მისი ელიოტის წარმატების უკან ყოველთვის იდგა მისი მოტივაციის წყარო – დედა. რეპერმა სოციალურ ქსელში გაამხილა, რომ მისი სურვილი, დახმარებოდა დედას, რომ თავი დაეღწია ძალადობრივი ურთიერთობისგან, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც მან მუსიკალურ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება მიზნად დაისახა.
ელიოტმა პოსტი ერთ-ერთი ფანის კითხვის საპასუხოდ დაწერა, რომელიც ამბობდა, რომ რეპერის შესახებ დოკუმენტური ფილმის ხილვას ისურვებდა: „მინდა ვიცოდე, თუ რა გახდა მისი შთაგონება და რამ განაპირობა ის, რომ იგი ურყევად რჩება მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში.”
თუმცა დოკუმენტური ფილმის ნაცვლად, კითხვის ავტორმა პასუხი პირდაპირ მისი ელიოტისგან მიიღო. „მე ჩემამდეც ბევრი ძლიერი ქალი მინახავს ამ ინდუსტრიაში. დედაჩემი იყო ძალადობრივ ურთიერთობაში და მე ვუთხარი მას, რომ ამას შევძლებდი, ამ სიტუაციიდან დავიხსნიდი და მას აღარასდროს მოუწევდა მუშაობა. ესაა, რაც მე წინ წასვლის ძალას მაძლევდა” – დაწერა რეპერმა.
მისი ელიოტი ნამდვილად გახდა მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჰიპ-ჰოპ არტისტი. იგი ოთხი გრემის მფლობელია. ჯამში მას ბილბორდის „ცხელი ასეულის” 10 ჰიტი, ხოლო ბილბორდის 200 ალბომის ტოპ ათეულის 5 ალბომი აქვს გამოცემული.
ელიოტი მოძალადე მამაზე აქამდეც ხშირად საუბრობდა. 2003 წელს The Guardian-თან ინტერვიუში რეპერმა თქვა, რომ მამამისი დედამისს თითქმის ყოველდღე სცემდა და ერთხელ მათ იარაღიც კი დაუმიზნა. „მამაჩემი მოძალადე იყო. დედაჩემისთვის კი ძალიან რთული იყო მისი მიტოვება, რადგანაც ხანგრძლივად ვიყავით მასზე დამოკიდებული. ხანდახან ძალადობასაც ეჩვევი.”
როცა მისი ელიოტი 14 წლის იყო, დედამისი საბოლოოდ დაარწმუნეს ოჯახის წევრებმა, რომ ქმარი მიეტოვებინა. „Როცა სახლიდან წამოვედით, დედაჩემმა მერე გაიაზრა, თუ რამდენად ძლიერი იყო დამოუკიდებლად და ამან მეც გამაძლიერა,” – ამბობდა რეპერი.
ნახეთ მისი ელიოტის პოსტი
I seen many strong women in the industry be4 me that made it through🙌🏾 & my mom was in a abusive relationship so I told her I would make it so I could get her out of that situation & I would make sure she’d never have to work again that’s what really kept me going🙌🏾💜 https://t.co/JHDvBysNbE
— Missy Elliott (@MissyElliott) April 24, 2023