბაძე მაშინ კონსერვატორიის სტუდენტი იყო და მისი კომპოზიციები მერი შილდერმა შეასრულა. ზეპირად, სმენით ვისწავლე ყველა სიმღერა. ჩემი სახლის წინ კორპუსი იყო, ვაღებდი ფანჯრებს, კონცერტებს ვაწყობდი და ვმღეროდი, იქიდან კი, ტაშს მიკრავდნენ. დედაჩემმა რომ გაიგო ეს ამბავი, რომანსების საოცარი შემსრულებელი, მერი შილდერი სახლში მოიწვია. მოვიდა მერი, იმღერე, ბევრი დრო არ მაქვსო. დავიწყე და მთელი მისი რეპერტუარი ჩემებურად, იმპროვიზაციით ვიმღერე. უცებ გამაჩერა, დედაჩემს მიუბრუნდა და უთხრა – ელიკო, ეს ბავშვი აუცილებლად სცენაზე უნდა გაუშვაო.
იმ დროს სამხედრო ორკესტრი იატაკქვეშ ჯაზს ჩუმად უკრავდა, დაკრძალვებზე ორკესტრი სამგლოვიარო სიმღერებს უკრავდა, ღამე კი, იატაკქვეშ ჯაზი იყო გახურებული. მომიტანეს ამბავი, შენც წამოდი, დირიჟორი უნდა გაგაცნოთო. წავედით, შევხვდი დირიჟორს და როცა მკითხა, რას ვასრულებდი, მისტერ პაგანინი დავუსახელე, გაოცდა. დაჯდა როიალთან, ჩართო მიკროფონი და ჩემებური იმპროვიზაციით ვიმღერე. ერთი სიტყვით, გავგიჟდი, რომ დავამთავრე კომპოზიცია ემოცია იმდენად მოჭარბებული მქონდა, ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა. ძალიან ვღელავდი, ეს კაცი ადგა და მე თოთხმეტი წლის გოგოს, ხელზე მაკოცა – ეს იყო ჩემი პრიზი და პირველი დიდი სიხარული ჩემს შემოქმედებაში.
თუ გახსოვთ მომენტი და შეგრძნება, როცა დიდ სცენაზე პირველად იმღერეთ?
„მახსოვს „გეპეის“ ორკესტრმა მიმიპატიჟა, „გეპეის კვარტეტის“ წევრმა გურამმა მითხრა, სიმღერა დაგიწერეთ და არ ვიცით რამდენად მოგეწონებაო. როცა მოვისმინე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ახლოს იდგა ჩემთან. ჩავწერეთ სიმღერა, რომელმაც ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. ყველამ გამიცნო. მაშინ პოლონური ჯაზ-ორკესტრი ჩამოვიდა თბილისში, ედი როზნერის ორკესტრი ნამდვილ სვინგს უკრავდა. მე და დედაჩემი წავედით შესახვედრად, სადაც ედი როზნერიც მოვიდა. ფორტეპიანოზე დაუკრა, მე ვიმღერე და როცა დავასრულეთ, როზნერი მომიტრიალდა და თავის ორკესტრში სოლისტობა შემომთავაზა. გასტროლებზე ბაქოში მიდიოდა და მეც წავყევი.
ბაქოში კონცერტის დროს სამი კომპოზიცია ჩემი იმპროვიზაციით შევასრულე, დასრულებისას მქუხარე ტაშის დროს სცენისკენ მომავალი ზურაბ ანჯაფარიძე დავინახე, მოვიდა და გადამეხვია, თურმე ოპერაში იყო მიწვეული იქ მღეროდა და ჩვენს კონცერტს დაესწრო. იმის მერე ახალ წელს მოსკოვში ვიყავით. ხრუშოვი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავდა, შემდეგ როზნერი და მე გამოვედით, იმ პერიოდში ამერიკული მუსიკა იკრძალებოდა, ჩვენ კი ჯაზს ვმღეროდით.“
პირადი ცხოვრება:
„ჩვიდმეტი წლის ვიყავი, მოსკოვში გენერლის ოჯახში დაგვპატიჟეს, წავედით და აღმოჩნდა, რომ გენერლის შვილი ჯაზმენია. მუსიკას ასწავლის ბავშვებს. ამ საღამოს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ოთახში არაჩვეულებრივი ქერა, მწვანე თვალება კაცი შემოვიდა, გავგიჟდი რომ დავინახე, გულში რაღაც მეტაკა. ჩქარი ნაბიჯით პირდაპირ ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა – მე შენი საოცარი შესრულება მოვისმინეო. გაკვირვებულმა ვკითხე – „უკრავთ, თქვენ?“ ყველა სიცილით მოკვდა, მერე მითხრეს, რომ ეს გენიალური მუსიკოსი ბორის რიჩკოვი იყო. დაჯდა როიალთან, საოცრად დაუკრა და მე ვიმღერე. ყველა ქეიფობდა, ჩვენ ვსაუბრობდით, გვახსენდებოდა ძველი ჯაზი, ორკესტრები, ვლაპარაკობდით, როგორც მუსიკოსები, რომ მოვიხედეთ ირგვლივ არავინ იყო დარჩენილი, ყველა შემოგვეფანტა. თურმე წინასწარ ყველაფერი ჩაფიქრებული იყო. ბორისს უთქვამს, მე ჩემი საცოლე გავუშვი და ჩემი ცოლი გიული უნდა გახდესო. ვლაპარაკობდით, მეხუტებოდა და ცოლობა მთხოვა. მე დავთანხმდი. ჩემი გონება ამუშავდა, ვფიქრობდი საოცარი წყვილი ვიქნებოდით. თხუთმეტი წელი ვიყავით ერთად, შვილი დინარა შემეძინა. მოვიარეთ მთელი ევროპა, ამერიკა, ჯაზ-ფესტივალები.“
ჯაზ-ლეგენდად წოდებულმა გიული ჩოხელმა ევროპაში გამორჩეულ ჩეხოსლოვაკიის ჯაზ-ორკესტრთან, დირიჟორ გუსტავ რომთან ერთად რამდენიმე ფირფიტა ჩაწერა და სოპოტის ფესტივალზე პირველი ქართველი გამარჯვებულიც გახდა. ვარსკვლავის მიერ შესრულებული სიმღერები სემ კოსლოუს „მისტერ პაგანინი“ და გერშვინის „მომხიბვლელი რიტმები“ ევროპელი შემსრულებლების ოქროს ფონდში შევიდა.
„გავიდა რაღაც პერიოდი და ჩეხოსლოვაკიაში მიმიწვიეს. იყო ასეთი ჯაზმენი – გუსტავ რომე, რომელსაც ჯაზ ორკესტრი ჰყავდა, შემომთავაზა სოლისტობა, თუმცა მე იქ ვერ დავრჩებოდი, შემდეგ მოწვევა გამომიგზავნა და ორი თვის თავზე ხელახლა ჩავედი ჩეხოსლოვაკიაში. ძალიან საინტერესო ტელე-ფილმი „მზე ჩემი მეგობარია“ გადავიღეთ და ჩემი ოცი სიმღერით ფირფიტა გამოუშვით.
ჩეხოსლოვაკიაში კონცერტზე რომ მივედი, ვთქვი, რომ აუცილებლად უნდა გამომაცხადოთ როგორც საქართველოს ფილარმონიის სოლისტი და არა როგორც საბჭოთა კავშირის მომღერალი, მიკროფონი ავიღე, უნდა მემღერა და გამორთული იყო, სიმღერას ვერ ვიწყებ, ხელებს ვიქნევ, წინ პოლონელი მომღერალი იჯდა, ის იყო სცენიდან გასვლა დავაპირე, რომ ამ მომღერალმა ხელით შემაჩერა, მასაც უნდა ემღერა, თავისი მიკროფონი მომაწოდა და დავიწყე გაბრაზებულმა. ისეთი ჯაზი გავახურე, დარბაზი დავანგრიე. ჩეხებმა და პოლონელებმა ევროპის მეხუთე საუკეთესო მომღერლად დამასახელეს.“
თქვენ რამდენად შეგეხოთ საბჭოთა ცენზურა ან თუ არის რამე ისეთი ისტორია, რომელიც არ იცის საზოგადოებამ?
„მე ვუყვარდი სუყველას, მოსკოვში ჩემ სოლო კონცერტებზე დარბაზი ინგრეოდა, მე და ჩემი ქმარი ძალიან დიდი პოპულარობით ვსარგებლობდით, საქართველოში უამრავი კომპოზიტორის სიმღერა შევასრულე, რომელიც ჩემთვის იყო დაწერილი, ყველგან მპატიჟებდნენ. ასე რომ, ცენზურა დიდად არ მეხებოდა.
რაც შეეხება ჩემ ჯაზებს, თუ სადმე იყო გაჩხარუნებული ჯაზი, ევროპაში, აქ, თუ რუსეთში, ყველგან მონაწილეობა მაქვს მიღებული და ყველგან ლაურეატი ვარ, ჩემი კარადა მედლებით სავსეა.
გამორჩეული ქალი ჯაზ შემსრულებელი თუ გყოლიათ, ვინც თქვენი ინსპირაცია იყო?
„ქალი ჯაზ შემსრულებლებიდან ჩემთვის გამორჩეული იყო ელა ფიცჯერალდი. როდესაც ამერიკაში ვიყავით, მე და ჩემი იმპრესარიო, მაშინ ელა უკვე ცუდად იყო, დიაბეტი ჰქონდა და საავადმყოფოში იწვა. ძალიან გვინდოდა მისი ნახვა და გაცნობა, თუმცა საავადმყოფოში არ შეგვიშვეს, მკაცრად გაუფრთხილებია პერსონალი, რომ არავის ნახვა არ სურდა, თავის შვილიც კი არ შესულა პალატაში. დიაბეტის გამო მას ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა და ბოლოს, ეტლში იჯდა. წამოვედით ცრემლებით დასევდიანებული, ძალიან დამწყდა გული, რომ ვერ ვნახე და გავიცანი, თუმცა ის ჩემთვის საოცრად ნიჭიერი და საოცარი ჯაზ შემსრულებელი რჩება ყოველთვის.“
სულ ახლახან, 30 დეკემბერს, როცა კლუბ „ხიდზე“ იმღერეთ, თქვენი ინდივიდუალიზმით, საოცარი მუხტით და ენერგიით აავსეთ სივრცე და აუდიტორია აიყოლიეთ. ნამდვილად ჩანს, რომ ახალგაზრდებს ძალიან უყვარხართ, რას ნიშნავს თქვენთვის ამ ახალი თაობის სიყვარული?
ახალგაზრდა თაობა როცა მისმენს, ეს იმას ნიშნავს, როცა მე წავალ, მე მოვალ, ახალგაზრდებმა იციან, ვინ ვარ. ისინი თავიანთ შვილებს ჩემ მუსიკას მოასმენინებენ და ეს უკვე იმას გულისხმობს, რომ მე აქ დავრჩები.“
ყველაზე ხშირად რაზე გეფიქრებათ?
„დედაჩემის და ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ, მე აღარ ვმღერი. იმ როიალზე, სადაც ჩემი შვილი უკრავდა, აღარ დამიკრავს. მოსკოვში, სადაც ჩემი შვილია დაკრძალული, არ ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს ჩავალ, იმიტომ რომ ჩემთვის რუსი აღარ არსებობს. მას შემდეგ, რაც ქართველები თვითმფრინავში ჩატენეს, სადაც ძროხებს ტენიდნენ და გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც სოხუმიდან მკვდარი შვილებით ხელში დედები მოდიოდნენ… ამას ვერ ვაპატიებ რუსებს, მე მთიული ქალი ვარ, ამიტომ ეს დამთავრდა. ვერ ჩავედი ჩემი შვილის საფლავზე და ვერც ჩავალ, ჩემი შვილი ჩემთვის ცოცხალია, სიზმარში ყოველთვის ვხედავ მას და ვესაუბრები. დინარა ხშირად დადიოდა გასტროლებზე და ჩემთვის ის ახლაც გასტროლებზეა.
მე გავაკეთე ის, რაც გავაკეთე, ეს ყველაფერი თქვენ გაჩუქეთ, ჩემი შემოქმედება არ შეიძლება მხოლოდ ჩემი იყოს, ეს ყველაფერი თქვენია.“