ჰეილი ბიბერმა ინსტაგრამზე საკუთარი მდგომარეობის შესახებ დაწერა.
„ხშირად ვხუმრობ ხოლმე ჩემი მდგომარეობის შესახებ, რადგან ზოგჯერ ეს უფრო ადვილია, ვიდრე იმის აღიარება, რომ რთული პერიოდი მაქვს. მაგრამ გულახდილად, რაც 2023 წელი დაიწყო, ყველაზე სევდიან და რთულ მომენტებს გავდივარ, რაც კი ცხოვრებაში მქონია. ჩემი გონება და ემოციები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან მსხვრევადია… ვიცი, რომ ბევრი ადამიანი გრძნობს თავს ასე და უბრალოდ იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. მოდი, ერთმანეთის გვერდით ვიყოთ. ჩვენი საყვარელი ადამიანების, მეგობრების, ოჯახისა და უცხო ადამიანების გვერდით. ვიყოთ უბრალოდ ადამიანების გვერდით… მოდი, ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ მაშინაც კი, როცა ეს რთულია. ერთად უკეთესები ვართ,” – წერს მოდელი.
ჰეილი ბიბერი არ ასახელებს კონკრეტულ მიზეზს, რამაც მისი პრობლემები გამოიწვია. თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იგი განსაკუთრებული დაკვირვების ობიექტად იქცა სავარაუდო კონფლიქტის გამო სელენა გომესთან, რომელიც წარსულში მოდელის მეუღლეს, ჯასტინ ბიბერს ხვდებოდა.
ყველაფერი თებერვალში დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰეილი ბიბერი სელენა გომესის დაცინვაში დაადანაშაულეს. მარტში გომესი და ბიბერი წერდნენ, რომ ონლაინ კონფლიქტი უკვე უკონტროლო გახდა. გომესმა ფანებს მოუწოდა, შეეჩერებინათ ჰეილის ბულინგი მას შემდეგ, რაც ბიბერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარებს იღებდა.
მოდელმა შემდეგ მადლობა გადაუხადა გომესს დახმარებისთვის და დაწერა: „ბოლო რამდენიმე კვირა ძალიან რთული იყო ყველასთვის. მილიონობით ადამიანი ხედავს დიდ სიძულვილს, რაც უკიდურესად მავნეა. მაშინ, როცა სოციალური მედია ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების საოცარი გზაა, ასეთი მომენტები, ერთად ყოფნის ნაცვლად, ადამიანების დაყოფას იწვევს.”